აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება

აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება

ტურისტულ სეზონს რეგიონი წელს სიახლეებით ხვდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, სიახლეები შეეხება როგორც ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებას, ასევე სერვისის გაუმჯობესებას. მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 28 მაისს გახსნა.

როგორც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, წელს, რეგიონის სტუმრებს აჭარაში ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული სასტუმროები და კვების ობიექტები დახვდებათ. ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, სტუმრებისთვის აღნიშნული ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების გარანტიას გულისხმობს.

გარდა ამისა, რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ წელს მაღალმთიანი აჭარის ახალი ტურისტული პროდუქტებით ისარგებლონ. მირვეთის ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასვლო მარშრუტი და ქედა-შუახევის გასტრონომიული მარშრუტები ეკოტურიზმის მოყვარულთათვის აჭარის აქამდე უცნობი ტურისტული პროდუქტების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. მარშრუტების შეძენა და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განახლებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სიახლეა რეგიონში სასტუმრო კომპლექსების გახსნის მხრივაც. ზაფხულში ბათუმს არაერთი დაბალბიუჯეტიანი და მაღალი კლასის სასტუმრო და განთავსების ობიექტი შეემატება, რაც 700-ზე მეტ სასტუმრო ნომერს (1400-მდე განთავსების ადგილი) ითვალისწინებს.

საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება ტურისტულ სეზონს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც. წელს, ბათუმის მიმართულებით 5 ახალი ავიკომპანია შეასრულებს ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს ისრაელიდან, ყაზახეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. მათ შორის თელავივიდან ბათუმის მიმართულებით წელს, პირველად ავიაკომპანიები „Israir Airlines და „El Al Israel Airlines“ ასრულებს ჩარტერულ რეისებს. ისრაელიდან ამას ემატება ავიკომპანია „Arkia”, რომელიც წინა წელს განხორციელებული სამთვიანი ფრენების ნაცვლად წელს 10 თვის განმავლობაში შეასრულებს პირდაპირ რეისებს თელ ავივსა და ბათუმს შორის. ახალი ავიაკომპანიები შემოდის ყაზახეთიდანაც. ივნისში, ფრენების განხორცილებას ყაზახეთიდან ორი ახალი ავიაკომპანია „Scat” და „Skybus” იწყებს, მათ შორის Skybus” ყაზახეთის 8 მსხვილი ქალაქიდან. ფრენები იწყება არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდანაც. ივლისიდან, ჩარტერულ რეისებს შარჟა-ბათუმი-შარჟა Air Arabia შეასრულებს. გარდა ამისა, ახალი მიმართულებები დაემატა Ural Airline-საც, რომელიც ჩარტერულ რეისებს ეკატერინგბურგიდან და სამარადან ასრულებს. გასული წლის მსგავსად წელსაც შეასრულებს ფრენებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ პოლონეთიდან მოზიდული ყველაზე მსხვილი ტურ-ოპერატორი "Rainbow Tours".

განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება სეზონს რეგიონის ყველაზე ვიზიტირებული ტურისტული ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი.

”2016 წლის ზაფხული კულტურული და გასართობი პროგრამების მრავალფეროვნებით გამორჩეული იქნება. ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF, ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი. სეზონთან დაკავშირებით, ივნისიდან კოლონადებთან სუხიშვილების კონცერტით გაიხსნება პროექტი “ჰით ბათუმი“, რომლის ფარგლებშიც ბათუმში სხვადასხვა ბენდების მონაწილეობით კონცერტები, ფოკლორული შოუები, თეატრალური დღეები და ფესტივალები გაიმართება. 7 ივნისს კი საოცრებათა პარკში Checkin Georgia-ს პროგრამის ფარგლებში აჭარა პოპ როკ ჯგუფის „Maroon 5”-ის გრანდიოზულ კონცერტს უმასპინძლებს”, - აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებში ჩატარებული აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად რეგიონში ტურისტების მატებას განსაკუთრებით 10 სამიზნე ქვეყნიდან ელოდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია