"ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით წარდგენილი აუდიოჩანაწერი ავთენტურია"

"ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით წარდგენილი აუდიოჩანაწერი ავთენტურია"

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, თათია სამხარაძის მიერ წარდგენილი აუდიოჩანაწერი ავთენტურია, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თათია სამხარაძემ თავად დაუდასტურა.

როგორც თათია სამხარაძემ აღნიშნა, ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღის წინ გადაეცა, სადაც წერია, რომ მის მიერ წარდგენილი ფარული აუდიოჩანაწერი არის ავთენტური. როგორც სამხარაძე აღნიშნავს, შემდგომი ნაბიჯი იქნება სასამართლოში სარჩელის წარდგენა და იმის მოთხოვნა, რომ სასამართლომ დაადგინოს მის მიმართ ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა.

"საქმეზე ძიება დაწყებულია. მე პროკურატურაში შევიტანე განცხადება და საქმე შს სამინისტროს გადასცეს. სამართალდამცველებს აქვთ აღნიშნული ჩანაწერი და მე მათთან ვთანამშრომლობ. გამოძიების პარალელურად მივმართავ სასამართლოს. მთავარი მოთხოვნა ჩემს სარჩელში იქნება ის, რომ სასამართლომ დაადგინოს ჩემს მიმართ ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა, რომ ვიჩაგრებოდი, სექსუალური ხასიათის ჩაგვრა მიმდინარეობდა ჩემს მიმართ სქესის გამო და ასევე დაირღვა შრომის კოდექსი, როდესაც სამსახურში ისეთი პირობები შემიქნეს, რომ იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი", - განაცხადა თათია სამხარაძემ.

თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს სექსუალური ხასიათის შევიწროვებაში ადანაშაულებს. როგორც სამხარაძე აღნიშნავს, მას ამის დამადასტურებელი ფარული აუდიოჩანაწერები გააჩნია.