"დამამცირებლად წარმოაჩენენ ცნებებს, ჭეშმარიტება, ღირსება, სამშობლო, მოყვასი" - ილია მეორე

"დამამცირებლად წარმოაჩენენ ცნებებს, ჭეშმარიტება, ღირსება, სამშობლო, მოყვასი" - ილია მეორე

"სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

"ჩვენთვის ამ ქვეყნად მოცემული სიცოცხლის დრო უდიდესი დატვირთვისაა, რადგან ყოველი ადამიანისათვის ამ პერიოდში ხდება მარადიული ნეტარების მოპოვება ან დაკარგვა. სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს და ამასთან, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყოველ დროს თავისი მახასიათებელი აქვს. იგი ამა თუ იმ მიმართულებას ხელს უწყობს, ან უგულებელჰყოფს. უნდა გავაცნობიეროთ, როგორია ჩვენი დროის შემოთავაზება, რომ ადვილად განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და ვუპასუხოთ მის გამოწვევებს.

თანამედროვეობამ "სიახლის" სახელით წინ წამოსწია "მეს" პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება, ვულგარული მეტყველება, აქცენტი ნაწილზე და არა მთელზე...ანუ ის, რასაც არა აქვს დიდი დატვირთვა და სიღრმე. სანაცვლოდ, დამამცირებლად წარმოაჩენენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა ჭეშმარიტება, ღირსება, გონიერება, სამშობლო, მოყვასი და სხვა.

ასეთი ტენდენციები ახალგაზრდას პიროვნებად კი არა, მასის ნაწილად აყალიბებს და საშუალო დონის, ყველაფრის შემგუებელ არსებად აქცევს, რომელიც ცხოვრობს დღევანდელი დღით და მომავალი არ აინტერესებს.

შენ არ აჰყვე წუთისოფლის დინებას და მისგან შემოთავაზებულ განწყობას. ამა სოფლის სული არის სული სიცრუისა. იგი დღეს ერთ რამეს განადიდებს, ხვალ სხვას. განა ჩვენ მოწმენი არა ვართ იმისა, რომ რაც საზოგადოების ნაწილს 10-20-40 წლის წინ კარგად და მისაბაძად მიაჩნდა, დღეს მას დასცინის?! ასევე იქნება ცოტა ხნის შემდეგ იმ "ფასეულობების" მიმართ, რასაც იგი დღეს ხოტბას ასხამს.

შენ იფიქრე მარადიულ ღირებულებებზე და ეცადე, შენი მეობა, შენი ღირსება არასოდეს დაკარგო. უფლის მცნებები იყოს შენი წარმმართველი. ეცადე შენი შესაძლებლობის მიხედვით მაქსიმუმი გაიღო. ამასთან, ზომიერება შეინარჩუნე, გააკეთე ისე, რომ შენმა სწორმა ქმედებამ სიხარული მოგიტანოს და არა შფოთი და ასე, ნელ-ნელა განმტკიცდები სათნოებებში.

მიემსგავსე ლოტს, რომელიც ცხოვრობდა სოდომში, სადაც ყველა უკანონობას სჩადიოდა, მაგრამ იგი სხვებივით არ იქცეოდა, არამედ აკეთებდა იმას, რაც ღვთისთვის სათნო იყო, ამიტომაც გადარჩა", - ბრძანებს ილია მეორე.

წაიკითხეთ სააღდგომო ეპისტოლე ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია