"პატრიარქის სურვილია, მახათას მთა რომ გაიხსნება, ეთერს იქ გადაასვენებენ" - 1 წელი ეთერ კაკულიას გარეშე...

"პატრიარქის სურვილია, მახათას მთა რომ გაიხსნება, ეთერს იქ გადაასვენებენ" - 1 წელი ეთერ კაკულიას გარეშე...

26 ივნისს მომღერალ ეთერ კაკულიას გარდაცვალებიდან ერთი წელი გადის. ყველასთვის საყვარელი მომღერალი შარშან, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. თბილი, კეთილი და მხიარული ქალბატონი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია... ჩვენ მის ოჯახს დავუკავშირდით, რათა გაგვეგო, როგორ ცხოვრობენ, ენერგიით სავსე და საყვარელი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ და როგორი იყო მის გარეშე განვლილი ერთი წელიწადი ახლობლებისთვის:

ნინი მელაშვილი, მომღერლის რძალი (ვაჟის მეუღლე): "წელს პირველი აღდგომა იყო, როცა ეთერი ჩვენ გვერდით აღარ არის. ვიყავით მის საფლავზე, გვეხამუშებოდა რაღაცნაირად... მაგრამ ასეთია ეტყობა ცხოვრება და ასეა ყველაფერი მოწყობილი''.

- როგორია მის გარეშე გატარებული ეს ერთი წელიწადი, ანუ როგორ ცხოვრობთ მის გარეშე?

- ეთერი ყველაფერი იყო ჩემი შვილისთვის. მე მარიამის გარდა, უფროსი ქალიშვილიც მყავს (პირველი ქორწინებიდან) და მარტო იმისთვის იყო ეთერი ყველაფერი და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენთვის რა იქნება მის გარეშე ყოფნა?! ეთერის ოთახში, მისი ნივთები როგორც ეწყო, ისევ ისე აწყვია, ხელს არაფერს ვკიდებთ. იმ ოთახში ფეხაკრეფით და მორიდებით შევდივართ. ის ხატები, რომლებზეც ლოცულობდა, ისევე აწყვია. თავის ხატი ჰქონდა, რომელსაც სულ ელაპარაკებოდა. ჰოდა, ოთახში რომ შევდივარ, სულ ეთერს ვგრძნობ, საოცარი ენერგეტიკა აქვს იქაურობას. მისი პარფიუმერიაც ისევე ხელუხლებელია. ხომ არის, რომ ადამიანი გარდაიცვლება და მისი ნივთები გადალაგდება, დახარისხდება, ვიღაცას ჩუქნიან, ან მის ოთახში სხვა გადაინაცვლებს, ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან რთულია...

- ქალბატონი ეთერი ყველას ახალისებდა, უხასიათოდ არავის ახსოვს. ასეთივე იყო ალბათ ოჯახის წევრებთან.

- როგორსაც იცნობდით, ზუსტად ისეთი იყო ჩვენთანაც. არავინ იფიქროს, რომ სახლიდან გარეთ გასული სხვა ნიღაბს იკეთებდა. ასეთივე გახლდათ შვილისთვის, შვილიშვილისთვის. მეცოდება, რომ ვერ მოესწრო იმას, რაზეც ოცნებობდა, - ნეტავ, მარიამი დიდი გოგო მანახა, როგორი იქნებაო. ერთხელ მითხრა, ვიწვები, საწოლიდან არ ავდგები, არც კონცერტებზე ვივლი, სახლიდან არ გავალ, ოღონდ, ამ ბავშვს ვუყურო, როგორ იზრდებაო... მისი ეს ნათქვამი გულში ჩამრჩა, ძალიან უნდოდა, რომ მისი შვილიშვილი სცენაზე დამდგარიყო. ბავშვს 100%-იანი სმენა აქვს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეთერის ეს სურვილი ავასრულო.

- როგორ იხსენებ პერიოდს, როცა მისი რძალი გახდი?

- არაჩვეულებრივად, პირველივე დღიდან ჩემთვის ძალიან კარგი ადამიანი იყო. მასთან ურთიერთობისას დისკომფორტი არ მიგრძვნია. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან გავიცანი ახლოს, მე და ალექსანდრე შეყვარებულები რომ ვიყავით. აქ რომ მოვიდოდი, მეტყოდა, - დარჩი ჩვენთან, ნუ წახვალ სახლში, აქ დაიძინე... მოკლედ, საყვარელი და მხიარული ადამიანი იყო. გლოვა და შავი ფერი არ უყვარდა, ოპტიმისტი გახლდათ. ბოლოს მითხრა, შავი ფერი არ დამანახოო და ყოველდღე მაცვლევინებდა ტანსაცმელს და ფერად სამოსს იცვამდა... არ მახსოვს მისი გაბრაზება, ან რაიმე ცუდად ეთქვას, ჩვენ შორის რძალ-დედამთილური პრობლემები არასდროს ყოფილა. მისი დედამთილობა არ მიგრძვნია. კარგი მეგობარი იყო.

ასევე წაიკითხეთ: "102 წელს, მგონი, ვეღარ გავქაჩავ..." ეთერ კაკულიას ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ

- სად არის დაკრძალული?

- ვაკის სასაფლაოზე, დედ-მამის გვერდით. არადა, დიდუბის პანთეონზე იყო ლაპარაკი, მაგრამ იქ ადგილი არ აღმოჩნდა, მერე პატრიარქის სურვილი იყო, ჯერ დედ-მამასთან დაკრძალულიყო და მახათას მთა რომ გაიხსნება, ეთერს იქ გადაასვენებენ, პანთეონში დაკრძალავენ. ახლა ამას ველოდებით.

- ალექსანდრე ეთერის ერთადერთი შვილია, დედის გარეშე როგორ არის?

- ძალიან უჭირს მის გარეშე ცხოვრება, რაღაც სხვანაირი დედაშვილობა ჰქონდათ. ძალიან მეგობრობდნენ, სულ მიკვირდა, ნებისმიერ თემაზე გახსნილად საუბრობდნენ. ალექსანდრე ყოველ დილით რომ იღვიძებს, ეთერის სიმღერებს რთავს, უსმენს და ტირის, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი... ამ სიტუაციას ბავშვი, მარიამი ანეიტრალებს.

- გარდაცვალების წინ რამე ხომ არ დაგიბარათ, რადგანაც ვიცი, გრძნობდა, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა.

- ბოლოს ისრაელში რომ წავიყვანეთ, ძალიან ცუდად იყო, ის ფრენა კოშმარულად მახსოვს, უზომოდ უჭირდა, უმაკიაჟოდ იყო და მეუბნებოდა, რომ სახეზე დამაფარე, ხალხმა არ დამინახოსო. სტიუარდესა სომეხი გოგონა გახლდათ და ყურადღებას აქცევდა, ეთერსაც უნდოდა, ესიამოვნებინა მისთვის და სომხურად უმღეროდა. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად იყო, მაინც ახერხებდა, რომ მის ხასიათზეც ეზრუნა. რომ ჩავედით, კიდევ უფრო დამძიმდა, ხელებზე მიჭერდა და ამბობდა, - ღმერთო, გამწირე? მიხვდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა არაფერს.  ერთადერთი, რასაც ტიროდა და განიცდიდა, ხომ გითხარით, ის იყო, რომ ვერ მოესწრებოდა შვილიშვილის გაზრდას.

- მისი მეგობრები თუ მოდიან თქვენთან?

- ბაშვობის მეგობრები კითხულობენ, საფლავზეც გამოდიან, არიან ვიღაცები, ვინც ჩვენთან არ გამოჩენილან... თუმცა უმრავლესობას მაინც ახსოვს და მადლობა ყველას ამისთვის...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: როგორ ემშვიდობებიან ცნობილი ადამიანები ეთერ კაკულიას: "ცრემლებიც არ მყოფნის, ისე მტკივა შენი წასვლა..."

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია