ავტორი:

სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული "შავლეგო" - საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან

სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული "შავლეგო" - საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან

დღეს, 26 მაისს, საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 84 წლის გახდებოდა.

კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. მშობლები განათლებული ადამიანები იყვნენ. ბაბუა - ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე გახლდათ.

მერაბ კოსტავას პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად, დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ (მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე) ითამაშა, რომელიც პოლიტიკური აქტიურობისთვის ციმბირში გადაასახლეს. მისი იდეები მერაბს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად აყალიბებდა.

სწავლობდა თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში. გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით, იმის გამო, რომ კარგი მუსიკალური მონაცემები აღმოაჩნდა, IX კლასიდან სწავლა ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელა. კარგად უკრავდა, მღეროდა, ლექსებს წერდა. მოსწავლეობის პერიოდიდან იწყება პოლიტიკური მოღვაწეობა, რადგანაც გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას და მასტან და რამდენიმე თანატოლთან ერთად, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პირველი პატრიოტული, არალეგალური ორგანიზაცია "გორგასლიანი" დააარსა.

1956 წლის დეკემბერში კი რუსთაველისა და მაშინდელი "პლეხანოვის" გამზირებზე, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა: "ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებისთვის საიდუმლო ორგანიზაცია "გორგასლიანის" წევრები დაიჭირეს.

სკოლის მერხიდან ასე ელიტური ოჯახების შვილები (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე, ანატოლი მიქაძე, გურამ დოჩანაშვილი) საპყრობილეში. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.

* * *

მან მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომლის დასრულების შემდეგ (სხვადასხვა წელს) მუშაობს მუსიკის მასწავლებლად რუსთავისა და თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში...

მოგვიანებით, ჟურნალ "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი გახდა, სადაც ქართული მუსიკისა და თეატრის განვითარების საკითხებზე წერილებს აქვეყნებდა.

1972 წელს მერაბ კოსტავამ ზვიად გამსახურდიასთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბა. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: "მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო" და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისთვის.

1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ "ოქროს საწმისის" გამოცემა იყო.

"ჩვევად გვქონდა, მე და მერაბი დილით ეზოში ჩამოვსხდებოდით. ერთ დღესაც გამოვედი და მერაბი არ დამხვდა. მისი აივნისკენ გავიხედე და შევნიშნე, ვიღაც იდგა ფარდის უკან. მისი ნათქვამი გამახსენდა, - დამიჭერენო. ეზოს ჭიშკარს გავხედე - ორი საეჭვო უცნობი იდგა. მივხვდი, მერაბის სახლში "კაგებე" იყო შესული," - იხსენებს მერაბის დაპატიმრების შემთხვევას მისი მეგობარი.

1980 წელს ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში გადაასახლეს. იქ მისი მონახულება დედამ და მეგობარმა მოახერხეს. "ეზოში ვიდექით. ისე აღელდა, უკან გაბრუნდა, ახლოს მოსვლა ვერ შეძლო. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა და გადაგვეხვია. ავტირდი. მერაბი მტკიცე კაცი იყო, მის თვალზე ცრემლი არასდროს დამინახავს. ერთი კვირა დავრჩით კვიტოკში, მან თავისი მოყვანილი ბოლოკი და წიწმატი მოიტანა სუფრაზე და შემოგვჩივლა, აქ პატარა ბოსტანი გავაკეთე, იქ, ჩვენთან, ბოლოკი კონად მოდის, აქ კი სათითაოდ იკეთებს თავსო. გაგვეცინა, არ იცოდა, რომ ჩვენთანაც სათითაოდ მოდიოდა ბოლოკი და უბრალოდ, შეკონილი იყიდებოდა," - იხსენებს ზურაბ შაუთიძე.

გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, - 5 წელი დაუმატეს, როგორც "ხულიგანს" და ციმბირში ანგარსკში გაამწესეს. მერაბ კოსტავა იცავდა არა მარტო თავის, არამედ ყველა პატიმრის ღირსებას და ზედმეტი ხუთი წელი ამის გამო მიუსაჯეს.

როგორც ამბობენ, სუკ-შიც და ციხეშიც დიდ პატივს სცემდნენ. მისი მიმტევებელი და კაცთმოყვარე ბუნება ერთნაირად აღაფრთოვანებდა მილიციელსაც და პატიმარსაც. "პერმის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი და მთელი ღამე ხტუნვაში გავატარეო. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს "გასატანად" მოვიდნენ, გაოგნებული დარჩნენ, როცა დავუძახე: "პრივეტ, ბრატცი!"

1978 წელს მერაბ კოსტავა ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე, არადა, მაშინ მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებსა და სამეგობროს ჰქონდათ.

ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ერთადერთმა ვაჟმა - 25 წლის ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე...

პოლიტიკური ზეწოლის გამო, ხელისუფლება იძულებული გახდა, მერაბ კოსტავა გაეთავისუფლებინა. 1987 წლის 30 აპრილს იგი 10-წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში დაბრუნდა. ამის შემდეგ არაერთი თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მერაბმა მუსიკის მასწავლებლობა არჩია, ბარნოვის ქუჩაზე, მუსიკალურ შვიდწლედში ასწავლიდა.

ციცინო მაღლაფერიძე ასე იხსენებს: "ახალი ჩამოსული იყო, როცა ჩემთან სახლში მოვიწვიე. იმჟამად ტრანსკავკასიური რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით დიდი ამბები იყო ატეხილი. სუფრაზე ჩემმა მეგობარმა მერაბს ჰკითხა - "ბატონო მერაბ, მგონია, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რკინიგზა არ უნდა გავიდეს". იმ წუთში რკინიგზის პრობლემა ძალიან პატარად ეჩვენა და ერთობ უცნაური პასუხი გასცა:

რა თქმა უნდა, არ უნდა გავიდეს, მაგრამ გავა თუ არ გავა ტრანსკავკასიური რკინიგზა, საქართველო მაინც იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა! ჩვენ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ ხალხი შევამზადოთ დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობა გარდაუვალია!

ამის გაგონების შემდეგ ჩემი მეგობარი შეცბა, რადგან იმ წუთში დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მერაბს საქართველოს მომავალზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი; იმ წუთში არ თქვა, მაგრამ მან იცოდა, როგორ და რა გზით უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ამის შესახებ ჩემთვის არაერთხელ უთქვამს; რასაც ამბობდა, ძალიან მომწონდა, მაგრამ განხორციელება უტოპიურად მიმაჩნდა. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ მერაბი მართალი იყო, მას ეს ყველაფერი გააზრებული ჰქონდა".

1987 წლის 26 მაისს, ჯავახიშვილის 1-ში (ახლანდელი ზანდუკელის ქუჩა), მერაბის ეზოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. "მერაბმა სიტყვით გამოსვლისას ამ დღის მნიშვნელობა ახსნა და დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის ბრძოლაზე ისაუბრა. შემდეგ თავისი სახლის სახურავზე სამფეროვანი დროშა აიტანა და დაკიდა.

დაახლოებით საათნახევარში მილიციელები მოვიდნენ და მერაბს დროშის ჩამოღება მოსთხოვეს. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. მერე დროშა თავად მილიციელებმა ჩამოიღეს, რაზეც მერაბმა ასეთი რამ უთხრა: "ცოტა ხანში მთელ საქართველოში, ყველა სახლის სახურავზე ეს დროშა იქნება აღმართული" - იხსენებს ციცინო მაღლაფერიძე.

მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად, 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო.

ერთხელ დედამისისთვის უთქვამს - "დედი, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ უფალი მიყვარს, მერე ზვიადი, მერე კი შენ". ზვიადს რომ დაინახავდა, თურმე აღარავინ ახსოვდა... 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით "შავლეგო" შეარქვა.

1989 წლის 9 აპრილს კოსტავა მიტინგის ორგანიზებისთვის ისევ დააპატიმრეს. 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 9-ში დატრიალებული ტრაგედიის გამო დანაღვლიანებული იყო...

ამ ტრაგედიის შემდეგ, საქართველომ გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ აიღო. როდესაც მერაბს ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, პასუხობდა: "მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო". 1989 წლის ზაფხულში სატელევიზიო პაექრობისას განაცხადა: "თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთ".

სიკვდილამდე 1 დღით ადრე მისი ინიციატივით საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი შეიქმნა, რომელიც იმავე მიზნების აღსრულებას ითვალისწინებდა, რაც მე-19 საუკუნის II ნახევარში დიდი ილიას მიერ დაარსებულმა სათავადაზნაურო ბანკმა.

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ადამიანი. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მომზადებულია burusi.wordpress.com-ს მიხედვით

მთავარი ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა