თანამედროვე თბილისის არქიტექტურა - კონტექსტიდან ამოვარდნილი შენობები და კომერციას შეწირული ქალაქის ესთეტიკა

თანამედროვე თბილისის არქიტექტურა - კონტექსტიდან ამოვარდნილი შენობები და კომერციას შეწირული ქალაქის ესთეტიკა

"ხელოვნება რთულია, ის არ არის გართობა," - ეს სიტყვები ცნობილ გერმანელ თანამედროვე მხატვარს ანსელმ კიფერს ეკუთვნის. დიახ, ხელოვნება რთულია და მისი სირთულე განაპირობებს მის "გამოყენებადობას". ეს გამონათქვამი ყველაზე სრულყოფილად არქიტექტურაში ვლინდება", - ამბობს არქიტექტორი და პედაგოგი ალექსანდრე ჩუბინიძე, რომელთანაც თანამედროვე თბილისის არქიტექტურაზე ვისაუბრეთ.

- სიახლე, პროგრესი ქალაქის არქიტექტურაში აუცილებელი და გარდაუვალია, მაგრამ ვფიქრობ, იმ სიახლის დანერგვა, რაც ახლა მასობრივად მიმდინარეობს, თბილისის იერსახეს აბსოლუტურად სცდება, მეტიც, ამახინჯებს.

- თბილისს, თავისი არც ისე ხანმოკლე ისტორიის განმავლობაში, არქიტექტურულ კონტექსტში თუ განვიხილავთ, ყოველთვის იყო ერთგვარი არქიტექტურული ქმედების ველი და არა მხოლოდ შენების, ნგრევის, დეკონსტრუქცია-რეკონსტრუქციის, გარდასახვა-ფერისცვალების კუთხით. თბილისი - კულტურათა და რელიგიათა გადაკვეთის წერტილი ყოველ ეპოქაში არქიტექტურულ ჭრილში რაიმეს დაიმჩნევდა, დაწყებული გვიან ანტიკური ეპოქის უმწირესი ნარჩენით, გაგრძელებული საბჭოთა ეპოქის მოდერნისტული თუ სოციალური პროექტებითა და დასრულებული 90-იანების სტიქიური და ქაოტური მშენებლობებით თბილისმა თავის სხეულზე ასახა ისტორია. სათქმელი აქ ერთია, როგორია დღევანდელი თბილისის არქიტექტურულ პორტრეტი?

- როგორია?

- დამოუკიდებლობის მოპოვებამ და სახელმწიფოში ახლადკონსტრუირებულმა საბაზრო ეკონომიკამ პირდაპირი კვალი დააჩნია თბილისურ არქიტექტურას, ყოველგვარ გეგმაზომიერებას მოკლებულმა სტიქიურმა სამშენებლო კატასტროფამ ადგილი დაუთმო ბოლო ათწლეულის გიგანტომანიურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ნაშენებს, თბილისმა საბოლოოდ და შეუქცევადად დაიწყო ფერიცვალება როგორც მასშტაბურ, ასევე ესთეტიურ სახისმეტყველებით ჭრილში. უკანსაკნელ წლებში ყოველგვარი განახლებული გენერალური გეგმისა და დამატებითი სპეციალური დოკუმენტაციების, სათანადო კვლევებისა და შესაბამისი ღონისძიებების ჩატარების გარეშე ქალაქში იბადება სხვადასხვა მასშტაბისა თუ ფაქტურის, სტილისტიკურად მრავალფერადი და ყოველგვარი კონტექსტიდან ამოვარდნილი ნაგებობები. ეს, რაც შეეხება წმინდა ესთეტიურ ჭრილს...

სხვა საკითხია ნაშენის ხარისხი, მდგრადობა, ეკოლოგიურ თუ სანიტარულ ტექნიკურ პირობებთან აუთენტურობა, ნაგებობათა ინსოლაცია თუ ბუნებრივი აერაცია. უმთავრეს მიზნად ფართობის გაყიდვადობა, კომერციულობა დადგა, ირღვევა პროექტირების არაერთი ნორმა, რომელთა დაცვის უმთავრესი ფუნქცია - შენობაში მობინადრეთა თუ მომუშავეთათვის ჯანსაღი, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა.

- მომრავლდა შუშის შენობები. თბილისელების განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს თაბუკაშვილის ქუჩაზე წამოჭიმული მრავალსართულიანი შუშის შენობა, რომელიც "უცხო" სხეულივით არის თბილისი გუში ჩასობილი... რამდენად გამართლებულია იმ ადგილზე მისი აგება, მხატვრული თვალსაზრისით, რა ღირებულება აქვს და რამდენად გამძლე, მედეგია მსგავსი ნაგებობები?

- ყველაზე სახასიათო ნიმუში ახალთბილისურ ნაშენთა შორის ესთეტიურ კონტექსტში - თაბუკაშვილის ქუჩის მინის ვერტიკალია, მისი არქეტიპული სხეული იმაზე მეტს მოგვითხრობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამ ნაგებობაში ერთიანდება ყველა პრობლემატური საკითხი, რომელიც შესაძლოა, არქიტექტურამ წარმოშვას. მასშტაბი, სილუეტი, კონტექსტი, ფაქტურა, ფორმა, ფუნქცია, ადგილთან მორგებულობა, თბილისის სივრცული ისტორიის გაგრძელება... აქტუალური კითხვაა - შესაძლებელია თბილისში ცათამბრჯენების აშენება? დიახ, შესაძლებელია, მაგრამ საკითხავია როგორი სახით, როგორი ფორმით და როგორი მიდგომით. "იმელის" შენობის უკან აგებული ვერტიკალი ყველაზე კარგი მაგალითია, თუ როგორი პროექტი არ უნდა ხორციელდებოდეს თბილისში (და არა მხოლოდ თბილისში) კონტრასტი არქიტექტურული ხელობის ერთ-ერთი ბერკეტია, თაბუკაშვილის ქუჩაზე აღმართული ფსევდო ცათამბრჯენი კი ანტიკონტრასტია, რკინაბეტონის უმძიმეს კარკასს მინით ფუთავენ და ამით ახდენენ ე.წ. თანამედროვე არქიტექტურის იმიტაციას. თბილისური ახალი არქიტექტურის შინაარსობრივ კონტექსტს ხომ მუდამ თან სდევს იმიტაცია...

- დედაქალაქის ცენტრი ივსება ზოგადად ახალ-ახალი შენობებით, საცხოვრებელი კორპუსები ისე მჭიდროდ არის ერთმანეთთან ნაგები, რომ ვფიქრობ, ყველა ნორმა დარღვეულია. საილუსტრაციოდ, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია გამოდგება.

- თბილისში არსებობს სხვა სამაგალითო განაშენიანების არაერთი ეტალონიც, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მათგან ყველაზე ნიშანდობლივი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებაა, ესთეტიკურ ნიშანს რომ თავი დავანებოთ, უმთავრესი პრობლემა ამ ახალი უბნის, მისი არანორმალური სტრუქტურაა, დარღვეულია ყოველი სანიტარულ-ტექნიკური ნორმა, ამის აღწერისას გამოგვადგება ერთი მოქნილი გამონათქვამი - უ რ ბ ო ც ი დ ი!

- მოკლედ, ქალაქი არათანაბრად ვითარდება.

- ქალაქის ქსოვილის არათანაბრად განვითარება, განაშენიანებულ მასივთა არაგეგმაზომიერად გადანაწილებული ინტენსივობა, სატრანსპორტო პრობლემებს და შესაბამისად, მასთან თანდართულ არაერთ თავსატეხს წარმოშობს, უმთავრესად კი ეკოლოგიურსა და ეკონომიკურს. "კომერციულად მომგებიან" მშენებლობების ხარჯზე ქრება ქალაქის მწვანე სივრცეები, დედაქალაქი საკუთარ სხეულში ტყვედქმნილ ცოცხალ ორგანიზმს ემსგავსება.

სხვა საკითხია, ესთეტიური საკითხი, ყოველგვარ გადააზრებას მოკლებულად, თბილისში აღმოცენდება ახალ-ახალი აქცენტები ახალნაშენების სახით, ახალი ნიშნები, რომლებიც მართალია გაუთვითცნობრიებლად, მაგრამ მაინც აქტიურად მოქმედებს მოქალაქეთა შეგრძნება-შემეცნებაზე, იბადება ახალი ხატები, რომლებიც ეტალონურ-იდეურ მენტორის ფუნქციას ითვისებენ, ეს არის კიდევაც არქიტექტურის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება. სწორედ ამ უკანასკნელ საკითხში ჩვენი კოლეგების მხრიდან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

- რადგანაც თბილისი ისტორიული ქალაქია...

- დიახ, და შესაბამისად მასზე უფაქიზესად უნდა იმუშაოს ხუროთმოძღვარმა, შეუძლებელია ძველ ქალაქში ძველის იმიტაცია, ასევე დაუშვებელია აქტუალური "თანამედროვე" ფორმებით თამაშიც, მით უმეტეს, კვლევისა და მეცნიერული შესწავლის გარეშე. არქიტექტურა ეს მხატვრული ტექსტის თავისებური ნაირსახეობაა, არქიტექტორი ესაა მწერალი, თუნდაც მთარგმნელი, რომელიც ისტორიას გაიაზრებს და ჭეშმარიტებას არქიტექტურის ენაზე გამოხატავს.

- რა არის ნამდვილი არქიტექტურა?

- ნამდვილი არქიტექტურა ყოველთვის იყო, არის და იქნება საზოგადოებისთვის ამოუხსნელი ამოცანა. არქიტექტორი ვალდებულია, დააკმაყოფილოს საზოგადოების ყოფითი მოთხოვნილებები, მაგრამ ამასთან, ვალდებულია იმუშაოს არქიტექტურაზე - როგორც კაზმული ხელოვნების ნაწარმოებზე და "გამოზარდოს" საზოგადოება. ეს დარგი რთულია და ვერ იქნება გასაგები საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მაგრამ ისევე როგორც ღვინოს, არქიტექტურასაც დაძველება სჭირდება. სწორედ ისტორია და ისტორიის მიერ დაჩნეული ანაბეჭდები ქმნის არქიტექტურას და არა მხოლოდ ხუროთმოძღვრის ფარგალი. სწორედ ისტორია აყვარებს ან აძულებს შენობას საზოგადოებას... ამიტომ, სპეციალისტი ვალდებულია, საზოგადოების გემოვნებას კი არ მოარგოს თავისი შემოქმედება, არამედ მიზანმიმართულად იმუშაოს საზოგადოების გემოვნების მუდმივი ზრდისათვის.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ფოტო:  Robbie RG commercial

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია