"ყველაფრის უფლება აქვთ, დაგაბნელონ, შეგავიწროვონ..." - რა პრობლემებით მიმართავენ თბილისელები თბილისის მერიას

"ყველაფრის უფლება აქვთ, დაგაბნელონ, შეგავიწროვონ..." - რა პრობლემებით მიმართავენ თბილისელები თბილისის მერიას

ყოველდღიურად თბილისის მერიას ათობით მოქალაქე აკითხავს სხვადასხვა პრობლემით. თბილისელებს საყოფაცხოვრებო, ინფრასტრუქტურული, კომუნალური თუ მატერიალური საკითხები აწუხებთ და მერიის შესაბამისი დეპარტამენტებიდან დახმარებას ითხოვენ. AMBEBI.GE და Palitratv.ge დაინტერესდა, რა პრობლემებით აკითხავენ ჩვენი თანამოქალაქეები ქალაქის მთავარ უწყებას და მერიაში, დახმარების მოლოდინში მყოფ მოქალაქეებს გაესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, საკითხის გადასაჭრელად აუცილებელი ვადა 5 დღიდან იწყება და შესაძლებელია უსასრულოდ გაგრძელდეს, ისე როგორც ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტის შემთხვევაში - ბატონი რობინზონი ერთი და იმავე პრობლემის გადაწყვეტას თბილისის მერიაში 25 წელია ცდილობს (!).

იხილეთ რეპორტაჟი მერიიდან

ქალბატონ ქუბარას 14-სულიანი ოჯახი ჰყავს. 60 წლის ქალის თქმით, ოჯახი ოროთახიან ბინაში ცხოვრობს და ახლა თავისივე მიწაზე პატარა მაღაზიის ასაშენებლად ნებართვის მოპოვებას ცდილობს: "ვითხოვ, რომ ჩემს პრივატიზირებულ მიწაზე, პატარა მაღაზიის აშენების უფლება მომცენ, რომლის შესასვლელიც ჩემივე სახლიდან იქნება და უფლებას არ მაძლევენ. პრივატიზაციის უფლება როცა მომცეს თუ მაშინ წითელი ხაზი არ იყო, ეხლა რანაირად აღმოჩნდა იქ წითელი ხაზი და რატომ არ მაძლევენ აშენების უფლებას?! ვეღარ გავიგე, სად უნდა მივიდე და ვის მივმართო. უკვე მეოთხედ შემაქვს დღეს განცხადება მერიაში. 400 ლარი ისე წავიდა ნახაზებში და აზომვებში და შედეგი არ არის", - გვითხრა საუბრისას შუახნის ქალმა.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სოციალური პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით აწუხებთ მცირე შემოსავლის მქონე ადამიანებს, წამლებია. მედიკამენტების საყიდლად საჭირო თანხების თხოვნით, მერიაში ყოველდღიურად უამრავი მოქალაქე მიდის. მათ შორისაა 70 წლის მანანა და 72 წლის ხათუნა.

"წამლები მჭირდება, ბევრი წამალი. ჩიყვი მაქვს და ყველა ორგანო დაზიანებული მაქვს, ორივე თვალზე გლაუკომა. მუნიციპალიტეტში დავწერე განცხადება და ერთი თვის მერე მითხრეს უარი. ახლა მერიაში მოვიტანე საბუთები, განცხადება უნდა დავწერო და დიდი იმედი მაქვს, დამიფინანსებენ" - გვეუბნება პენსიონერი ქალი.

"სამჯერ ინფარქტგადატანილი ვარ, 1994 წლიდან დღემდე წამლებზე ვარ, ძალიან ბევრი წამლის ყიდვა მჭირდება. სახლში ერთადერთი შემოსავალი ჩემს შვილს შემოაქვს, მძღოლად მუშაობს. მოვედი, იქნებ დამიფინანსონ რამე. იმედი მაქვს, ცოტაოდენ თანხას მაინც მომცემენ, რომ რამე წამალი ვიყიდო", - ამბობს 72 წლის ხათუნა.

საყოფაცხოვრებო პრობლემების გარდა თბილისელებს ინფრასტრუქტურული საკითხებიც აწუხებთ, რომლებიც მათივე თქმით, უადგილო ადგილას დაწყებულ მშენებლობებს უკავშირდება. 43 წლის ლელა, ვაკეში ტაბიძის ქუჩაზე მისი სახლის მახლობლად დაწყებული მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და მერიაში მისი და მეზობლების მიერ ხელმოწერილი განცხადებით მივიდა: "ტაბიძის ქუჩაზე შენდება რვასართულიანი კორპუსი, დაშორება კორპუსებს შორის არის ძალიან მცირე. ტაბიძის ქუჩა ისედაც ვიწროა და კიდევ ამ კორპუსის აშენება, რომელზეც კიდევ რა დაარტყამთ თავში და რას დააშენებენ ზემოდან, სრულიად მარაზმია.

ქუჩა გახდება სრულად, მჭიდროდ დასახლებული, რაც პირადად მე უამრავ პრობლემას მიქმნის - მიფარავს ხედს, მზეს, სინათლეს. ჰაერის უკმარისობის შეგრძნება მაქვს უკვე. გვითხრეს რომ წითელი ხაზიდან 3 მეტრი იქნებოდა დაშორება, მაგრამ მოყვატყუეს. შემოვიტანეთ განცხადება მერიაში და აქ გვეუბნებიან, რომ ამის უფლება აქვთ მშენებლებს. ერთადერთი რაც შეგვიძლია, შევიტანოთ სარჩელი სასამართლოში, მაგრამ რა აზრი აქვს მერიის სასიკეთოდ გამოიტანენ განაჩენს, ყველაფერი მაგათია. ყველაფრის უფლება აქვთ, დაგაბნელონ, შეგავიწროვონ. რაც უნდათ ყველაფერს აკეთებენ" - გვეუბნება ტაბიძის ქუჩის მცხოვრები.

ბატონი რობინზონის შემთხვევა კი, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, ყველასგან განსხვავებულია - 65 წლის მამაკაცი უკვე 25 წელია ერთი და იმავე პრობლემით მიმართავს ქალაქის მთავრობას, თუმცა საკითხი ვერც ერთი ხელისუფლების დროს ვერ მოგვარდა: "ამხანაგური ბინების შესახებ დავდივართ 25 წელია, ფული ჩარიცხული მაქვს ბოლომდე, გადასასვლელ ხიდთან უნდა აშენებული, საფუძველიც არ არის ჩაყრილი. ხან რას დაგვპირდნენ, ხან რას, დავდივართ აქ ამდენი წელია და ნორმალური პასუხიც ვერ მივიღეთ. პრემიერი გამოვიდა და თქვა, კონპენსაციებს მიიღებენო. იმედი მომეცა, მოვედი ეხლა მერიაში, რომ გავიგო ფულად კონპენსაციას მაინც თუ მომცემენ", - გვითხრა პენსიონერმა მამაკაცმა.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია