"ხშირად სნეულის დაავადება საკუთარ თავზე აუღია..." - მამა სოგრატის ლოცვის ძალა და ცხოვრების უცნობი დეტალები

"ხშირად სნეულის დაავადება საკუთარ თავზე აუღია..." - მამა სოგრატის ლოცვის ძალა და ცხოვრების უცნობი დეტალები

...მისმა ლოცვამ უამრავი ადამიანი სნეულებისგან განკურნა, ბრმას თვალი აუხილა, სარეცელს მიჯაჭვული ფეხზე დააყენა, ეშმაკეულით შეპყრობილი, სულიერად დაავადებული განკურნა...

9 ივნისს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხაძე). იგი ერთ-ერთი გამორჩეული ღვთისმსახური იყო და მისმა ლოცვამ უამრავი ადამიანი სნეულებისგან განკურნა, ჭეშმარიტების გზაზე დააყენა. ძალიან საინტერესოა მისი ცხოვრების გზა. იგი სამი პატრიარქის კურთხეული მოძღვარი გახლდათ.

დაიბადა 1933 წლის 19 თებერვალს, ცხინვალის რაიონში, სოფელ ზემო აჩაბეთში, მრავალშვილიან ოჯახში. მამა ომში დაეღუპა, დედა საოცრად მორწმუნე ადამიანი ჰყავდა. ცხინვალში თურმე ყველა იცნობდა თეთრებით შემოსილ სასიამოვნო გარეგნობის ქალს, რომელიც ყველა საეკლესიო დღესასწა-ულზე ტაძარში მოურიდებლად შედიოდა, ხმამაღლა გალობდა და სხვებსაც რწმენისა და ლოცვისკენ მოუწოდებდა. უფლის რწმენით აღზარდა შვილები და სკოლის დამთავრების შემდეგ მამა სოგრატმა მცხეთის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა.

1968 წლის 17 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა. იმავე წლის მაისში მღვდლად აკურთხეს და სიონის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. პარალელურად, სემინარიის პედაგოგი იყო. ჯერ დიდუბის ეკლესიაში, ამის მერე კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, შემდეგ კი, მამა დავითის სახელობის ტაძარში იმსახურა. 1975 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, დავით მეხუთემ მამა სოგრატი ბერად აღკვეცა, არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. იქ წლების მანძილზე იმსახურა. მამა სოგრატი ბავშვობიდან ლექსებს წერს და ოთხი კრებულის ავტორია. 1979 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ იგი მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

იხილეთ სიუჟეტი მამა სოგრატის შესახებ

1992 წელს მამა სოგრატი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის, სამთავროს დედათა მონასტრის და ღირსი შიო მღვიმელის მონასტრის მთავარ ხუცესად დაინიშნა. 2002 წელს კი საქართველოს ეროვნული აკადემიის რელიგიისა და ეთნოკულტურის განყოფილების მრჩევლად აირჩიეს და აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება მიანიჭეს.

მამა სოგრატის ლოცვის ძალა მართლაც ურიცხვმა ადამიანმა გამოცადა. იმასაც ამბობენ, რომ ხშირად სნეულის დაავადება მამა სოგრატს საკუთარ თავზე აუღია. თურმე, ტაძარში დედამ ბავშვი მიიყვანა, რომელსაც უჩვეულო ქცევები ჰქონდა: აწუხებდა უძილობა, ხშირად ტიროდა, ახველებდა, აცემინებდა... მამაომ ლოცვა დაიწყო და იქ მყოფები გაოგნებულები დარჩნენ - მათ დაინახეს, რომ მამა სოგრატს სწორედ ის პრობლემები დაეწყო, რაც ბავშვს აწუხებდა: მას მთლიანად დაუსველდა სამოსი, თითქოს წყალი გადაასხესო; დააწყებინა ცემინება, ხველა; უზომოდ დაიღალა. ყველანი შეშინებული თვალებით შეჰყურებდნენ თურმე მოძღვარს, რომელიც იდგა და ლოცვას განაგრძობდა... სამი ლოცვის შემდეგ ბავშვი განიკურნა.

მარი კვინრაძე, ექიმი:

- 17 წელია, მამა სოგრატის მრევლი ვარ. მისი ლოცვის ძალა ჩემს თავზე გამოვცადე. ქიმიოთერაპიის ფონზე ორმხრივი ტოტალური პნევმონია განმივითარდა და მიუხედავად ექიმების პროფესიონალიზმისა, თავგანწირვისა და ძალისხმევისა, მკურნალობა უშედეგო იყო. მათ თვალებში უიმედობას ვხედავდი. მართლაც, შანსი არ იყო, მაგრამ მამაოს ლოცვამ სასწაული მოახდინა. პირველი ლოცვის შემდეგ უდიდესი შვება ვიგრძენი, მეორე დღიდან უკვე სიცხე აღარ მქონდა. როცა მესამე დღეს საკონტროლო რენტგენოგრაფია გაკეთდა, ექიმები გაოგნებულები იყვნენ: მისი ლოცვის წყალობით ყველაფერი აილაგმა...

რამდენიმე თვის წინ, ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მამა სოგრატმა მის ბავშვობაზე ისაუბრა და იმაზე, თუ რატომ არასდროს უფიქრია საერო ცხოვრებით ეცხოვრა და თავი მთლიანად უფალს მიუძღვნა:

"ბავშვი რომ იბადება, თუ ბიჭია, ის პატარაობიდან იღებს სათამაშო თოფს, თუ გოგოა - თოჯინასა. ეს თანდაყოლილი ხომ არის? - ბუნებრივი მოვლენაა. მე არც თოფი ამიღია და არც თოჯინა. აზრადაც არ მომსვლია, რომ ცოლ-შვილი მყოლოდა. ერთ რამეს გავიხსენებ ჩემს ცხოვრებაში, საინტერესო მოსასმენია: ოჯახში გაჭირვება გვქონდა. პატარა ძმა იღებდა ინვალიდობის პენსიას და საბჭოში იძლეოდნენ. ჩვენთან მოვიდა მეზობელი - ეს ქალი დედაჩემის ხნის იყო. ჰოდა, მეუბნება, რომ წამოდი საბჭოშიო (სოფელ ქურთაში იყო საბჭო, მე ზემო აჩაბეთელი ვარ) და ფული ავიღოთო. მე ძალიან მორცხვი ვიყავი, მრცხვენოდა წასვლა, გამეხარდა და ამ ქალს გავყევი ფულის ასაღებად. ის ფული რომ ავიღეთ, მოვდივართ სახლისკენ, გრძელი სოფელია და გზაში ერთ სახლთან იდგა ახალგზარდა ქალი, ხელში პატარა ბავშვი ეჭირა.

არ ვიცი ვინ იყვნენ ეს ქალი და ბავშვი. პატარა ბავშვი მე მომაშტერდა. შორიდან შევამჩნიე, მიცქერდა და თვალი არ მოვაშორე. ამ ქალს, ჩემს გვერდით რომ მოდიოდა, შეუმჩნევია, ბავშვის თვალები რომ მომშტერებია. სასწაული უნდა იყოს ესა, ჰოდა, ასეთი რაღაც მითხრა: არ გინდა, ასეთი ბავშვი შენ გყავდესო? მეწყინა მისი ნათქვამი და რა ვუპასუხე იცით? - ყველა ბავშვი ჩემი არ არის მეთქი? ჩემი პასუხი აღიბეჭდა ჩემს გონებაში და არ დამავიწყდება, ჰოდა, ჩემი ბუნება მაშინ გამოიკვეთა. ჯერ ერთი, იმ ქალის შეკითხვა არ იყო სწორი, ბავშვი კი არ უნდა ეთქვა, ასე უნდა ეთქვა: შენი ცოლ-შვილი გყოლოდაო - ხომ ასე უნდა ეთქვა? ბავშვი თავისით ხომ არ ჩნდება. მე კიდევ გამოვუსწორე, - ყველა ბავშვი ჩემი არ არის-მეთქი? მაშინ, მე არ მიფიქრია მღვდლობა. მოძღვრისთვის ყველა ბავშვი, მისი დედა, მამა, ბებია, ბაბუა - ყველა ვინც ჰყავს, მოძღვრისა რა არის? ჩვენთვის ხომ ყველა შვილია? რადგანაც მოძღვარი იღებს ხარისხს, მისი ქორწინება არ შეიძლება, შეუღლება აღარ შეიძლება, უჩერდება მსახურება. მერე ამგვარი პასუხი გავეცი, რაც ზემოთ ვთქვი. ჩემს გონებაში არ მოსულა, რომ მე ან ცოლი, ან შვილი მყოლოდა. ბედნიერი ვარ, რაც ვარ დღეს, ეს მე ვარ. ჩემთან მოდის ყველა გაჭირვებული, მოხუცი, ახალგაზრდა, ბავშვი - ყველას, ვისაც უჭირს, ჩემთან მოდის და მთელი დღე მათ დახმარებას ვცდილობ. ჩემი დრო გამოყენებულია მაქსიმალურად, წუთი არ მეკარგება. თუ ღამეა და ძილი გინდა, დაიძინე, ეს არ იკარგება, რომ აღდგეს ენერგია. თუ დღეა და იღვაწე, ეს დრო არ იკარგება".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ