"გაუფრთხილდით თქვენს ტრადიციებს, სულიერებას, ნუ დაკარგავთ ღმერთამდე მისასვლელ გზას!"

"გაუფრთხილდით თქვენს ტრადიციებს, სულიერებას, ნუ დაკარგავთ ღმერთამდე მისასვლელ გზას!"

რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო. მან წარმატებული ფსიქოთერაპევტის კარიერა და კომფორტული მოსკოვური ცხოვრება მიატოვა და არც ისე ცოტა ხანია, სვანეთში ცხოვრობს. ძალიან შეუყვარდა ეს მხარე, მესტიაში ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს და კიდევ უფრო მეტს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გადარჩება ჯერ ამ კუთხის კულტურა და სულიერება, და მერე სრულიად კაცობრიობის. მისი მოსმენა ალბათ ღირს.

- რა იყო იქამდე, სანამ სვანეთში აღმოჩნდებოდით?

- სვანეთამდე იყო რთული და გრძელი გზა. მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ბიოლოგიის ფაკულტეტი. სამეცნიერო ნაშრომიც დავწერე. შემდეგ კი მეორე ინსტიტუტში ჩავაბარე "სციალური ფსიქოლოგიის" განხრით. კიდევ დიდხანს ვსწავლობდი, რომ გავმხდარიყავი ფსიქოთერაპევტი, ვმუშაობდი ჯგუფებთან და ინდივიდუალურ კონსულტაციებს ვატარებდი. საინტერესო იყო ეს ეტაპები, რადგან პირველ უნივერსიტეტში ვისწავლე, როგორ არის აგებული ეს სამყარო, შემდეგ კი უფრო საინტერესო აღმოჩნდა, როგორ არიან აგებული ადამიანები და ურთიერთობები, ამის ამოცნობაში ფსიქოლოგია დამეხმარა. კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა იყო მართლმადიდებლობა და უნივერსიტეტის ეკლესიაში სიარული. იქ მივხვდი, რომ ბოლოს და ბოლოს, შინ ვიყავი.

ჩვეულებრივი საბჭოთა ურწმუნო ოჯახი გვქონდა, ამიტომ სულიერი თვალსაწიერის განვრცობა ნულიდან დავიწყე. მართლმადიდებლობამ ბევრი რამ სხვაგვარად დამანახა. წარმოდგენაც არ მინდა, რა იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში უამისოდ.

სტუდენტობის დროს მთარგმნელად ვმუშაობდი, ვასწავლიდი - უფრო შემოსავლისთვის. ბევრს ვმოგზაურობდი, ვკითხულობდი, ვურთიერთობდი, ვფიქრობდი. ბევრი კარგი მეგობარი მყავს, ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი საერთო საქმეები ჩემი და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

- როგორ აღმოჩნდით საქართველოში, სვანეთში... რით მიგიზიდათ აქაურობამ ასე, რომ საცხოვრებლადაც დარჩით?

- საქართველოში ტურისტად ჩამოვედი. პირველად ვიყავი თბილისში, კახეთში, ყაზბეგში - ჩვეულებრივი ტური იყო. მეორედ უკვე სვანეთში გავემგზავრე. მთები მიყვარს. მართალი გითხრათ, სვანეთზე, ჩემდა სამარცხვინოდ, მანამდე არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ის, რომ იქ ლამაზი ბუნებაა. როცა ჩავედი და ყველაფერი დანარჩენი ვნახე, თავბრუ დამეხვა. აქ დღემდე იგრძნობა უდიდესი კულტურის სული, ადამიანის რაღაც გიგანტური აღმასვლა ზევით, სინათლისკენ, ღმერთისკენ. მაინც რატომ ეზიდებოდნენ სვანები ქვებს მთების მწვერვალებზე, იქ აგებდნენ ტაძრებს, ხატავდნენ მათ საოცარი ფრესკებით, რთავდნენ ძვირფასი ხატებით, ნივთებით - ეს ხომ ასე ძნელია, აქ ისეთი რთული, მკაცრი ცხოვრებაა? რატომ? მე ეს ცოტათი მაგონებს ჩვენს რუს ჩრდილოელ პილიგრიმებს, რომლებმაც ვალაამის გრანიტის მწვერვალებზე ნამდვილი სამოთხე მოაწყვეს: განსაცვიფრებელი მონასტრები, ბაღები, თუმცა იქ არაფერია და მიწასაც კი ქვემოდან ეზიდებოდნენ, ნავებით მიჰქონდათ. ეს თითქოს ადამიანისთვის არაბუნებრივი ქმედებაა. მაგრამ სწორედ ამაში იკვეთება ადამიანი... აქაც მსგავსია, სვანეთში. ირაკლი აბაშიძეს აქვს ლექსი "შორეული შხელდა". მე ბელა ახმადულინას თარგმანში მაქვს წაკითხული. იქ არის სტრიქონები, რომლებიც მე პირადად ყველაფერს მიხსნიან სვანეთზე და იმაზე, რატომ არის ჩემთვის აქ ყველაფერი ინტუიტიურად გასაგები და რატომ მომწონს: «Неистовый дух, вечно жаждущий света, молящийся, страждущий и дерзновенный…» ეს მშვენიერია!

მახსოვს, ჯერ კიდევ როგორც ტურისტი, ვიჯექი მთაზე და ვფიქრობდი ყოველივე ამაზე. და უცებ მივხვდი, რომ დარჩენა მინდოდა. შეიძლება ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ახლა აქ არის. რაციონალურად ამის ახსნა შეუძლებელია და შეიძლება, არც არის საჭირო.  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია