თბილისის რომელ უბნებში დაწესდება შეზღუდვა ქაოტურ განაშენიანებაზე

თბილისის რომელ უბნებში დაწესდება შეზღუდვა ქაოტურ განაშენიანებაზე

გენერალური გეგმის მიღებამდე კონკრეტულ უბნებს, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული და ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, შეეზღუდებათ ინტენსივობის K2 კოეფიციენტის გაზრდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის (საერთო მოცულობა იმ ფართისა, რომელიც შეიძლება აშენდეს მოცემულ მიწის ნაკვეთზე) გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევცვალოთ წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა - თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოტური განაშენიანება, ისედაც მჭიდრო დასახლებებში", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, შეზღუდვები შეეხება დედაქალაქის ისტორიულ ნაწილსა და მჭიდროდ დასახლებულ უბნებს. დავით ნარმანიას განცხადებით, შეზღუდვა განხორციელდება შემდეგ უბნებზე: საბურთალოს ძირითადი ნაწილი, ვაკე, დიდუბის ნაწილი, წერეთლის გამზირი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ისნის რაიონის ისტორიული ნაწილი და მთაწმინდა-კრწანისის რაიონის ისტორიული უბნები.

დავით ნარმანიას განცხადებით, დადგინდება ქალაქის განაშენიანების ცივილური წესები, რაც დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს. თბილისის მერის ინფორმაციით, სხვა უბნებზე დროებითი შეზღუდვა არ გავრცელდება, რათა გარე უბნებს განვითარების საშუალება მიეცეს.

ნარმანიას თქმით, დედაქალაქის მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თბილისის გამწვანებაა და ამ მიმართულებითაც ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, კერძოდ, იმ გამწვანებულ ტერიტორიებზე (სკვერები, ბაღები), რომლებიც საცხოვრებელ ზონებში ხვდება, განაშენიანება შეიზღუდება. მისივე ინფორმაციით, ასევე, კონკრეტული უბნების განვითარებისას, შემუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმები (გრგ), რაც იქნება კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება თბილისში ქაოტური მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგ.

ნარმანიას ინფორმაციით, ცვლილებები თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შევა და დოკუმენტი საკრებულოს დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია