ვნების კვირის დიდი შაბათი

ვნების კვირის დიდი შაბათი

მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. სასულიერო პირები, გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძარს შემოატარებენ.

გარდამოხსნის შემოტარების წესს საღმრთო ლიტურგია მოჰყვება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს.

სახარების მიხედვით, დედებმა, რომლებიც მაცხოვრის დაკრძალვას ესწრებოდნენ, მოამზადეს ნელსაცხებელი, რათა მეორე დღეს იესოს სხეულისათვის წაეცხოთ. მღვდელმთავრები კი პილატესთან მივიდნენ და სთხოვეს, საფლავთან გუშაგნი დაეყენებინათ, რათა მოწაფეებს მისი გვამი არ მოეპარათ და ხალხისთვის არ ეთქვათ, – აღდგაო.

ძველი აღთქმის შაბათი, რომლის დაცვა განსაკუთრებული სიმკაცრით მოეთხოვებოდათ იუდეველებს, წინარესახე იყო ამ მადლმოსილი შაბათისა. მაგრამ ეს ღვთივნაკურთხი სიმშვიდე არ ეთანადება უქმად ყოფნას. ეკლესია ამ დღეს მოუწოდებს მორწმუნე მრევლს, ყველა აზრი და გრძნობა მიუძღვნან აღდგომის სასწაულის მოლოდინს. ამ დღეს აღარ იკითხება წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.

როდესაც იესო ქრისტეს სხეული საფლავში ესვენა, მისი სული ჩავიდა ჯოჯოხეთში და აცნობა გარდაცვლილთა სულებს თავისი გამარჯვება სიკვდილზე, გადმოიყვანა იქიდან სამოთხეში ის სულები, რომლებიც იმედით ელოდნენ მის მოსვლას.

სატანა დამარცხებულია – ის ვერ მიხვდა, თუ ვინ სტუმრობდა იმ დღეს მის სამეფოს, რადგან თვლიდა, რომ ქრისტე ოდენ ადამიანია და საცაა დადგება ბოროტების ზეობის ჟამი: კაცობრიობის მიერ ამდენი საუკუნის განმავლობაში ნალოდინევმა ზეცით მოვლენილმა მესიამ, არათუ ვერ დააფუძნა საკუთარი სამეფო, არამედ უარყოფილიც აღმოჩნდა ხალხისაგან; ყველაზე სამარცხვინო და მტანჯველი სიკვდილიც ერგო და ახლა ისიც ჯოჯოხეთის ძალების ქვეშ აღმოჩნდება. მაგრამ ქრისტე ჯოჯოხეთში ჩავიდა არა მხოლოდ როგორც ადამიანი, არამედ როგორც ღმერთი, არა როგორც სიკვდილისა და სიბნელის მონა, არამედ როგორც სიცოცხლისა და სინათლის უფალი. ბოროტებისგან ქმნილი სიბნელე გაიფანტა უკვდავების სინათლით!

დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და 1-ელ მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია