ავტორი:

გაიცანით სვეტიცხოვლის გიდი, რომლის ვიდეოებს ინტერნეტსივრცეში 100 ათასობით ნახვა აქვს

გაიცანით სვეტიცხოვლის გიდი, რომლის ვიდეოებს ინტერნეტსივრცეში 100 ათასობით ნახვა აქვს

სვეტიცხოველში მისულ ტურისტს, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს გიდი ციცინო ზივზივაძე და მისთვის მოუსმენია, ვფიქრობ, არასდროს დაავიწყდება, რადგანაც ჯგუფს ყოველთვის გულიანად მასპინძლობს, აქვს მისთვის დამახასიათებელი და გამორჩეული ჩაცმისა და გადმოცემის სტილი... ბევრი კოლორიტად მოიხსენიებს...

როგორც ამბობს, 40 წელიწადია, მუზეუმში მსახურობს და ძალიან უყვარს საქმე, რასაც ყოველდღიურად აკეთებს. თუმცა პრესასთან და ჟურნალისტებთან როგორც რესპონდენტს, არასდროს უსაუბრია, ამიტომაც იყო, რომ ჩემმა მასთან ვიზიტმა ცოტათი დააბნია. მაგრამ როდესაც ვუთხარი, რომ ჩვენს საუბარში სკანდალური არაფერი იქნებოდა, რომ ჩემი მიზანი იყო, უფრო ახლოს გამეცნო ადამიანებისთვის, მხოლოდ ამის შემდეგ დამთანხმდა.

- მიყვარს ჩემი პროფესია. აქ თავიდან რომ მოვედი, ერთადერთი საერო პირი ვიყავი, ვინც წირვა-ლოცვებს ვესწრებოდი, მონაზვნებთან ერთად ეკლესიაში ვიდექი და ლოცვას ვუსმენდი. ის კომუნისტური ეპოქა იყო და, მაშინ ამას ვერ ეგუებოდნენ, ამიტომ მუდმივად მოდიოდნენ პარტიული მუშაკები და მამოწმებდნენ. ერთ-ერთი ზარგინავა იყო, სახელი აღარ მახსოვს, აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე, აქტიურობდა. ბევრჯერ გამოვუთრევივართ ტაძრიდან, - რატომ ესწრები წირვა-ლოცვასო?! აღდგომას კომკავშირიდან მოვიდოდნენ და მავიწროებდნენ.

იხილეთ ვიდეო: გიდი სვეტიცხოვლიდან, რომლის ვიდეოს ასობით ათასი ნახვა აქვს

- რას გერჩოდნენ?

- გიდი რომ ვიყავი, არ შეიძლებოდა მორწმუნე-აღმსარებელი, მაზიარებელი ვყოფილიყავი და წირვა-ლოცვას დავსწრებოდი...

- 1975 წელს სერიოზული რისკი კი იყო თქვენი მხრიდან ის ყველაფერი...

- დიახ, ვრისკავდი... ჩემი დირექტორი პარტიის წევრი იყო და დიდი საყვედური მქონდა ხოლმე მისგან, - საშიშ პიროვნებად მიმიჩნევდნენ, რადგან მორწმუნე ვიყავი. წირვა-ლოცვას დღემდე ვესწრები, აბა, როგორ?! აქ რომ მოვედი სამუშაოდ, 1975 წლის მაისი იყო, პატარა გოგო ვიყავი, ახლა 60 წლის ვარ, შეიძლება ითქვას, რომ აქ დავბერდი. ჯერ უმცროსი მეცნიერმუშაკი ვიყავი, მერე უფროსი მეცნიერმუშაკი გავხდი, წარმატებით მაქვს დამთავრებული ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი... მოკლედ, სულ გიდად ვმუშაობ, ვარ მცხეთის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომელი. დღეს დამოუკიდებელი გიდი, ფიზიკური პირი.

- წარმოშობით საიდან ბრძანდებით?

- ბაღდათის რაიონიდან, იმერელი ვარ, თბილისში ვაკის პარკთან 1973 წლიდან ვცხოვრობდი, ახლა მარჯანიშვილის ქუჩაზეა ჩემი სახლი.

- დაოჯახებული ხართ?

- არა, არ გავთხოვილვარ...

- როგორც შევიტყვე, 9 აპრილის ტრაგედიის მონაწილე და დაზარალებულიც ყოფილხართ. მოგვიყევით ამაზე.

- კი, იმ დღეს იქ ვიდექი მთელი ჩემი ოჯახით: მე, ჩემი და-ძმა. მიტინგებზე სულ დავდიოდით. მონაწილეობას ვიღებდით ეროვნულ მოძრაობაში და 9 აპრილის ღამეს დავზარალდი, დამჭრეს. დიაგნოზი იყო ასეთი: "ნაკვეთი ჭრილობები თხემისა და შუბლის არეში, კეფის ჰემატომა, მარჯენა წვივის დაჟეჟილობა, თავის ტვინის შერყევა". ის სამედიცინო ფურცელი დღემდე შენახული მაქვს. ქალაქის 1-ელ კლინიკურ საავადმყოფოს (არამიანცი) რეანიმაციაში ვიწექი. ჩემი და იმ ღამეს ქიმიური ნივთიერებით, რომელიც რუსებმა გამოიყენეს, მოიწამლა და სხვათა შორის, რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა იმ უბედურებით მოშხამული, მაგრამ ჩვენ ვიდექით იქ, რადგანაც სხვანაირად არ შეგვეძლო...

- ამ წლების განმავლობაში, როგორც იმ ტრაგედიის მონაწილეს და დაზარალებულს დამხრება თუ მიგიღიათ?

- შეღავათი მაქვს კომუნალურ გადსახადებზე. ყოველი წლის 9 აპრილს, პრეზიდენტს გააჩნია, 300 ლარს დახმარებას გვიგზავნიან, წელს დაგვეხმარნენ.

- ჩაცმულობის თქვენეული სტილი გაქვთ: შლაპა, შავი სამოსი და ხელჩანთა. ამაზე სპეციალურად მუშაობთ, თუ ყველაფერი თავისთავად ხდება?

- ჩემს ჩაცმის სტილზე არ ვმუშაობ, ყველაფერი თავისთავადაა ასე. მოწრმუნე მოკლე კაბითა და მოკლემკლავიანი ტანსაცმლით, თავსაფრის გარეშე ტაძარში არ უნდა შევიდეს და არც შევსულვარ, ახალგაზრდაც რომ ვიყავი, მონაზონივით დავდიოდი ეკლესიაში.

- თქვენს საქმეში რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი?

- მთავარია, რომ ჩემი ქვეყნის ისტორია გადავცე პირველ რიგში ბავშვებს იმიტომ, რომ უმეტესად მაინც ისინი მოდიან აქ, სამშობლო შევაყვარო, გავაცნო ჩვენი წარსული და საქართველოს ფუძის, სვეტიცხოვლის შესახებ ვუამბო მთელი ისტორია. მიყვარს ჩემი პროფესია და ამიტომაც არის, რომ სულ გიდი ვარ.

- ბევრნაირ ადამიანთან გიწევთ ურთიერთობა, როგორები არიან თქვენი ტურისტები?

- ყველანი კარგები არიან, მისმენენ, მადლობას გადამიხდიან ხოლმე, ტურისტთან რაიმე პრობლემა არ მქონია, მიყვარს, როცა მათ ექსკურსიის შემდეგ კანფეტებით ვასაჩუქრებ, სულ ჩანთაში მიდევს...

- უცხოელებთან თარჯიმნის გარეშე მუშაობთ?

- თარჯიმნის გარეშე უფრო კომფორტულად ვმუშაობ, ვსაუბრობ ქართულ და რუსულ ენებზე. ინგლისური თუ ვინმეს მოუნდება და აქ არ იქნება ინგლისურენოვანი გიდი და სტუმრები ჩემს ინგლისურს გაიგებენ, მაშინ კი ბატონო, ინგლისურადაც დაველაპარაკები ჩემი ქართული აქცენტით (იღიმის). ვიცი თუ არა ინგლისური, ეს ტურისტმა უნდა შეაფასოს. თუ უკმაყოფილო წავლენ, მაშინ ასეთ შთაბეჭდილებას დატოვებენ. საყვედური ჯერ არავის გამოუთქვამს.

- ინტერნეტით თქვენი გიდობის ამსახველი ვიდეომასალა მაქვს ნანახი და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ შინაგანად არტისტი ხართ, თქვენი პროფესია კი ამ უნარის დემონსტრირებაში გეხმარებათ. არ გიფიქრიათ მსახიობობაზე?

- არასდროს მიფიქრია მსახიობობაზე. უბრალოდ, ის არის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, პატრიოტი ვარ, ადამიანებს გადავცემ ინფორმაციას ისე, რომ შევაყვარო საქართველო, სვეტიცხოველი, - ამას სულ ვცდილობ. საოცარი წარსული გვაქვს. როდესაც ეს ტაძარი იგებოდა, რა დიდებული საუკუნე იყო. საქართველო დიდ იმპერიად გახლდათ გადაჭიმული, იმპერატორი არასდროს გვყოლია, მაგრამ ძლიერი იყო მაშინ ქვეყანა, მერე გვქონდა ოქროს ხანა - თამარის, დავითის ეპოქა. სწორედ ამას ვამბობ ამდენი წელია და ეს მინდა, რომ ავუხსნა პატარებსაც, რომ პატრიოტები გამოვიდნენ. რასაც ვამბობ, გულიდან ამოღებული სიტყვებია, რომ კარგად გაიგონ ყველაფრი. ეს არის და ეს...

- გული რაზე გწყდებათ?

- 20-30 წლის წინ უფრო შეკრული იყო ერი, ერთ მუშტად ცხოვრობდა ხალხი და მეტი პატრიოტები იყვნენ... 9 აპრილი რომ მოხდა, ადამიანებს საოცარი სიამაყე ჰქონდათ. იმ ღამეს კათალიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ გაგვაფრთხილა, რომ საშიშროება ახლოვდებოდა და მოგვიწოდა, ვილოცოთ, წმინდა გიორგის ტაძარში, ქაშვეთში შევიდეთო. ჩვენ მას არ დავემორჩილეთ და ვუთხარით, რომ ფიცი გვქონდა დადებული, იქიდან ფეხი არ დაგვეძრა, რომ მზად ვიყავით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი შეგვეწირა და არ დავშლილიყავით...

არ გვეშინოდა სიკვდილის, მოდიოდა რუსის ტანკი, მოჰქონდათ საწამლავი, ნიჩბებს გვიშენდნენ, მაგრამ ისეთი აღტკინებულები ვიყავით, რომ არ დავიშალეთ. აი, ერთიანობა ის იყო. თორემ ხომ მოგვიწოდეს, გასაქცევი გზაც გვქონდა. გაქცევა ჩვენი დამარცხება იქნებოდა. იმ ღამეს 250 კაცი დაიჭრა და 16 გარდაიცვალა, მაგრამ ის ჩვენი გამარჯვება იყო და მიმაჩნია, რომ დიდი მოვლენა. ვამაყობ, რომ იქ ვიდექი და ვიცავდი საქართველოს დამოუკიდებლობას!

ჩემი სურვილია, ქართველებს გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ ერთმანეთს, არ დავამციროთ, არ დავაბრკოლოთ და ვიყოთ ჭეშმარიტი მორწმუნეები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ