"დედაჩემი ისე წავიდა, გაცნობაც ვერ მოვასწარი..." - რას იხსენებს პეტრე კოლხი გარდაცვლილ მშობელზე

"დედაჩემი ისე წავიდა, გაცნობაც ვერ მოვასწარი..." - რას იხსენებს პეტრე კოლხი გარდაცვლილ მშობელზე

მამა პეტრე კვარაცხელია, იგივე პეტრე კოლხი (სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი) სოციალურ ქსელში გამორჩეულია თავისი სტასუსებით, თუმცა ბოლო დროს ნაკლებად აქტიურობს, პირად გვერდზე მხოლოდ საკუთარ ლექსებს აქვეყნებს...

გასულ ზამთარს, მას დედა გარდაეცვალა, რამაც ძალიან დაამწუხრა... ამჯერად ვთხოვეთ, სწორედ დედაზე და მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილსა და სევდაზე ესაუბრა და იმაზე, თუ რა ადგილი ეკავა ამ ადამიანს მის ცხოვრებაში...

მამა პეტრე: "დედა ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ გარდამეცვალა, როცა სოფელში ჩასულს, ურთულესი კითხვა დამისვა - "ვინ ხარ"?! ოცდაათი წლის მანძილზე დედაჩემს არასდროს უკითხავს, ვინ ვიყავი. სულის კალთაზე ვყავდი გამობმული და ჩემს ამოუთქმელ დარდს ტარიგივით ეწირებოდა... ის სახლის ეზოში დაკრეფილი ვარდები იყო, ლარნაკში რომ მოვათავსებდი და შორიდან ყურებაც სიმშვიდეს მგვრიდა... ყვავილზე მეტად, ვარდის ფურცლებს დედის სურნელი ასდიოდა... ძალიან უყვარდა მცენარეების მოვლა და პატრონობა... ტკივილი იყო, აუტანელი ტკივილი, შუშანიკივით წამებული და ოჯახისთვის დამაშვრალი... ნერვები მეშლებოდა, რადგან თავს ყოველთვის დამნაშავედ და ზედმეტად გრძნობდა... დედაჩემი ისე წავიდა, გაცნობაც ვერ მოვასწარი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მის წიაღში ამოუხსნელი საიდუმლო იმალებოდა... შვიდი წელიწადია, ვგლოვობ... ის ყოველწამიერად მიკვდება, მეც სუნთქვა მიჭირს მკვდარ მუცელში ჩარჩენილი ემბრიონივით...

- მკაცრად გზრდიდათ? ანუ როგორი დამოკიდებულება გქონდათ დედა-შვილს?

- სიხარულზე მეტი მწუხარება მასწავლა... დაბადებიდან მაგუებდა სევდას... ყოველდღიურობაში ვგრძნობდი, ადამიანთა მსახური უნდა ვყოფილიყავი... სტუდენტობის წლებში, შუქი რომ დღესასწაულივით იშვიათად შემოაღებდა კარს, ჩემთვის სინათლე არასდროს ჩამქრალა, რადგან კვირის ბოლოს სოფლის წითელ ავტობუსს დედის ცრემლებით დანამული წერილი მოჰქონდა... ეს იყო ფოლკნერისეული მსჯელობა, ჩოხელისეული სევდით გაჯერებული სტრიქონები... მათემატიკური სიზუსტით აღწერდა იქაურობას... დედაჩემი ჩემთვის დაუწერელი რომანის გმირი იყო, მშვენიერი ტრაგედიებით... რწმენასავით მჭირდებოდა, სირთულეების დაძლევაში... ცხოვრება არასდროს გვანებივრებდა... არ იყო ჩვენი სინამდვილე მარტივი... შეეძლო დაუსრულებლად ეტირა... ბევრჯერ უთენია მისი ქვითინი მაღვიძებდა, წიგნში ან ვინმე კვდებოდა, ან ვინმეს შორდებოდნენ... ტკივილსაც და სიხარულსაც თანაბრად გამოხატავდა - ცხარე ცრემლებით ტიროდა... ჰო, ტირილში გავიზარდე. კურსიდან კურსზე უმაღლესი ქულებით გადავდიოდი, მინდოდა, მისთვის მეხარებინა, მაგრამ მეტყოდა, რატომ გიკვირს, შენ მეტი შეგიძლია და მიღწეულით ნუ დაკმაყოფილდებიო... არ ვიცი, მეტი მართლა შემეძლო თუ, დედის წარმოსახვა იყო, მაგრამ მოტივირებული ვიყავი, ის "მეტი" საკუთარ თავში აღმომეჩინა...

- იყო თუ არა მორწმუნე, აღმსარებელი?

- მისი არაეკლესიურობის მიუხედავად, ყველაზე რელიგიური იყო, ვინც კი შემხვედრია... არასდროს სჭერია ხელში ლოცვანი, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, ცუდს არავის უსურვებდა, თუ ვინმე გულს ატკენდა, ცრემლებში ჩაიხრჩობოდა, ეს იყო ყველაზე დიდი, რაც საპასუხოდ შეეძლო... ხშირად იტყოდა - "მე და ჩემი ღმერთი"... მართლაც, მარტო "მისმა" ღმერთმა იცოდა, თუ რა ნაღველს ატარებდა დარდში ჩახარშული გულით...

- ერთხელ მახსოვს, ამაზე ისაუბრეთ კიდეც, რომ მას თქვენს მღვდლობასთან შეგუება გაუჭირდა. ეს ამბავი არ მიიღო. რა გითხრათ პირველად, როდესაც ამის შესახებ შეიტყო?

- სასტიკი წინააღმდეგი იყო. ოღონდ, არც სამღვდელოებას ერჩოდა, არც ეკლესიას, მაგრამ ჩემთვის "უკეთესი" ემეტებოდა... "ანგელოზივით ბიჭი მყავს და შავებში გახვეული რატომ უნდა დადიოდეს," - იტყოდა ხოლმე... "რა ბედნიერი ხარ მზია, ასეთი საამაყო შვილი რომ გაზარდე", - როცა ახლობლებისგან მოისმენდა, წყლიან თვალებს ძირს დახრიდა, სხვისგან საკუთარი შვილის შექება უხაროდა, მაგრამ ტკივილი მაინც ძალაში რჩებოდა...

- დედის ლოცვა არასდროს წაუკითხავთ თქვენთვის?

- ის ლოცვებს არ კითხულობდა, მაგრამ ცხოვრების წესით ლოცულობდა. მისგან ყველაზე მართალი, სუფთა, ალალი ლოცვა მოდიოდა, რომელიც ყველა სირთულის დაძლევაში მეხმარებოდა...

- უკვე მოძღვარს დედასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- სად დამცალდა, მოძღვრობაში მასთან ურთიერთობა... ის უკვე ამ ქვეყანას აღარ ეკუთვნოდა... ალცჰაიმერის დაავადებამ გული გონიერით გაჯერებული დედაჩემი ლანდების მონად აქცია... სულ მინდოდა, ცხოვრებაში გიშერის მძივივით აკინძული ტკივილები მისთვის მომეშუშებინა და შვილების ბედნიერებით დამტკბარიყო, მაგრამ არ გამომივიდა... თურქი მწერლის ქემალის წიგნი "უცხო ქალი" მახსენდება, მისი მითითებით 15 წლის ასაკში რომ წავიკითხე... დაავადებამ დედაჩემისგან უცხო ქალი შექმნა... ჩამქრალი თვალებით და დახშული ბაგეებით... მის ნაკვთებში ძველი სახის გადმონაშთს ვეძებდი, მაგრამ უფრო და უფრო მეცლებოდა ხელიდან...

- თქვენს პოეზიას როგორ აფასებდა?

- გულზე მიდებული დაჰქონდა ხელნაწერები... ყველაზე უმნიშვნელოც კი მისთვის ღირებული იყო... "რა გტკივა დედა ასეთი, მოგიკვდეს დედაშენიო", ფურცლებთან ერთად, გულში ჩამიკრავდა და აქვითინდებოდა... ორივეს ერთი გვტკიოდა, მაგრამ აღიარებით ნუგეში არასდროს მოვიდოდა...

- რას გრძნობთ ახლა, როდესაც ის ცოცხალი აღარ არის?

- დედა ახლა ისეთი ცოცხალია, როგორც არასდროს... მკვდარი მაშინ იყო, შეკითხვა რომ დამისვა - ვინ ხარო?.. ახლა კი ნამდვილად იცის, ვინ ვარ სინამდვილეში და რომ იცოდეთ, როგორ მშველის სირთულეების დაძლევაში... მან ღმერთი ახლიდან მაპოვნინა და სიკვდილთანაც შემარიგა... დანარჩენი დროზეა დამოკიდებული, როდის მოხდება ჩვენი მარადიული შეხვედრა... მერე კი მე დავუსვამ შეკითხვას - "ვინ ვარ"?!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია