ვინ არის ქალი, რომელიც 30 წელზე მეტია მაცხოვრის დატირებას გალობს

ვინ არის ქალი, რომელიც 30 წელზე მეტია მაცხოვრის დატირებას გალობს

საგალობელს, რომელიც საქართველოს ეკლესიებში წითელ პარასკევს იგალობება, ნაირა ნაჩხატაშვილი ასრულებს. ის უკვე 30 წელზე მეტია, რაც ტაძარშია და ერთადერთია, რომელიც მაცხოვრის დატირებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გალობს.

ვისაც ამ არაჩვეულებრივი, თბილი, კეთილი ქალბატონის გალობა მოუსმენია, განსაკუთრებით კი - "ვაი, რა კარგი საჩინო", რომელსაც ხალხი "ღვთისმშობლის დატირებას" ეძახის, არ შეიძლება, ამ დიდი მოვლენის მიმართ გულგრილი დარჩეს და მასთან ერთად არ დაელოდოს მაცხოვრის აღდგომას - დღეს, რომელსაც ყველაზე დიდი ბედნიერების, იმედისა და სიყვარულის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის.

გთავაზობთ ამონარიდს ქალბატონი ნაირას ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "თბილისელებში" 2016 წელს გამოქვეყნდა:

"ჩემი ძმები ძალიან მუსიკალურები არიან, ნიჭიერები და, ერთ-ერთ ძმას პირველად რომ მოვასმენინე "უფალო, იესო ქრისტეს" საგალობელი, მითხრა: რას შვრები, ნაირა, მთელ საქართველოს შენ ტირიხარო?" მას მერე მართლაც მთელ საქართველოს ვჭირდები - როგორც მიცვალებულებს, ასევე ცოცხლებს. რაც შეეხება "ვაი, რა კარგი საჩინოს", უწმიდესმა დაგვიბარა თავისთან. ძალიან მიყვარს ჩვენი უწმიდესი, ისეთი წმიდა და უძლიერესია!... უწმიდესს ძალიან უნდოდა, ხალხი ტაძარში დაებრუნებინა. ყველა კომპოზიტორს დაავალა, რომ დავით გურამიშვილის "ვაი, რა კარგი საჩინოზე" მუსიკა შეექმნათ. მერე მე დამიბარა: "მინდა, სოლო შენ შეასრულო და მოისმინეო". ერთი მოვისმინეთ, მეორე, მესამე... ლამაზი იყო, მაგრამ, არ იყო გოდება, რაღაც არ ეთანხმებოდა. ბოლოს მკითხა: "აბა, რას იტყვი, არ მოგეწონაო?", ვუთხარი, ჰარმონიები ძალიან გართულები აქვთ, არ არის ეს საჭირო, ეს ხომ დატირებაა, თან ქრისტესი-მეთქი. აბა, როგორო, - მკითხა.

ჩემი მგალობელი გოგონები იქვე იდგნენ: აბა, ბანი გამიჩერეთ-მეთქი და დავიწყე გალობა ისე, როგორც ახლა ისმენთ. ჰო, ეს არის ესო, - ბრძანა პატრიარქმა, - დღეიდან ამას შენ იგალობებო. მას მერე ბევრი წელია, ვგალობ. პირველად სიონში ვიგალობეთ. ამ გალობის დროს ცოცხალი აღქმა ხდება ჩვენთვის ნაწამები მაცხოვრის. მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მირჩევნია, სხვებმა ისაუბრონ ხოლმე, მაგრამ, თქვენ მოგიყვებით რამდენიმე მაგალითს: ერთხელ, მახსოვს, სტომატოლოგთან ვიყავი, ვიმკურნალე და ფული არ გადამახდევინა: ნაირა, პირველად ტაძარში რომ შევედი, ხატს შევხედე და ანგელოზის ხმა გავიგონე - შენ გალობდი და, აბა, რას მეუბნებიო... ლევან ცუცქირიძე ფრესკებს წერდა სიონის საკათედრო ტაძარში, მაშინ ახალბედა მგალობელი ვიყავი. გოგონები დღეებს ვინაწილებდით. ერთხელ, წირვის მერე მითხრეს, ლევან ცუცქირიძე გიბარებსო. მივედი და მეუბნება: რატომ არ იყავი, ნაირა, თანაც, სამი დღეო. რა არის, რაშია საქმე-მეთქი. სამი დღეა, ფუნჯი ვერ ავიღე ხელში... შენი გალობა რომ მესმის, ორ საათში მთელი კვირის საქმეს ვაკეთებო. მახარებს, ეს ფრესკები ჩემს გალობასთან თანხვედრაში რომ შეიქმნა..." - ამბობს "თბილისელებთან" ერთ-ერთ ინტერვიუში ნაირა ნაჩხატაშვილი.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

ანა ონიანი, რომელმაც ინფიცირების გამო, გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა, კონსერვატორიაში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა

ნინო სურგულაძის ოჯახური იდილია - ოპერის მომღერალი ტყუპების ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო