ბათუმელი ბუნებისდამცველის "მწვანე ოსკარი" და ჯილდო ბრიტანეთის პრინცესასგან

ბათუმელი ბუნებისდამცველის "მწვანე ოსკარი" და ჯილდო ბრიტანეთის პრინცესასგან

ბათუმელ ბუნებისდამცველ ალექსანდრე რუხაიას რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში, "მწვანე ოსკარად" წოდებული ჯილდო გადაეცა.

უეტლის ფონდის ჯილდო და 35 ათასი გირვანქა სტერლინგი ქართველ გარემოსდამცველს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა პრინცესა ანამ (დედოფალ ელისაბედ II-ისა და პრინც ფილიპის ერთადერთი ქალიშვილი) პირადად გადასცა.

ყველაფერი 2008 წელს "საბუკოს" (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის) დაარსებით დაიწყო. ალექსანდრე რუხაია მერვე წელია აჭარის თავზე გადამფრენ მტაცებელ ფრინველებს აღრიცხავს და ბრაკონიერებისგან იცავს. 2012-14 წლებში ბათუმის ცაზე გადამფრენი მტაცებელი ფრინველების რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

დაჯილდოებისა და ფრინველების დასაცავად ჩატარებული საქმიანობის შესახებ Ambebi.ge-ს ალექსანდრე რუხაია თავად ესაუბრა: "ცერემონია გაიმართა ლონდონში, რომელსაც გარემოს კონსერვაციაზე მომუშავე ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ასევე, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი. 131 ქვეყნიდან შეირჩა 7 ქვეყნის წარმომადგენელი. ამ შვიდეულში ვიყავი მეც და საბოლოოდ, გავხდი გამარჯვებული. ჯილდო უშუალოდ პრინცესა ანამ გადმომცა. ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. ეს არის ძალიან პრესტიჟული ჯილდო, მას "მწვანე ოსკარსაც" კიუწოდებენ.

- როგორ დაიწყეთ გადამფრენი ფრინველების აღრიცხვა და რა სახის სამუშაოებს ატარებთ მტაცებელი ფრინველების დასაცავად?

- 2008 წელს დავაარსეთ "საბუკო" (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის) და დავიწყეთ გადამფრენი ფრინველების მონიტორინგი. აჭარის ვიწრო დერეფანს, ე.წ. ძაბრს ყოველწლიურად მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს იმისთვის, რომ ცივი ქვეყნებიდან თბილ ქვეყნებში გადაინაცვლონ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ რეგიონში ფიქსირდებოდა, იყო მტაცებელი ფრინველების მასიური ხოცვა.

18-20 ათასი ფრინველი ყოველწლიურად ხდება ბრაკონიერთა მსხვერპლი. სოფელ სახალვაშოსა და შუამთაში ჩატარებული საქმიანობის შედეგად უკვე ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, რაც გამოიხატება ბრაკონიერობის ფაქტების 80%-ით შემცირებაში. 2015 წელს კი დაფიქსირდა მხოლოდ 2500-მდე ფაქტი. შესაბამისად, ჩვენი პროექტი აღიარეს, როგორც წარმატებული ინიციატივა და ჯილდო, ამავდროულად, გულისხმობს ფინანსურ მხარდაჭერასაც იმისთვის, რომ ღონისძიებების და ტერიტორიების მასშტაბები გაზარდოს.

- როგორ აპირებთ საქმიანობის გაფართოებას?

- ფრინველების მონიტორინგის განხორციელებას ვგეგმავთ აჭარის შვიდ სოფელში, სადაც ფრინველთა საიმიგრაციო ზოლი მდებარეობს. წელს ჩავატარებთ ფრინველებზე დაკვირვების "ბირდვოჩინგის" (Bird Watching) კვირეულებს. ვეცდებით, გავზარდოთ რეგიონში ტურისტების რაოდენობაც. "ბირდვოჩინგს" აჭარის რეგიონში მყარად აქვს ფეხი მოკიდებული და განვითარების პოტენციალიც ძალიან დიდია.

პირველი რეკორდი 2012 წელს დავამყარეთ, როცა აჭარის საიმიგრაციო ზოლში 1 200 000 მტაცებელი ფრინველი დაფიქსირდა. მანამდე ისრაელს ჰქონდა ეს რეკორდი. 2014 წელს კი ჩვენივე რეკორდი მოვხსენით, როცა 1 300 000-ზე მეტი მტაცებელი ფრინველი დავითვალეთ. ფრინველების მიგრაციას აჭარის ცაზე უცხოეთიდან ჩამოსული 120 სპეციალისტი შესაბამისი მოწყობილობით აკვირდებოდა.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია