"თვითონ გამოუტანა თავს განაჩენი, დააკლა თავი..." - ნინო ორდენიძე ოქროყანის ტრაგედიასა და ლევან გვაზავასთვის შეფარდებულ გირაოზე

"თვითონ გამოუტანა თავს განაჩენი, დააკლა თავი..." - ნინო ორდენიძე ოქროყანის ტრაგედიასა და ლევან გვაზავასთვის შეფარდებულ გირაოზე

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ლევან გვაზავას სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რამდენიმე დღის წინ იმსჯელა. გვაზავამ გირაო 20 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. პროცესზე ბრალდების მხარე 20 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა და როგორც პროკურორი აცხადებდა, არსებობდა ლევან გვაზავას მხრიდან საქმის მოწმეებზე ზეწოლის ალბათობაც. ლევან გვაზავამ კომენტარი სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, მომხდარი ფაქტი მისი და მისი ოჯახის ტრაგედიაა და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ბრალს წაუყენებს მას პროკურატურა და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო.

საქმე, რომელზეც ყოფილ მაღალჩინოსანს გირაო შეეფარდა, ოქროყანაში 2015 წლის 28 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. პროკურატურის ინფორმაციით, ლევან გვაზავა მეგობრებთან ერთად "მერსედესის" მარკის ავტომანქანით სოფელ პანტიანიდან თბილისში ბრუნდებოდა. გზაში მისი კუთვნილი "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა, რის შედეგადაც გვაზავას დეიდაშვილი რევაზ კალომლეწავი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა თავის არეში, რის შემდგომაც გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. 29 აგვისტოდან რამდენიმე კვირის განმავლობაში პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

განაჩენთან დაკავშირებით AMBEBI.GE ლევან გვაზავას მეუღლეს, ყოფილ მოდელ ნინო ორდენიძეს დაუკავშირდა: "არ ველოდი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, განა იმიტომ რომ კოდექსები არ ვიცი, უბრალოდ, ეს იყო ტრაგედიათა შორის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს. იმ დროს როცა ყაჩაღებს და ტერორისტებს ციხიდან უშვებენ, არ იყო საჭირო ამის გაკეთება. თვითონ ლევანი არის ამ საქმეში დაზარალებული. ამ თემის ამოწევა არასწორი ნაბიჯი იყო იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს გადაწყვიტა.

პროკურორი, რომელიც ბრალს კითხულობდა, პროცესზე თავჩაღუნული იჯდა. ითქვა, რომ გირაო იმიტომ შეუფარდეს, დაიმალება და დაზარალებულებზე იმოქმედებსო. ვინ მიიმალებოდა? თვითონ გამოუტანა თავის თავს განაჩენი, დააკლა თავი. ყველა დარბაზში იჯდა, რეზიკოს (გულისხმობს გარდაცვლილ რეზო კალომლეწავს) შვილი, ორივე ძმა, დედამისი ამერიკიდან რეკავდა, თუ რამეში საჭირო ვარ, აქ ვარო. თავიდან დაატრიალეს ჩვენს თავს ეს უბედურება. როგორია პოლიციის გენერალ-მაიორი, რომელიც 25 წელია ქვეყნის სადარაჯოზე დგას, იჯდეს ბრალდებულის სკამზე. წაუყენონ ბრალი და თან რა ბრალი? საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს უკავშირდება მის გააქტიურებას. არასწორი გათვლა იყო, კვირას ლევანმა "P.S"-ს მისცა ინტერვიუ და ოთხშაბათს დაიბარეს პროკურატურაში. შეიძლებოდა დაეცადათ და ორ დღეში არ წაეყენებინათ ბრალი. არაფრის არ ეშინიათ? ვიღაცას თუ ამ ტრაგედიის გამოყენება უნდა, ეს ძალიან ცუდი საქციელია. ყველამ კარგად იცოდა ლევანის მდგომარეობა, ის ოთხი თვეა სამსახურში დადის. თვენახევრის წინ ლევანი დაიბარეს პროკურატურაში და მისცეს საბუთები, მას შეეძლო ქვეყნის დატოვება. თუ მაშინ არ იმოქმედებდა მოწმეებზე, ახლა რატომ გახდა გენერალი კაცი საშიში? ვისზე უნდა ემოქმედა, ოჯახის წევრებზე?

- რატომ აპირებდით ქვეყნიდან გასვლას?

- ლევანს სჭირდება რეაბილიტაცია. ყბა-სახის ქირურგია კარგად ჩატარდა, მაგრამ საჭიროა რაღაც პროცედურების ჩატარება, ის რამდენიმე კვირის მანძილზე იყო ხელოვნურ აპარატზე შეერთებული და გვინდა პოსტ-რეანიმაციული პერიოდი გაიაროს. ეს არ იყო პროკურატურის გადაწყვეტილება. დაავალეს პროკურატურას "შეეშინებინა" ლევან გვაზავა, მაგრამ ძალიან სასაცილოა ეს.

- თავად როგორ იხსენებს იმ ღამის დეტალებს?

- ლევანს წინა დღეც არ ახსოვს. მან გლოკის იარაღით მიიყენა დაზიანება და დღემდე არ ლაპარაკობს ამ საქმეზე. ამაზე მეშლება ნერვები, რამდენიმე კაცმაცუნამ მიიღო გადაწყვეტილება - შეეშინებინათ ლევანი. ეს არ არის ის ადამიანი, რომელიც ვინმეს შეაშინებს. ლევანმა კარგად თქვა, ეს ჩემი პირადი ტრაგედიაა და თუ ვინმე ამას იყენებს, ეს მისი ტრაგედიააო.

- აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას?

- მე როგორც ვიცი, ჯერ არ გაუვლიათ ეს საკითხი. მე თვითონაც არ ვეკითხები არაფერს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია