ვინ ისარგებლა საქართველოში ვალუტის კურსის მერყეობით?

ვინ ისარგებლა საქართველოში ვალუტის კურსის მერყეობით?

ეროვნული ვალუტა პოზიციებს თვალსა და ხელს შუა იმყარებს: თუ რამდენიმე თვის წინ 1 დოლარის ღირებულება 2,5 ლარი იყო, დღეს უკვე 2,2334 ლარია.

შესაბამისად, სკეპტიკოსთა პროგნოზი, რომ 1 აშშ დოლარი სულ მალე 3 ლარი გახდებოდა, არ გამართლდა. ამ სიტუაციაში ჩნდება კითხვა - ვინ ისარგებლა ლარის მკვეთრი დევალვაციით, შემდეგში კი - მისი უეცარი გამყარებით? ექსპერტები ერთ რამეში თანხმდებიან - მოიგო იმან, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა და სრულ ინფორმაციას ფლობდა.

ავთო სილაგაძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: "როდესაც კურსი არასტაბილურია და მისი დევალვაცია ნახტომისებურად მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში ვერც ქვეყანა სარგებლობს და ვერც მოსახლეობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ბიზნესი, რომლისთვისაც არამყარი სიტუაცია იქმნება. ლარის სწრაფი დევალვაცია მხოლოდ იმათთვის იყო მომგებიანი, ვინც ამ პროცესზე ინფორმაციას ფლობდა, ამავე დროს, მყარი ვალუტა ჰქონდა და ყოველგვარ ხარჯს ლარში იხდიდა. ბიზნესისთვის არც სწრაფი გამყარებაა სასარგებლო და არც სწრაფი დევალვაცია. აქვე შეიძლება ითქვას, რომ ლარის ამჟამინდელი გამყარება დადებითი მოვლენაა, რადგან ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვს. ჯერჯერობით ეს ჩვენს ეკონომიკაზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ თუ ეს პროცესი ზომიერად, მიზანმიმართულად წარიმართება და ფასებზეც აისახება, მაშინ უკვე თამამად ვიტყვით, რომ ეს კარგია".

"თავისუფალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ლარის დევალვაცია მართული პროცესი იყო, რადგან ქავეყანაში ამ მასშტაბის გაუფასურების წინაპირობები არ არსებობდა.

"ამ პროცესით ისარგებლა იმან, ვინც იცოდა რა მოხდებოდა. შეიძლება ეს იყო ეროვნული ბანკი, მთავრობა, ან კომერციული ბანკები ანუ ვისაც ჰქონდა ინფორმაცია ლარის კურსის დაცემასა და შემდგომში - მის გამყარებაზე. მთავრობა და ეროვნული ბანკი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ კურსის ფორმირებაში, მაგრამ მარტო გიორგი ქადაგიძე კი არა, ქვეყნის ცენტრალური ბანკის საბჭო იღებდა მცდარ გადაწყვეტილებებს, რაც ლარის კურსზეც მოქმედებდა. ეს იყო მიზანმიმართული, მცდარი პოლიტიკა. ახლაც იგივე ხდება, ოღონდ, საპირისპირო მიმართულებით. ჩემი აზრით, ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რომ ლარის კურსს პოლიტიკური გადაწყვეტილებები აღარ განსაზღვრავდეს", - აღნიშნავს პაატა შეშელიძე.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია