"მაესტრომ" "ბიზნესკონტაქტის" 4 ჟურნალისტს "რუსთავი 2"-ის გადაცემაში მონაწილეობის გამო ხელშეკრულებები შეუჩერა

 "მაესტრომ" "ბიზნესკონტაქტის" 4 ჟურნალისტს "რუსთავი 2"-ის გადაცემაში მონაწილეობის გამო ხელშეკრულებები შეუჩერა

"მაესტრომ" "ბიზნესკონტაქტის" ჟურნალისტებს "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" მონაწილეობის გამო შრომითი ხელშეკრულებები შეუჩერა, ხოლო გიორგი ისაკაძის შეთავაზებაზე, არხზე 1 ლარად დარჩენის შესახებ, უარი თქვა.

ამის შესახებ შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორის ზურაბ ნაყეურის წერილშია ნათქვამი, რომელსაც "ბიზნესკონტაქტი" აქვეყნებს. შიდა მოკვლევის დასრულებამდე ხელშეკრულებები შეუჩერდათ თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს.

"ვთვლით, რომ ყოვლად დაუშვებელია ტელეკომპანია "მაესტროს" მოქმედმა თანამშრომლებმა საზოგადოების მენეჯმენტთან შეუთანხმებლად მონაწილეობა მიიღონ კონკურენტი ტელეკომპანიის ან ტელეკომპანიების თოქშოუებში, სადაც შპს "მაესტროს" საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და მისი კომერციული ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები კეთდება. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მესამე პირების მხრიდან "მაესტროს" სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას და მისი კომერციული ინტერესების უხეშ ხელყოფას. იბადება მართლზომიერი შეკითხვა - რატომ ხდება ყოველივე ეს მაშინ, როდესაც ქვემოთ მოხსენიებულ თანამშრომლებს ყოველდღიურად 4 საათით, შეუზღუდავად, - პირდაპირ ეთერში მიჰყავთ გადაცემები "ბიზნეს კონტაქტი", "ანალიტიკა" და "საქმიანი დილა"?

აღნიშნულიდან გამომდინარე, მე, როგორც საზოგადოების დირექტორი, ვიღებ გადაწყვეტილებას: ჩატარდეს შიდა სამსახურებრივი მოკვლევა ფაქტზე: 31 მაისს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" შპს "სტუდია მაესტროს" მოქმედ თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ; მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერდეთ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილება ტელეკომპანია "მაესტროს" შემდეგ თანამშრომლებს: თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს. აქვე დავამატებთ, რომ საზოგადოების დირექციამ განიხილა ბატონი გიორგი ისაკაძის "რუსთავი 2"-ის ეთერიდან გაჟღერებული შეთავაზება - აღადგინოს ტელეკომპანია "მაესტროსთან" შრომითი ხელშეკრულება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. განხილვის შედეგად გადაწყდა, საზოგადოების დამაზიანებელი ზემოთ მოყვანილი ფაქტის ან მსგავსი ფაქტებისაგან მომავალში პრევენციის მიზნით, უარი ეთქვას გიორგი ისაკაძეს შემოთავაზებაზე", - ნათქვამია წერილში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია