"ასეთი მძღოლები პოტენციური მკვლელები" - რას წერს თამაზ ელიზბარაშვილი ყაზბეგის გამზირზე მომხდარ საშინელ ავარიაზე და რატომ მიმართავს შს მინისტრს

"ასეთი მძღოლები პოტენციური მკვლელები" - რას წერს თამაზ ელიზბარაშვილი ყაზბეგის გამზირზე მომხდარ საშინელ ავარიაზე და რატომ მიმართავს შს მინისტრს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილის ღია წერილით მიმართავს, რომელშიც 25 მაისს ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ავარიაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. შესაბამისი მიმართვა ბიზნესმენმა ფეისბუქის გვერდზეც გამოაქვეყნა. საშინელი ავარიის კადრები ინტერნეტსივრცეშიც გავრცელდა. ელიზბარაშვილის ოჯახი ავარიის უშაუალო თვითმხილველები იყვნენ.

"მოგეხსენებათ, გასული წლის 13 ივნისს მომხდარმა სტიქიამ თამაზ ელიზბარაშვილის კუთვნილი ის 6 ავტომობილი შეიწირა, რომლის საშუალებითაც არაერთი ძაღლის სიცოცხლე გადაგვირჩენია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვეში თავშესაფრის მეპატრონემ ოთხი მანქანა საკუთარი ძალებით შეიძინა და ისევ გავაგრძელეთ მიუსაფარი ძაღლების დახმარება. მიმდინარე წლის 25 მაისს ყაზბეგის გამზირზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა ხუთი ავტომობილი დაამტვრია, აქედან ორი ელიზბარაშვილს ეკუთვნოდა, რომლებიც პარკირების ადგილზე იყვნენ გაჩერებულები. პოტენციურმა მკვლელმა მძღოლმა, რომლისთვის, როგორც ჩანს, სხვისი სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს, უხეშად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და თავშესაფრის ორი ავტომობილი ისე გაანადგურა, რომ აღდგენასაც აღარ ექვემდერება, მაგრამ რაც მთავარია, მსხვერპლი არ ყოფილა, სასწაულით გადარჩნენ მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები" - წერს ელიზბარაშვილი პოსტის დასაწყისში, ხოლო მისი მიმართვა შს მინისტრისადმი ასეთია:

"ბატონო გიორგი, მოგეხსენებით, მიმდინარე წლის 25 მაისს, საღამოს დაახლოებით 23:30 საათზე, ყაზბეგის გამზირზე დიდი სისწრაფით მომავალი "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც 20 წლის ახალგაზრდა მართავდა, დაეჯახა ჩემს კუთვნილ ორ ავტომობილს, რომლებიც ამავე ქუჩაზე, კანონით გათვალისწინებულ, პარკინგის ადგილას იყვნენ გაჩერებულნი. ერთ-ერთ მანქანაში ისხდნენ ჩემი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც სწორედ რომ სასწაულით გადარჩნენ.

მინდა მოგახსენოთ, რომ ხშირად მინახავს, როგორ დაქრიან ახალგაზრდები დიდი სისწრაფით ყაზბეგის გამზირსა თუ სხვა ქუჩებზე და, სამწუხაროდ, ისიც მინახავს, როგორ დაუნახავს ასეთი შემთხვევები საპატრულო ეკიპაჟს, მაგრამ რეაგირების გარეშე დაუტოვებია.

ვინაიდან ასეთი მძღოლები პოტენციური მკვლელები არიან, მსგავსი ფაქტების დანახვისას, არაერთხელ დამირეკავს 112-ში და მითქვამს, ახლა არნახული სისწრაფით ჩამიქროლა ავტომანქანამ, რომლის სახელმწიფო ნომრებია ესა და ეს-მეთქი. ასევე ვეუბნები ხოლმე, რომ ჩემს მანქანაში მიყენია ვიდეოფიქსატორი, რომელსაც ჩემს მიერ მონაყოლის დადასტურება შეუძლია და ამასაც მოგაწოდებთ, ოღონდ ზომები მიიღეთ-მეთქი.

25 მაისს, როცა ჩემს ოჯახს აშკარა საფრთხე დაემუქრა და ქონებრივი ზარალიც მომადგა, ისევ დავრეკე 112-ში და მოვითხოვე პასუხი გაეცათ ჩემს მიერ თვეების განმავლობაში მათთვის მიწოდებული ინფორმაციებიდან რომელზე და როგორი რეაგირება მოახდინეს. მიპასუხეს, რომ არ იცოდნენ მოყვა თუ არა რეაგირება ჩემს მიერ მკვლელ მძღოლებად დანახული ადამიანების ქმედებებს და საპატრულო პოლიციაში გადამამისამართეს. საპატრულო პოლიციაში კი გასაოცარი პასუხი გამცეს - ასე შეიძლება ნებისმიერმა დარეკოს და თუ მტკიცებულება არ გვექნება, დაჯარიმებასაც ვერ შევძლებთო. გამოდის, სწრაფად მოსიარულე, მკვლელ მძღოლებს ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ შსს-სგან, საპატრულო პოლიციისგან, რომ დღისით, მზისით, ღამით ხოცონ ჩვენი შვილები, მეუღლეები, მშობლები და თავიანთი თავებიც გაიუბედურონ?!

ბატონო გიორგი, ვფიქრობ, თავის დროზე ჩემი და ალბათ სხვა ბევრის მიერ 112-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია რომ არ დაგეტოვებინათ რეაგირების გარეშე, ბევრის სიცოცხლეს და ჩემი ოჯახის წევრებსაც იხსნიდით აშკარა საფრთხისგან! შემიძლია ახლაც მოგაწოდოთ ამონაწერები ჩემს ავტომანქანაში დაყენებული ვიდეოთვალიდან, რომელზეც მსგავსი ფაქტებია გადაღებული. ამას ჩემი და სხვისი შვილების დასაცავად გავაკეთებ! ამ შემთხვევაში დამნაშავე არამხოლოდ ის მძღოლია, რომელიც დიდი სისწრაფით გადაადგილდება და ყველა ჩვენგანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, არამედ, საპატრულო პოლიციაც ამ დანაშაულის თანამონაწილე ხდება, როცა რეაგირებას არ ახდენს!

ბატონო გიორგი, შსს-სგან კატეგორიულად მოვითხოვ, რომ მკვლელი მძღოლების შესახებ მოქალაქეებისგან 112-ზე შესულ ინფორმაციებს ოპერატიული რეაგირება მოჰყვეს და პასუხიც ასევე ოპერატიულ რეჟიმში გვეცნობოს! მე კი არ უნდა ვრეკავდე და ვკითხულობდე, ინფორმაცია რომ მოგაწოდეთ, რა რეაგირება მოახდინეთ-მეთქი, თვითონ უნდა გვირეკავდნენ, მადლობას გვეუბნებოდნენ თუ რა რეაგირება და შედეგი მოჰყვა ჩვენს მიერ გადაცემულ ინფორმაციას. მე, თამაზ ელიზბარაშვილი უფლებას გაძლევთ, იმ პიროვნებებს, ვისაც ჩემი ინფორმაციის საფუძველზე დასჯით ამა თუ იმ წესით, უთხრათ, რომ პოლიციას მათი ქმედების შესახებ მე მოვუყევი! ასეთი საქციელი ე.წ. ჩაშვებად კი არ უნდა მოვნათლოთ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ კანონის დაცვა და ყველამ ჩვენი მოქალაქეობრივი თუ პროფესიული ვალი შევასრულოთ, რომ როგორმე კანონმორჩილ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ და ჩვენივე გულგრილობით ერთმანეთის მკვლელები არ დაგვერქვას!" - ნათქვამია განცხადებაში.

"ფეისბუქზე" ჰყავთ გაცნობილი ბიჭები და მათთან შესახვედრად მოდიოდნენ" - კახეთში დაკარგული დების ბაბუა პოლიციას რეაგირებისთვის მადლობას უხდის

გოგონა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 1000 კაციან მუსიკალურ ივენთს ესწრებოდა - რას ამბობს კუს ტბაზე მდებარე ღია კლუბის მენეჯერი

ძლიერი წვიმა თბილისში - დატბორილია რამდენიმე ქუჩა (ფოტოები)