სისხლიანი სადილი, რომელმაც მსოფლიო შეძრა - კატმანდუს პრინცმა სამეფო ოჯახის ყველა წევრი ამოხოცა და შემდეგ თავი მოიკლა

სისხლიანი სადილი, რომელმაც მსოფლიო შეძრა - კატმანდუს პრინცმა სამეფო ოჯახის ყველა წევრი ამოხოცა და შემდეგ თავი მოიკლა

ნეპალის სამეფო ოჯახი, თითქმის მთლიანი შემადგენლობით, ორი კლანის - შაჰებისა და რანების საუკუნოვან დაპირისპირებას ემსხვერპლა

შექსპირისეულმა ტრაგედიამ, რომელიც კატმანდუში, ნეპალის სამეფო რეზიდენციაში 2001 წლის ზაფხულის პირველ დღეს დატრიალდა, გულგრილი არავინ დატოვა. 1 ივნისს, 21:00 და 21:30 შორის დროის მონაკვეთში სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წევრი დაიხოცა: "ღმერთი ვიშნუს ცოცხალი განსახიერება", 55 წლის მეფე ბირენდრა, 51 წლის დედოფალი აიშვარია, 24 წლის პრინცესა შრუტი, მისი ძმა, 22 წლის პრინცი ნარაიანი, და კიდევ რამდენიმე ადამიანი. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, მკვლელობას საფუძვლად უიღბლო სიყვარული ედო. ტრაგედიის ჩამდენი - 29 წლის მემკვიდრე პრინცი დიპენდრა აღმოჩნდა. მან აფექტის მდგომარეობაში, ნასვამმა, მისი ქორწინების მოწინააღმდეგე ოჯახის წევრები ამოხოცა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა (დიპენდრა დედაქალაქის ჰოსპიტალში 4 ივნისს გარდაიცვალა). თუმცა, ნეპალში ამ ვერსიის ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რასაც თავისი მიზეზი აქვს.

ნეპალის მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ მათი სამეფო მუდამ არსებობდა. თუმცა, პირველი ისტორიული ცნობები ნეპალის შესახებ ჩ.წ.ა. VIII საუკუნეს მიეკუთვნება. იმ დროს ნეპალს კირატის დინასტია მართავდა. მისი 28-ე წარმომადგენელი გუამატა გახლდათ, რომელმაც ბოლოს და ბოლოს სულიერ ჰარმონიას მიაღწია და ბუდა გახდა.

გადიოდა საუკუნეები, იცვლებოდა მმართველები და დინასტიები: კირატი, ლიჩჩჰავები, ტაკური, მალები, რომლებიც მეზობელი ინდოეთიდან იმართებოდნენ 1769 წლამდე და მისი დიდი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. სწორედ ამ დროს ძალაუფლება შაჰების დინასტიამ მოიპოვა და მათი პირველი მეფე ფრითჰვი ნარაიან შაჰი გახდა. XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის დასაწყისში ნეპალურ-ინგლისური ომის შედეგად, ნეპალმა რამდენიმე კაბალურ შეთანხმებას მოაწერა ხელი დიდ ბრიტანეთთან. 1846 წელს, ბრიტანელების მხარდაჭერით, გენერალმა ჯანგ ბაჰადურმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და თავი პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა. შაჰთა კლანის მმართველობის ორი საუკუნის მანძილზე, მათ "შავი ბედისწერა" აჩრდილივით მოჰყვებოდა, რომელიც მონტეკებისა და კაპულეტების მსგავსად, უკავშირდება რანების მძლავრი კლანის მტრობას შაჰებთან (სწორედ რანების ოჯახიდან იყო პრინც დიპენდრას საცოლე, რომლის გამოც პრინცი მშობლებს დაუპირისპირდა). თავდაპირველად, რანებმა პრემიერ-მინისტრის პოსტის მონოპოლიზება მოახდინეს, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა. შემდეგ შაჰები ქვეყნის რეალურ მმართველობას ჩამოაშორეს - კლანი ნომინალურ მმართველებად აქციეს.

მეტიც, XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში მეფე ტრიბჰუანი (მეფე ბირენდრას ბაბუა) იძულებული გახდა, ინდოეთისთვის შეეფარებინა თავი. რანებმა ღია უზურპაცია ვერ გაბედეს, ამიტომაც მეფედ 4 წლის გიანენდრა გამოაცხადეს, რომლის ინდოეთში გაყვანაც ვერ მოხერხდა. ასე რომ, თითქოს და პოლიტიკისგან შორს მყოფი გიანენდრა, რომელიც ეკოლოგიითა და ტურიზმით არის გატაცებული, მეფედ 2-ჯერ აკურთხეს: ის მისი ძმისა და სავარაუდო მკვლელის - დიპენდრას სიკვდილის შემდეგ კვლავ მეფედ გამოაცხადეს.

დავუბრუნდეთ ჰიმალაელი მონტეკებისა და კაპულეტების ურთიერთობის ისტორიას... შაჰები დევნილობაში დიდ ხანს არ იმყოფებოდნენ. ინდოეთში მათ მხარდაჭერა ჰპოვეს და, ნეპალში დაბრუნებულებმა, რანებთან ერთად გაიყვეს მმართველობა. ნაბიჯ-ნაბიჯ მონარქებმა მეტოქეების უფლება-მოსილება შეამცირეს. ამ საქმეში განსაკუთრებულ წარმატებას მოკლულმა მეფე ბინენდრამ მიაღწია. მან შეწყვიტა ტრადიცია, პრემიერ-მინისტრებად რანების ოჯახის წარმომადგენლების დანიშვნისა და პარლამენტსა და ჯარში მათი გავლენის შესუსტების კამპანია წამოიწყო.

ნეპალმა უდიდესი მეფე დაკარგა. მეფე ბირენდრა 1972 წლის 31 იანვარს 26 წლის ასაკში ავიდა ტახტზე, თუმცა ის მეფედ მხოლოდ 3 წლის შემდეგ აკურთხეს. თარიღი მეფის კარის ასტროლოგებმა გამოითვალეს. ამ დროისთვის ნეპალი ნახევრადფეოდალურ აბსოლუტურ მონარქიად ჩამოყალიბდა. 60-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში ე.წ. პანჩაიატური სისტემა დაარსდა. პანჩაიატი - თვითმმართველობის ტრადიციული ორგანოები, სიტყვასიტყვით - "ხუთეული", თავისებური ფილოსოფიის მატარებელია, რომელიც ამტკიცებდა დემოკრატიის დასავლური მოდელის მიუღებლობას და ადგილობრივი, ტრადიციული ინსტიტუტების უპირატესობას.

თუმცა, იყო გადაცდენებიც. ბირენდრას მამა, მეფე მაჰენდრა აზარტული მოთამაშე და ავანტიურისტი გახლდათ. 50-იან წლებში კალკუტაში მყოფი მეფე ერთ-ერთ არისტოკრატულ კლუბს ეწვია და მისი მეპატრონე, რევოლუციის შემდეგ რუსეთიდან ემიგრირებული ბორის ლისანევიჩი გაიცნო და კატმანდუში მიიწვია.

ნეპალის დედაქალაქში სტუმრობისას, ლისანოვიჩმა მყისიერად მოიაზრა, რომ დასავლური ცივილიზაციის მიერ ამ ხელუხლებელ ოაზისში დიდი ფულის შოვნა შეიძლება. მან დაარწმუნა მეფე ტურისტული ბიზნესის პერსპექტიულობაში ნეპალის ეკონომიკისა და სამეფო ოჯახის ბიუჯეტისთვის. ლისანოვიჩმა იქირავა რანების კლანის კუთვნილი ძველი სასახლე და 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ აქცია. მას მერე ბიზნესმენი მდიდარი ტურისტების ჯგუფებს იღებდა. ის უკვე ცოცხალი აღარ არის, თუმცა მისი სასტუმრო Yak and Eti Park Royal Hotel, კატმანდუში ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული, დღემდე ჰყვავის.

დემოკრატიული წყობის მიუხედავად, რომელიც მეფე ბირენდრამ დანერგა, ადგილობრივ პრესას აკრძალული ჰქონდა მისი უდიდებულესობის კრიტიკა. კარის მსახურების კრიტიკა კი - რამდენიც გნებავთ... სკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე მონარქს ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ სიტუაციაში ნეპალის საინფორმაციო საშუალებები დაუნდობლად აკტიტიკებდნენ მეფის მსახურს, მისი ჯანმრთელობის შესახებ მწირი ინფორმაციის მიწოდების გამო. მონარქისა და მისი ოჯახის წევრების გატაცებებზე ხშირად იწერებოდა პრესაში. თავის დროზე ბირენდრამ პარაშუტისტების კურსი დაამთავრა, შესანიშნავად მართავდა ვერტმფრენს, გატაცებული იყო სპორტით, არ ცნობდა პირად მძღოლებს და თავად მართავდა ავტომობილს. მაგრამ მისი უმთავრესი გატაცება მოგზაურობა გახლდათ. საკუთარ ქვეყანაში ინკოგნიტო გადაადგილდებოდა, ამბობდა რომ ასე უკეთ გაიცნობს ხალხს. რაც შეეხება უცხო ქვეყნებს, ფაქტობრივად, არ დარჩა დედამიწაზე კუთხე-კუნჭული, რომელიც მან არ მოინახულა.

...სამეფო ასტროლოგებმა, რომელთა გარეშე არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ ხდება ნეპალში, უკვე იპოვეს სისხლიანი დრამის ახსნა: ყველაფერი ვარსკვლავების განლაგების ბრალია. მათი აზრით, დიპენდრას დედ-მამის შეუპოვარ პოზიციაზე საცოლის მიმართ, წინასწარმეტყველებამ იმოქმედა: თუ კრონპრინცი 35 წლამდე დაქორწინდება, მამამისი, მეფე ბირენდრა მოკვდება. სხვა წინასწარმეტყველები ამბობდნენ, რომ მეფე ნებისმიერ შემთხვევაში 56 წელს ვერ მიატანდა. გარდა ამისა, ლეგენდის მიხედვით, ერთ-ერთმა ასტროლოგმა იწინასწარმეტყველა, რომ ნეპალის მმართველი დინასტია 10 თაობის შემდეგ დაეცემა. მეფე ბირენდრა მე-11 თაობის წარმომადგენელი იყო...

თუმცა, ამ ისტორიაში გამოცანები მისტიკის გარეშეც უხვადაა.

მაგალითად, გაქრა ტრაგედიის ირიბი დამნაშავის - კრონპრინცის საცოლის კვალი. ერთ-ერთი ვერსიით, ის ინდოეთში გაიქცა, ასევე, მოარული ჭორის თანახმად, ნეპალში იმალება. დაზუსტებით კი ერთი რამ არის ცნობილი - ნეპალელი ჯულიეტა უბრალო გვარის წარმომადგენელი არ არის, როგორც ამას ოფიციალური წყაროები იუწყებოდნენ. დიპენდრას საცოლე რანების დინასტიიდან მოდის.

გოგონას დევიანი რანა ჰქვია. მამამისი - პაშუპატი რანა, თავის დროზე ფინანსთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ. რანებმა არამხოლოდ პრემიერ-მინისტრის პოსტის უზურპაცია მოახდინეს, არამდე, იმავე კლანის წარმომადგენლებისგან ირჩევა ტახტის მემკვიდრის საცოლე. დიპენდრა კანონიერად ითხოვდა მშობლებისგან თანხმობას. როგორც ჩანს, სამეფო ოჯახს არ სურდა შაჰებსა და რანებს შორის ქორწინების ტრადიციის გაგრძელება.

ტრაგედიის კიდევ ერთი გამოცანა - მომხდარზე ერთ-ერთმა პირველმა ვიცე პრემიერმა, რამა ჩანდრა პოუდელმა გაავრცელა ინფორმაცია. მანვე განაცხადა მკვლელობის პირველი ვერსიის შესახებ. თითქოსდა მემკვიდრე პრინცს სადილის დროს დედასთან შელაპარაკება მოუვიდა საცოლის გამო. დედოფალმა აიშვარიამ შვილის არჩევანი გააკრიტიკა. პრინცი მაგიდიდან წამოხტა, მალევე ავტომატით დაბრუნდა და უმისამართო ცეცხლი გახსნა. შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა რამდენიმე დღე კიდევ იცოცხლა.

ტრაგედიიდან რამდენიმე საათში ის მეფედ აკურთხეს, კომაში მყოფი დიპენდრა 48 საათში გარდაიცვალა. ნეპალს კვლავ ახალი მეფე წარუდგინეს - 54 წლის გიანენდრა - მეფე ბირენდრას ძმა.

ნეპალის ახალი მეფე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. უამრავს უჩნდება შეკითხვა: იქნებ გიანენდრა სულაც არ იმყოფებოდა შემთხვევით იმ ავადსახსენებელ სადილზე, რის მერეც მისთვის ტახტისკენ გზა გაიხსნა? თუმცა, მისი მეუღლე სასახლეში იმყოფებოდა და დაიჭრა.

სანამ ძმისშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, გიანენდრამ უარყო მკვლელობის პირველი ვერსია, მან განაცხადა, რომ ბირენდრასა და სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრების სიკვდილი "ტრაგიკული შემთხვევითობაა", რადგან ავტომატმა უნებურად გაისროლა. ამასთან, მას სიტყვაც კი არ დასცდენია, თუ ვის ხელში იმყოფებოდა ავტომატი და სად იყო ამ დროს დაცვა.

თუმცა, როგორც კი დიპენდრა გარდაიცვალა და ათასობით ნეპალელი ქუჩაში გამოვიდა ზუსტი ინფორმაციის მოთხოვნით, გიანენდრამ ახალი განცხადება "გამოაცხო". მისი თქმით, პირველი განცხადების გავრცელებისას, "იძულებული გახდა, ტყუილი ინფორმაცია მიეწოდებინა კონსტიტუციური და იურიდიული წინააღმდეგობების გამო. მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და ჩვენ დავადგენთ ყველა ფაქტს და გავასაჯაროებთ მაქსიმალურად მოკლე ვადაში". ახალმა მეფემ ასევე საგამომძიებლო კომისიის შექმნაზე განაცხადა, რომელშიც კომუნისტური ოპოზიციის ლიდერი, ეროვნული ასამბლეის სპიკერი და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები შედიოდნენ. თუმცა, კომუნისტებმა კომისიის წევრობაზე უარი განაცხადეს. ნეპალის პირობებში, სადაც მონარქისთვის შეწინააღმდეგება მიღებული არ არის, ეს გახლდათ არნახული თავხედობა.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ