ვინ არის აბაშიძის ქუჩაზე მოჯირითე "უცნობი მხედარი" - "ცხენით გოგონასთან გავიქეცით შერიგების სათხოვნელად"

ვინ არის აბაშიძის ქუჩაზე მოჯირითე "უცნობი მხედარი" - "ცხენით გოგონასთან გავიქეცით შერიგების სათხოვნელად"

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ მიაჭენებს შუაგულ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, შეუკაზმავ ცხენს უცნობი ახალგაზრდა. ვიდეორგოლმა სხვადასხვა საიტებზე და გვერდებზე დიდი ინტერესი გამოიწვია და რამდენიმე დღეში 50 000-მდე ნახვა დააგროვა. მნახველები უცნობი მხედრის ვინაობით დაინტერესდნენ, AMBEBI.GE-მ იპოვა და გაგაცნობთ მას.

"უცნობი მხედარი" გიორგი ხვისტანია, ის 20 წლისაა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტია. რვა წლის განმავლობაში რაგბს თამაშობდა, იყო სარაგბო კლუბის, თბილისის "ყოჩების" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 18 წლის ასაკში მიღებული უმძიმესი ტრავმის გამო კი რაგბისთვის თავის დანებება მოუხდა.

- გიორგი, მოგვიყევი შენს შესახებ, ვინ ხარ, რას საქმიანობ?

- წარმოშობით სვანეთიდან ვარ. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა მშობლიურ კუთხესთან კავშირი არასდროს დამიკარგავს, იქ სახლი მაქვს და მყავს ძალიან ბევრი ნათესავი. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, თავისუფალი დრო სვანეთში გავატარო. ცხოველების მიმართ ჩემი სიყვარული შესაძლოა გარკვეულწილად სწორედ ჩემმა წარმოშობამაც განაპირობა.

- ამჟამად რას საქმიანობ?

- ვსწავლობ საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში, ანუ ჯიპაში. გარდა ამისა, სტაჟირებას გავდივარ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის იურიდიულ დეპარტამენტში. რვა წლის განმავლობაში რაგბს ვთამაშობდი, ჩემი კლუბი თბილისის "ყოჩებია", ასევე ვიყავი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, სამწუხაროდ 18 წლის ასაკში რაგბს  იძულებით ჩამოვშორდი, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო.

- როგორ მოხვდი ცხენით აბაშიძის ქუჩაზე?

- რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვაკის პარკთან შემთხვევით წავაწყდი ორ ცხენს, უპატრონოდ იყვნენ და აქეთ-იქით დადიოდნენ. ზოგადად ცხოველები, განსაკუთრებით კი ცხენები ძალიან მიყვარს, ამიტომ მათი დანახვა ძალიან გამიხარდა. მივედი და მოვეფერე, მერე კი ვერ მოვითმინე, შევაჯექი და გავაჭენე. ხალხს უკვირდა, ცხენს არც უნაგირი ჰქონდა და არც სადავე, როგორ მართავდიო. ცხენზე ჯირითი ბავშობიდან ძალიან მიყვარს, ამიტომ ამ დაბრკოლებამ ვერ შემაჩერა. ცხენებს ეტყობოდათ, რომ დაკარგულები იყვნენ, იმ დღესვე ავიყვანე ბაგებში, დავაბი, ვაჭამე, მოვუარე, რის შემდეგაც ვაკის პარკთან დავბრუნდი და პატრონების ძებნა დავიწყე. იქვე ყველას ვუთხარი, რომ თუ პატრონები გამოჩნდებოდნენ, ჩემი საკონტაქტო ნომერი მიეცათ. მართლაც გამოჩდნენ, თურმე ადიგენიდან ყოფილან ჩამოსულები და ვაკის პარკში მუშაობენ. მივიყვანე ეს ადამიანები ბაგებში და ცხენები დავუბრუნე, თურმე ცხენები დაახლოებით ერთი თვის წინ დაკარგულან.

- აბაშიძეზე შენს ცხენით გასეირნებას ხალხი როგორ შეხვდა?

- ქუჩაში ვინც მხვდებოდა, ყველა მესალმებოდა, აღდგომის დღესასწაულს ვულოცავდით ერთმანეთს, ძალიან დადებითი ემოციები იყო, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. ამას ერთი ძალიან კარგი ამბავიც მოყვა, ჩემი ძმაკაცი თავის შეყვარებულს შევარიგე.

- ეს როგორ მოხდა?

- ჩემი მეგობარი და მისი შეყვარებული იყვნენ ნაჩხუბრები, გოგო აბაშიძის ბოლოში ცხოვრობს, ცხენით მასთან გავიქეცით, რომ შერიგება გვეთხოვა, ამ თხოვნამ გაჭრა, შეიძლება ცხენებით მისვლამაც იმოქმედა. ამ ამბის გამო ცხენს სახელად "მხსნელო" დავარქვით.

- ვიდეო, სადაც აბაშიძეზე ცხენს აჭენებ, სოციალურ ქსელებში ძალიან აქტუალურია, ამას როგორ შეხვდი?

- ნამდვილად არ მეგონა, ამ ვიდეოს ასეთი აჟიოტაჟი თუ მოყვებოდა, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ ეს ვიდეო დადო და როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი ნახულობს. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მგონი ცუდი არაფერი გამიკეთებია. ინტერნეტსივრცეში ვიცი, რომ ამ ამბავს ზოგი ცუდადაც შეხვდა და უარყოფითად განეწყო. სიმართლე გითხრათ, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. დაიწერა "ეს სოფლელი თბილისს შემორჩა და რიკოთისკენ გარბისო" - ასეთ კომენტარებზე უბრალოდ მეღიმება, მათ რა უნდა ვუპასუხო, თავიანთ გზაზე გაუმარჯოთ.

ლაშა ჯაფარიძე

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: თბილისში, აბაშიძეზე ცხენით მოჯირითე ბიჭმა სოციალური ქსელები დაიპყრო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია