143 გარდაცვლილი და 1994 დაშავებული - იანვარ-მარტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა

143 გარდაცვლილი და 1994 დაშავებული - იანვარ-მარტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა

2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა, 1994 კი დაშავდა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების 2015 და 2016 წლების სამი თვის, იანვარ-მარტის სტატისტიკა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიაწოდა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში სულ 1424 საგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან თბილისში 674. სამი თვის განმავლობაში, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა და 1994 დაშავდა. მათგან, თბილისში 26 დაიღუპა და 876 დაშავდა. დაღუპულებს შორის საქართველოს მასშტაბით 32 ქვეითია, აქედან თბილისში 14, დაშავებული ქვეითების რაოდენობა 445-ია, თბილისში 275.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 2015 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში 1322 საგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან თბილისში 619. დაიღუპა 135 და დაშავდა 1888 ადამიანი, აქედან თბილისში 18 ადამიანი დაიღუპა, 832 კი დაშავდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ყველა მონაცემის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას. მათი ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს, იანვარ-მარტში საქართველოში საგზაო შემთხვევები 7,7%-ით არის გაზრდილი, თბილისში კი 8,9%-ით. დაღუპულთა რაოდენობა საქართველოში 5,9%-ით არის გაზრდილი, თბილისში 44,4%-ით. დაშავებულთა რაოდენობა საქართველოში 5,6%-ით გაიზარდა, თბილისში კი, 5,3%-ით.

რაც შეეხება ქვეითებთან დაკავშირებულ მაჩვენებელს, ანალოგიურ პერიოდში, 2015 წელს, იანვარ-მარტში საქართველოში 30 ქვეითი დაიღუპა, 396 კი დაშავდა. აქედან თბილისში 5 ქვეითი დაიღუპა, 257 კი დაშავდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს, იანვარ-მარტში ქვეითების დაღუპვის შემთხვევები საქართველოში 6,67%-ით, თბილისში კი 180.00%-ით არის გაზრდილი. ქვეითთა დაშავების შემთხვევები საქართველოში 12,37%-ით, თბილისში კი 7.00%-ით არის გაზრდილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარის, ეკატერინე ლალიაშვილის შეფასებით, აღნიშნული მონაცემები კატასტროფულია. ლალიაშვილი გამოსავლის გზებზე საუბრობს და პარლამენტის როლზე ამახვილებს ყურადღებას.

”პრევენციული ზომებია: საგზაო უსაფრთოების ეროვნული სტარტეგიისა და სამოქმედო გეგმის 2016-2020 წლების დამტკიცება მთავრობის მიერ სასწრაფო რეჟიმში და მის განხორციელებაზე მუშაობა. წინასწარ უნდა ვიცოდეთ, 4 წლის განმავლობაში რა კონკრეტული ღონისძიებები, ცვლილებები, რეფორმები უნდა გატარდეს, იმისთვის რომ 5- 10%-ით შემცირდეს სიკვდილიანობა გზებზე ერთი წლის განმავლობაში და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ღონე უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ. კანონპროექტი, რომელიც შსს-მ წარადგინა და თვეების განმავლობაში შეფერხებულია, ეს არის ერთ ერთი უმნიშველოვანესი, რომელშიც ქულების სისტემის შემოღება და ბევრი სხვა სასიკეთო ცვლილება იგეგმება, რაც მოახდენს სიკვდილიანობის პრევენციას. მძღოლებს ბევრად კანონმორჩილ და პასუხისმგებლიან საგზაო მოძრაობის მონაწილეებად ჩამოაყალიბებს. ამ კანონის შეფერხება ამდენი ხნით, როცა ამდენი ადამიანი გვეღუპება - დანაშაულია”, - აღნიშნა ეკატერინე ლალიაშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია