როგორ ემუქრებოდა ელცინი შევარდნაძეს - ნავთობსადენები, საიდუმლო წერილი და შეუძლებელის შესაძლებლად გარდაქმნის ხელოვნება

როგორ ემუქრებოდა ელცინი შევარდნაძეს - ნავთობსადენები, საიდუმლო წერილი და შეუძლებელის შესაძლებლად გარდაქმნის ხელოვნება

20 წლის წინათ, 1996 წლის მარტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის აშენების შესახებ. ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა ხელშეკრულებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და საერთაშორისო რეზონანსიც ადექვატური იყო.

ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილე ყველა მხარე კერძო საუბრებში ამბობდა, რომ ხელმოწერა შესაძლებელი გახდა უპირველეს ყოვლისა, ედუარდ შევარდნაძის შორსმჭვრეტელობის, დახვეწილი დიპლომატიისა და დაუღალავი და თავგანწირული მოქმედების წყალობით. ბევრი მონაწილე გულწრფელად აღიარებდა, რომ თავიდან არც სჯეროდათ, რომ იმჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ასეთი პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილი პოლიტიკური გარღვევა იყო. სკეპტიციზმი და პესიმიზმი ოპტიმიზმმა შეცვალა. "შევიმ ჭეშმარიტად შეუძლებელი შეძლო - საქართველოს ტერიტორიის მიმართ რეალური ეკონომიკური ინტერესი გაუჩნდათ მსოფლიოს წამყვან ნავთობკომპანიებს. ამან შეიძლება უფრო დიდი წვლილი შეიტანოს თქვენი სახელმწიფოს სუვერენობის დაცვაში, ვიდრე მეგობარ ქვეყნებთან მოწერილმა ხელშეკრულებებმა",- ენთუზიაზმით გვეუბნებოდნენ ამერიკელი მეგობრები.

სწორედ ბაქო-სუფსის პროექტმა გზა გაუკაფა ჭეშმარიტად გრანდიოზულ პროექტს, ისევ საქართველოზე გამავალ ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენს, რომლის განხორციელება 1999 წლის ნოემბერში სტამბოლში დადებული სამთავრობოთშორისი ხელშეკრულების ხელმოწერით დაიწყო. ბოლოს, 2002 წელს, ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე. სიცოცხლის ყოველდღიური რისკის და დაუღალავი მოქმედების ფასად შევარდნაძემ მიაღწია თავის გრანდიოზულ მიზანს - ამ პროექტების დასრულების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი და მძლავრი სატრანზიტო ფუნქცია შეიძინა.

ნავთობსადენების პროექტებზე საკმაოდ ბევრი რამ დაიწერა, განსაკუთრებით დასავლეთში. ამ მოკლე წერილში მე მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდის გახსენება მინდა.

შევარდნაძემ სახელმწიფოს მეთაურის აპარატის უფროსად 1995 წლის იანვარში დამნიშნა. მაშინ პირველად დამელაპარაკა თავის გეგმებზე და მთხოვა ყველა თათბირს დავსწრებოდი, რომ ყველაფრის კურსში ვყოფილიყავი, რაც გამიადვილებდა შემდგომში მისი შესაბამისი დავალებების შესრულებას. კარგად მახსოვს პირველი ასეთი შეხვედრა. ჩამოსული დელეგაცია იმ კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებისაგან შედგებოდა, რომლებსაც უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ნავთობსადენის დაფინანსებაზე და იმაზე, თუ რა გზით უნდა გაეყვანათ ეს ნავთობსადენი. საუბრის დასაწყისი ჩვენთვის ყველა იმედის გამაქარწყლებელი იყო: შევარდნაძისათვის მრავალი ქათინაურის თქმისა და დიდი პატივისცემის დადასტურების შემდეგ სტუმრებმა განაცხადეს, რომ იყვნენ რუსეთში, ჩრდილო-კავკასიაში და მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობსადენი გაეტარებინათ ჩრდილო-კავკასიით ნოვოროსიისკამდე; რომ თბილისში ჩამოვიდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ პატივისცემა გამოეხატათ შევარდნაძისადმი და პირადად ეთქვათ მისთვის ეს ამბავი. ხაზი გაუსვეს, რომ ამ გადაწყვეტილებაში არანაირი პოლიტიკა არ იყო გარეული. სტუმრებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ კომერციული ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ და პოლიტიკას საერთოდ არ ეკარებოდნენ. შევარდნაძე მშვიდად, თავაზიანი ღიმილით უსმენდა დელეგაციის ხელმძღვანელს და სხვა წევრებსაც. შემდეგ კი ხუმრობის ინტონაციებით და მეგობრული ღიმილით თქვა:"აი ასეთები ვართ პოლიტიკოსები: როგორც კი საქმე ჭეშმარიტად დიდ პოლიტიკას ეხება, მაშინათვე ვაცხადებთ, რომ პოლიტიკასთან საერთო არაფერი გვაქვს".

სტუმრები გაკვირვებით უყურებდნენ, შევარდნაძემ კი დასძინა: "თუ მხოლოდ კომერციული მოსაზრებებით სარგებლობთ, გაიყვანეთ ნავთობსადენი პირდაპირ სომხეთის გავლით თურქეთში, ეს ხომ გაცილებით იაფი იქნება ნოვოროსიისკის მარშრუტზე". თქვა ეს და გაიცინა და სტუმრებიც აყვნენ, ერთი-ორი მათგანი პირდაპირ ხარხარებდა. (სომხეთზე გამავალი მარშრუტი ხომ აპრიორი გამორიცხული იყო აზერბაიჯანის და თურქეთის სომხეთთან მწვავე დაპირისპირების, ანუ სწორედ პოლიტიკური მოსაზრებების გამო). საუბრის ატმოსფერო უცებ რადიკალურად შეიცვალა. შევარდნაძემ უთხრა სტუმრებს (და ყველას ესმოდა, რომ სრულიად გულწრფელი იყო): "ჩრდილოკავკასიის მარშრუტი ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა, ვინაიდან ასეთი მარშრუტის გაყვანა ჩრდილო-კავკასიაში მშვიდობის დამყარების საუკეთესო მტკიცებულება გახდებოდა და ამ მშვიდობაში და სტაბილურობაში ეს პროექტი დამატებით თავის დიდ წვლილს შეიტანდა. მშვიდობა კი ყველაფერზე უფრო ძვირფასია ჩვენს რეგიონში, მათ შორის ეკონომიკის განვითარებისათვის. მაგრამ ვწუხვარ, რომ ჩრდილო კავკასიაში ვითარება შეიძლება ისევ გამწვავდეს და ნავთობსადენის გაყვანაც უბრალოდ შეუძლებელი გახდეს. ჩვენ კი მყარად ვდგავართ სტაბილურობის და დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე და ამ გზიდან არსად გადავუხვევთ, ამის სრულ გარანტიას გაძლევთ. ასე რომ დაფიქრება და რეგიონის ღრმა მცოდნე ექსპერტებთან კონსულტაცია ნამდვილად ღირს". ჩვენში მაშინ არსებული სტაბილური ვითარების დასახასიათებლად შეგახსენებთ, რომ ამ საუბრამდე ცოტა ხნით ადრე 1995 წლის იანვარში, კიტოვანმა ისევ შეკრიბა"რაზმი" და დაიძრა აფხაზეთის"გასათავისუფლებლად", მაგრამ მოხერხდა მისი დაპატიმრება. ეს ამბავი მსოფლიო პრესაშიც მოხვდა. მკითხველს ემახსოვრება, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ კიტოვანი მოსკოვში გადაბარგდა საცხოვრებლად და პრესა წერდა, რომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის პავლე გრაჩოვის აგარაკზე ცხოვრობდა... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია