"ვფიქრობ, ასე და ამდენს ვერც ნოსტრადამუსი ხედავდა და ვერც ვანგა" - რას ყვება ლელა კაკულიაზე მამაკაცი, რომელიც ქართველ წინასწარმეტყველს 15 წელია იცავს

"ვფიქრობ, ასე და ამდენს ვერც ნოსტრადამუსი ხედავდა და ვერც ვანგა" - რას ყვება ლელა კაკულიაზე მამაკაცი, რომელიც ქართველ წინასწარმეტყველს 15 წელია იცავს

"ვანგას მასთან მისული ერთ-ერთი ქართველი პროფესორისთვის უთქვამს: ჩემთან რატომ მოდიხართ? საქართველოში გყავთ ქალი, - ლალა, ლილე, ლალუ, - ასეთი ბგერებისგან შედგება მისი სახელი, რომელიც ახლა ერთ პატარა სახლში ცხოვრობს, არადა, მთაზე, დიდ სასახლეში უნდა იყოს დაბინავებული", - ამბობს დავით კვირკველია, რომელსაც ქართველ წინასწარმეტყველ ლელა კაკულიასთან უკვე 15 წელზე მეტია ყოველდღიური ურთიერთობა აქვს, რასაც თავად ღმერთის დიდ საჩუქრად მიიჩნევს. ის არა მარტო მისი პირადი დაცვა, წინასწარმეტყველის ნდობით აღჭურვილი პირია. როდესაც ბატონ დავითს საკუთარი თავის წარდგენა ვთხოვეთ, საუბარი ასე დაიწყო:

- მეგრელი ვარ დედით და მამით, - ეს ჩემთვის უმთავრესი რამ არის და მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი! მყავს მეუღლე - ნატო ტაბატაძე, ორი მცირეწლოვანი შვილი, - ნინო და გიორგი (სკოლის მოსწავლეები). ქალბატონთან 15 წელიწადზე მეტია, რაც ვმუშაობ.

- როგორ აღმოჩნდით ქალბატონ ლელას სამსახურში?

- მანამდე ერთ-ერთი ცნობილი კაზინოს დაცვაში ვმუშაობდი, სადაც ებრაელები ისრაელიდან ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე. მორიგი ჩამოსვლისას მითხრეს, რომ ლელა კაკულიასთან უნდა წასულიყვნენ და მანქანით მე უნდა მოვმსახურებოდი. მაშინ ქალბატონის ფენომენალური უნარის შესახებ მხოლოდ გაზეთიდან ვიცოდი და ნანახიც არ მყავდა. იმხანად საქართველოში ისრაელიდან თუ ვინმე ჩამოდიოდა, ყველა თემურ იაკობაშვილს ეძებდა, ის საგარეო საქმეთა სამისტროში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, უნიჭიერესი კაცია, ებრაელი და აქ მასზე კარგად ივრითი მაშინ არავინ იცოდა, ამიტომ, ბატონი თემური იყო ყველას თარჯიმანი. მოკლედ, მასთან და იმ სტუმრებთან ერთად, ქალბატონს ვეწვიეთ და სწორედ მაშინ ვნახე და გავიცანი პირველად ლელა კაკულია.

იქ მისულს, უამრავი ცნობილი ადამიანი დამხვდა, მათ შორის, მაღალჩინოსნები, მუსიკოსები, მსახიობები, რომლებიც მასთან აუდიენციას ელოდებოდნენ, რაც ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. იმ პერიოდში ეკლესიური გახლდით და აქტიურად ვიყავი წირვა-ლოცვაში ჩართული. მამა აკაკი (მელიქიძე) იყო ჩემი მოძღვარი და ამიტომ ვუთხარი, ქალბატონი ლელა გავიცანი-მეთქი. მერე მამაოსგან კურთხევა ავიღე, რომ პირადად შევხვედროდი. მამა აკაკიმ მითხრა, მამაჩემის (მეუფე კონსტანტინე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი) უბის წიგნაკში წაკითხული მაქვს, რომ არის ქართველი ქალბატონი, რომელიც ნათელხილვისა და წინასწარმეტყველების უნარით არის დაჯილდოებული და მას ლელა კაკულია ჰქვია. მოკლედ, მამაომ კურთხევა მომცა და მითხრა, წადი და მერე მეც გამაცანიო. ასეც მოვიქეცი...

იხილეთ ვიდეო: ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება კრიმინალზე, საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტიკოსების ახალ ტალღაზე

- ქალბატონ ლელასთან პირისპირ შეხვედრისას რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?

- ასე თუ ხედავდა ყველაფერს, ვერც კი წარმოვიდგენდი, გავოცდი. გიყურებს და აბსოლუტურად კითხულობს შენს წარსულსა და მომავალს. ერთი შეკითხვა მაწუხებდა და იმ შეკითხვით მივედი, მაშინვე ყველაფერში გამარკვია... მოგვიანებით ქალბატონმა თავისთან სამუშაოდ მიმიწვია, დავრჩი კიდეც და მას მერე აქ ვარ. მე დაცვის პოლიციიდან ვარ მოვლენილი - ობიექტი - ლელა კაკულია, რომელსაც ვიცავ... მაგრამ ამ წლების მანძილზე ოჯახთან ისე დავახლოვდი, რომ ერთმანეთთან უკვე ნათელმირონიც გვაკავშირებს, დავნათესავდით. ქალბატონი ლელა ჩემი შვილების ნათლიაა...

- ტაძარში წირვა-ლოცვებზე აღარ დადიხართ?

- ეს უკვე ვეღარ ხერხდება, ქალბატონს ვეღარ ვტოვებ, რადგანაც ბევრი რამ სჭირდება. ეკლესიურობა კი იმას ნიშნავს, რომ წირვა-ლოცვას მუდმივად უნდა ესწრებოდე, მარხვებს იცავდე, მაგალითად, მძიმე მარხვაში რომ დაიჩოქებ, 49 დღე მეტანიებში უნდა გაატარო. ამისთვის დრო, ხომ გითხარით, აღარ მრჩება. ეკლესიაში ახლა ქალბატონთან ერთად დავდივარ, ისიც წირვა-ლოცვა რომ დასრულდება, მერე, იმიტომ, რომ წირვაზე ხალხი შემოეხვევა ხოლმე და შეკითხვებს უსვამს, რითაც ეკლესიაში, მოძღვარს, რომელიც იმ წუთებში ლოცულობს, ხელი ეშლება. ლელა კაკულიას მოძღვარი მამა ფარნაოზია, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიიდან...

- როგორ მიმართავთ ქალბატონ ლელას?

- "მამულია"... ქართულად "დედილოს" ნიშნავს. ეს სახელი მას თემურ იაკობაშვილმა შეარქვა. ეს ბატონი თემურის სწორი მიგნება იყო, რადგანაც ის ამ ადამიანის მიმართ დიდი სიყვარულით არის განწყობილი. სხვანაირად არც შეიძლება, ის ხომ სითბოს აფრქვევს. ''ლელათი'' ვერ გავბედავ, ვერ მივმართავ და ვერც მოვიხსენიებ... მასთან მოსვლა ყველას უყვარს, რომ მოდიან, აქ ისეთი გარემო ხვდებათ, რომ წასვლა აღარ ახსენდებათ.

- ვინ არის ქალბატონი ლელას მეუღლე?

- სიმონ პატარაია. პატარაიები წარმოშობით ბანძიდან არიან, მაგრამ ბატონ სიმონს არ გაუმართლა და მისი წინაპრები გურიაში გაჩდნენ, სოფელ ლესაში, თუმცა თვითონ თბილისში, ტვერელის ეკლესიის მახლობელ ეზოში გაიზარდა. ის თელასის თანამშრომელია, კაცი, რომელიც ყველა ოჯახში სინათლეს ტოვებს, სადისპეჩეროს წამყვანი ინჟინერია. უპატიოსნესი და უწესიერესი ადამიანია. სამი შვილი ჰყავთ - შოთა, ლევანი და თამარი, ასევე შვიდი შვილიშვილი. თითოეულ მათგანს უდიდეს პატივს ვცემ.

- როგორც ვატყობ, თქვენ აქ არა მარტო წინასწარმეტყველის პირადი დაცვს, კიდევ სხვა ფუნქციასაც ითავსებთ.

- კი, ეს ფუნქციები თვითონ შევითავსე, სხვანაირად არ გამოდის. ოჯახში რაც არის საჭირო, ყველაფერს ვასრულებ. ვინაიდან გემრიელი კერძების მომზადება მიყვარს, მზარეულობასაც მე ვუძღვები.

- როგორც მეგრელი, ალბათ, უფრო მეგრულ კერძებს ამზადებთ...

- არა მარტო, თუმცა საუკეთესო ღომი, ელარჯი და ხარჩო გამომდის, ასევე ქაბაბი, მაყალზე შემწვარი მწვადი, კატლეტი, ხაჭაპური, ფხალეული და წვნიანებიც. ევროპული საჭმელები არ ვიცი.

- სახლში სხვა დამხმარე არავინ მუშაობს?

- დამლაგებელი გვყავს, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და გენერალურად ასუფთავებს ყველაფერს. ადრე მზარეულებიც გვყავდა, მაგრამ ვერ ვისვენებდი, მუდმივად მათი კონტროლი მიწევდა. მოკლედ, ის ადამიანები რომ არ შემეწუხებინა ჩემი ჩაკირკიტებით, მერჩივნა, კერძები თავად მომემზადებინა და ჭურჭელიც თავად გამერეცხა. ახლა ყველაფერს ჩემს გემოზე ვაკეთებ... მოკლედ, თუ ქალბატონ ლელას ვუმზადებ, ბატონ სიმონს ვერ მოვუმზადებ? ბაზარშიც დავდივარ, პროდუქტს თავითონ ვარჩევ.

შეიძლება ითქვას, რომ დილიდან დაღამებამდე აქ ვარ, რადგანაც ჩემს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს ქალბატონი, ექიმის დანიშნულებაც მე უნდა დავალევინო. მითხრა, შაბათ-კვირას დაისვენეო, მაგარმ ამ დღეებშიც ვერ ვაძლევ თავს ბოლომდე მოშვების უფლებას, რადგანაც უნდა ვნახო, - რას ჭამს, რას სვამს და როგორ არის.

- გურმანია?

- ახლა 30 კილო დაიკლო. ერთი წლის წინ გლანდების ოპერაცია გაიკეთა და ცოტა გაუჭირდა. იმის მერე მცირე კვებაზე გადავიდა და ეს დრო გასახდომად გამოიყენა. თუმცა გურმანია და ქართული კერძები ძალიან უყვარს.

- თვითონაც გამოსდის ეს საქმიანობა?

- როგორ არა, მაგრამ მისი მზარეულობა არ გვინდა, მაგაში როგორ დავხარჯოთ? სულ წერს, წინასწარმეტყველებს, ამიტომ, ხელშეწყობა უნდა. თუმცა დედაა, ბებია და ცხადია, შვილებსა და შვილიშვილებს, როგორც შეუძლია, დროს უთმობს. გარდა ამისა, კიდევ ორი ოპერაცია გადაიტანა... ამიტომ, ჯობია, სადილი მე გავაკეთო. ჰოდა, უზბეკურ ფლავს რომ მოვამზადებ, ალბათ ისე მომზადება, თავად უზბეკს გაუჭირდება. ქალბატონმა, რამდენიმე დღის წინ, ასეთი ინფორმაცია მოგვახსენა, რომ შავ ზღავზე ომები დაიწყება, 6 ამერიკული გემი შემოვა და მათ გადაადგილებაზე წვრილად ილაპარაკა. თურქები და რუსები რომ იომებენ, ჯერ არ იციან, ლელა კაკულიას ეს ნათქვამი აქვს და საიტზეც დევს ეს ინფორმაცია.

- ყოველდღე აკეთებს მსგავს პროგნოზებს?

- ხანდახან ინფორმაცია მოძალებულად აქვს, ისეც ხდება, როცა თვითონ უნდა, მაშინ იწინასწარმეტყველებს, რადგანაც ასეთი დაიბადა. ვფიქრობ, რომ ასე და ამდენს ვერც ნოსტრადამუსი ხედავდა და ვერც ვანგა, უბრალოდ ის არის, რომ ჩვენი ლელა კაკულია თანამედროვეა და ზოგიერთს მისი ფენომენის აღიარება და ამ ყველაფრის დაჯერება უჭირს. ეს ხდება ხოლმე ყოველთვის.

- ჭირვეული არ არის?

- ნერვები ეშლება უმსგავსობაზე, უნამუსობაზე, შურზე, ბოროტებაზე, რადგანაც ადამიანებში ამას ხედავს. ის ხომ ყველას შინაგანად შიფრავს. ზოგადად კი, ხომ გითხარით, რომ თბილი ადამიანია. სულ სიკეთის კეთება უნდა. ამდენი რამ აქვს ნაწინასწარმეტყველები, წიგნებად გამოცემული და ერთეულების გარდა, ვინ არის დამნახავი?!

მაგალითად, თამარ მეფის გარდაცვალების მიზეზად ასახელებს, რომ მეფე მოწამლეს. ხედავს ხელს, რომელმაც საწამლავი მიაწოდა თამარს და ეს მისი ოჯახის წევრმა ჩაიდინა, ოღონდ, თასი ვითომდაც წამლის სახით იყო მიწოდებული, მეფემ დალია, რადგან ავად გახლდათ, მაგრამ მალევე გარდაიცვალა. ასევე ამბობს, თუ სად არის დასაფლავებული: გორაკზე დგას პატარა ეკლესია, რომელსაც ქვის გალავანი აქვს და ქონგურებჩამტვრეულია. თუ დაინტერესდებიან, შეუძლია, თქვას უფრო კონკრეტულად, სად არის ის გორაკი, რომ ზუტად მიანიშნოს.

- როგორ აფასებთ ქალბატონ ლელასთან გაწეულ სამსახურს თქვენს ცხოვრებაში? რა არის ეს 15 წელი თქვენთვის?

- წესიერი ბავშვი ვიყავი, 90-იანი წლებმა, ქუჩამ, უბანმა, ფეხბურთელობამ, ფიზკულტურის ინსტიტუტმა, ოჯახმა, წლებმა თავისი გავლენა იქონია, მაგრამ აქ გატარებული პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. ამხელა ადამიანთან სიახლოვის უფლება ღმერთმა მომანიჭა და ამით დამაჯილდოვა. წარმოიდგინეთ, ერთი მეგრელი ამდენ მეგრელს შორის გამომარჩია. თან, ჩვენი გვარები რაღაცით ჰგავს ერთმანეთს... თავად ქალბატონი ორთაჭალაში დაიბადა, მისი მამა შეძლებული კაცი იყო, ტყავის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი, ბაბუა კიდევ უფრო შეძლებული ჰყავდა, - ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკის დირექტორი. ჰოდა, ამ ოჯახში ასეთი ფენომენალური უნარის მქონე ადამიანი დაიბადა. დედა გურული კი იყო, შარაშენიძე, მაგრამ მისი წინაპრები ყვარელში იყვნენ ჩასახლებულები. მისი ბაბუა ყვარლის მაზრის გამგებელი ყოფილა, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. ქალბატონ ლელას ბავშვობა დედულეთში აქვს გატარებული და იქაურობა ძალიან უყვარს.

მოკლედ, ერთი რიგითი ქართველი ვარ, არავისგან გამორჩეული, მაგრამ ბედმა ასე გამიღიმა, რომ ვარ ლელა კაკულიას წარმომადგენელი ყველაფერში, მისი ნდობით აღჭურვილი პირი. ამ კედლებს მიღმა ცხოვრება მიდის თავის კალაპოტით, აქ კი სხვა სამყაროა, სადაც ქალბატონის წყალობით, ყველაფერი წინასწარ ვიცით, რა მოხდება, ანუ ის, რაც შემდეგ მემატიანემ უნდა დაწეროს...

- არ იღლება?

- როგორ არა, ხანდახან ამბობს ხოლმე, რომ ტყეში მინდა ვიცხოვრო, რომ ვიყო მშვიდად, წყნარად და ვწერო ჩემი წინასწარმეტყველებები. მართალია, არაჩვეულებრივი შვილები მყავს, რომლებთანაც ძალიან ცოტა დროს ვატარებ, ხანდახან ვერც ვნახულობ, რადგან სახლში რომ მივდივარ სძინავთ, რაც ძალიან მაწუხებს, მაგრამ რა ვქნა, ქალბატონს ყურადღებას ვერ ვაკლებ... ურეკში აქვს სახლი, სადაც ჩადის ხოლმე, ეზოში ულამაზესი მცენარეები ხარობს და ამბობს, რომ ისინი ლაპარკობენ, რომლის გაგება ადამიანებს არ შეუძლიათ. ამბობს, რომ ზღვის ნაპირზე, სადაც სეირნობა უყვარს, ქვებიც მელაპარაკებიანო.

წარმოიდგინეთ, ადამიანს ესმის ხატებზე გამოსახული წმინდანები და უფალი რას ლაპარაკობენ... ზოგჯერ ხატი გეფერება, ზოგჯერ გაფრთხილებს, ან გტუქსავს. ხომ გეუბნებით, მას აქვს უნარი, ეს ყველაფერი, რაც სხვებისთვის წარმოუდგენელია, გაიგოს.

- როგორც შევიტყვე, წინასწარმეტყველების უნარი ქალბატონ ლელას უმცროს შვილსაც აქვს. რას გვეტყვით ამაზე? (იხილეთ ვიდეო: ვინ არის ლელა კაკულიას ქალიშვილი)

- თაკო ახლა უცხოეთში, უნივერსიტეტში სწავლობს, სკოლის ბოლო ორი კლასიც კემბრიჯის კოლეჯში გაიარა. ახლა საერთაშორისო პოლიტიკას ეუფლება და საქართველოს პოლიტიკაში საჭირო დროს ჩაერთვება, ჯერ ამისთვის ასაკი არ აქვს, პატარაა. ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი გახდება. თაკო ქალბატონმა 43 წლისამ გააჩინა, იმ დღეს, როცა ვანგა გარდაიცვალა... ბავშვობიდან გამოირჩეოდა პროგნოზირების უნარით და თავის დროზე ის პოლიტიკურ სარბიელზე მოვა და საქართველოს დიდებას მიიყვანს იქ, სადაც უნდა მივიდეს. რატომ ვამბობ ასე დარწმუნებით, იმიტომ, რომ ეს ქალბატონმა თქვა და მისი ყველა წინასწარმეტყველება სრულდება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

3 შემთხვევა, რომლის დროსაც სწრაფი სესხი შეგიძლია გამოიყენო

გამოვლინდა ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 195 პირი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია ვითარება რეგიონებში

"დღეს გაიარა პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც "ენკას" მუშები ისხდნენ, ეს პოლიციის ფუნქცია არ არის" - ახალი ცნობები რიონის ხეობიდან