რა ბედი ეწია სომხურად გადაკეთებულ "ყვავილების ქვეყანას"

რა ბედი ეწია სომხურად გადაკეთებულ "ყვავილების ქვეყანას"

როგორც გახსოვთ, ამა წლის 20 იანვარს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთი "ევროვიზიაზე" მომღერალ სერობ არჯემიანის ჰიტს Hayastan-ს აგზავნიდა, რომლის მელოდიაც გადაკეთებული "ყვავილების ქვეყანა" იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკვდავი ქართული სიმღერის კომპოზიტორი მიხეილ ჩირინაშვილია, ვიდეორგოლში მუსიკის ავტორად მანუკ ხაჩატურიანი გახლდათ მითითებული.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპოზიტორ ხაჩატურიანის ნამუშევარი, სომხეთის მხრიდან "ევროვიზიაზე" საკონკურსო სიმღერად არ იყო წარდგენილი, თუმცა იმ ფაქტს, რომ ქართული სომხურად იყო გამოცხადებული, არაფერი ცვლიდა. ამიტომ, მიხეილ ჩირინაშვილის მემკვიდრის, სანდრო ჩირინაშვილის მოთხოვნით, youtube-დან ეს სიმღერა სომხებმა აიღეს, ცოტა ხნის წინ კი ინეტერნეტში კვლავ გაჩნდა.

საინტერესოა, სახელმწიფოს რა მექანიზმი აქვს, დაიცვას ადამიანი, როცა სხვა სახელმწიფოში ირღვევა მისი საავტორო უფლება. ამ საკითხზე საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს ვესაუბრეთ:

"მემკვიდრესა და სომეხ კომპოზიტორს შორის სიტყვიერი შეთანხმება მოხდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა გაკეთებულიყო, ან საერთოდ ამოიღებდა კომპოზიტორი სიმღერიდან იმ ნაწილს, რაც ქართულიდან ჰქონდა აღებული, ან ამ ნამუშევრის კომპოზიტორად ერთობლივად მიეთითებოდა როგორც სომეხი, ასევე ქართველი ავტორი, ანუ როგორც ორი კომპოზიტორის ერთობლივი ნამუშევარი. ვინაიდან მხარეებმა ამ შეთანხმებას მიაღწიეს, საკითხი ჩვენი დარეგულირების სფეროდან გავიდა, რადგანაც დანარჩენი მათი კერძო ურთიერთობა იყო.

- საერთოდ, რის საფუძველზე ჩაერთეთ ამ პროცესში?

- უფლების დაცვის მიზნით ავტორმა მოგვმართა, რის შემდეგაც მოვიძიეთ სომეხი კომპოზიტორი, ავუხსენით მდგომარეობა, ავუხსენით ასევე ბატონ ჩირინაშვილსაც, რისი უფლება ჰქონდა და რისი - არა. მოკლედ, იმ შეხვედრის შემდეგ მათი საქმე იყო, შეთანხმებულიყვნენ, ხოლო თუ ეს შეთანხმება არ გახდა წერილობითი და არ შესრულდა, ამ შემთხვევაში, კიდევ ჩავერთვებით. მაგრამ, როგორც ვიცით, ეს მოლაპარაკებები კიდევ მიმდინარეობს და უნდა დასრულდეს ისე, როგორც ითქვა.

- თავიდან კონკრეტულად რა მითითებები მიეცით?

- სომეხ კომპოზიტორს ვუთხარით, - იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა, რომ ნამდვილად იყო გამოყენებული "ყვავილების ქვეყნის" მუსიკა, შესაბამისად, მას კომპენსაცია უნდა მოეთხოვა, დარღვევის გამოსწორება. თუმცა ამის აუცილებლობა აღარ დამდგარა, რადგანაც იმ კომპოზიტორმა საუბარშივე აღიარა, რომ გამოყენებული ჰქონდა მელოდია, მაგრამ არ იცოდა, რომ ქართული და კონკრეტულად, მიხეილ ჩირინაშვილის ნაწარმოები იყო. საერთოდ ამოვიღებ, ან ვიტყვით, რომ ეს არის ორი კომპოზიტორის ერთობლივი ნამუშევარიო.

ამის შემდეგ, უფლება და სურვილიც არ გვაქვს, ამ საქმეში ჩავერიოთ, რომ ბატონმა ჩირინაშვილმა ჩვენი კონკრეტული მითითებები შეასრულოს, რადგანაც სამოქმედოდ სრული თავისუფლება აქვს და ნებისმიერ რამეზე შეუძლია შეუთანხმდეს დამრღვევს ან გამომყენებელს, უბრალოდ, ჩვენ უნდა განვუმარტოთ, რისი უფლება აქვს და რისი არა და შედეგს როგორ მიაღწიოს.

სანდრო ჩირინაშვილი, მიხეილ ჩირინაშვილის მემკვიდრე:

- ერთ-ერთ გადაცემაში მოხდა ჩემი და იმ პიროვნების საუბარი, სადაც შეგვპირდა, რომ მუსიკას გადააკეთებდა ან ავტორს, ჩირინაშვილს მიუთითებდა. ამის შემდეგ ვიდეო "იუთუბიდან" აიღეს, მაგრამ ორ თვეში იგივე ვარიანტი კვლავ აიტვირთა, ოღონდ, არ ვიცი, ვის მიერ. შემდეგ კი საავტორო სააგენტოსა და საქპატენტის მეშვეობით მოხდა მასალის დაბლოკვა.

კარგი იქნებოდა, იმ პიროვნებას კვლავ დავლაპარაკებოდი, მაგრამ ამის შესაძლებლობა აღარ მომეცა და დიდად არც მინდა დაკავშირება იმიტომ, რომ ჩემს ინტერესში არ შედის მათი გაპოპულარულება და ვერც იმას გავაკონტროლებ, სომეხი მომღერლები ამ სიმღერას სევანის ნაპირზე იმღერებენ, არარატის მთაზე თუ ლენინაკანის რომელიმე რესტორანში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია