დიდი განხეთქილება მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოს ეკლესიის პოზიცია

დიდი განხეთქილება მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოს ეკლესიის პოზიცია

მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიდი განხეთქილებაა. 16 ივნისისთვის კრეტაზე დაგეგმილი დიდი და წმინდა კრება, შესაძლოა, ან ჩაიშალოს, ან მასში მონაწილეობა მიწვეული 14 ავტოკეფალიური ეკლესიიდან ნახევარზე ცოტა მეტმა მიიღოს. ორივე შემთხვევა უკვე იმის მანიშნებელი იქნება, რომ მართლმადიდებლებში დიდი და ისტორიული განხეთქილება დაიწყო.

უკვე გაცხადებულია, რომ ბულგარეთის, ანტიოქიისა და სერბეთის ეკლესიები დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი ერთი ეკლესია მაინც არ მიიღებს მონაწილეობას, კრების ჩატარება შეუძლებელია, თუმცა გადაჭრით არ უთქვამს, თავად აპირებდნენ თუ არა კრეტაზე გამგზავრებას.

დღეს საქართველოს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე მიიღეს განჩინება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო, მით უმეტეს, რომ კატეგორიულად მიუღებელია კრებაზე გასატანი 6 საკითხიდან 2 - "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" და "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში", - მესამე დოკუმენტში კი ტერმინოლოგიის შეცვლას ითხოვს.

"არის ისეთი ფუნდამენტალური საკითხები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და რომელსაც არ ითვალისწინებენ. კონკრეტულად თუ რა არის ეს საკითხები, საპატრიარქო განცხადებას შემდეგ გააკეთებს", - განაცხადა მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა სხდომის დასრულების შემდეგ.

რა ხდება სინამდვილეში და რას უკავშირდება განხეთქილება მართლმადიდებლურ სამყაროში, ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" ვრცელ სტატიას აქვეყნებს, საიდანაც ნაწყვეტებს გთავაზობთ:

მოსკოვი კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ

რუსული მედია აქტიურად წერს იმას, რომ რუსეთის ეკლესია დიდ და წმინდა კრებაზე წასვლას არ აპირებს და რომ პატრიარქი კირილი კრების წინააღმდეგია. მიზეზად კი ერთი - ასახელებენ იმას, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის მხრიდან მართლმადიდებლების ძველი წესების უფრო გალიბერალება უნდა მოხდეს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი პოზიციები სუსტდება და ეს მიუღებელია.

მეორე - წერენ იმაზე, რომ მართლმადიდებელ სამყაროში პირველობისათვის დაპირისპირებაა და ამ კრების ირგვლივ მიმდინარე ამბებიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზატორია, ამ კრებით პოზიციების გაძლიერებას გეგმავს. მისი ჩაშლა კი მოსკოვის ინტერესშია, სწორედ პირველობისთვის ბრძოლის თვალსაზრისით, რადგანაც, რუსეთს დიდი ხანია "თანასწორთა შორის პირველობა" სურს, თუმცა ამას პირდაპირ ღიად ვერ ამბობს, მით უმეტეს, რომ კონსტანტინოპოლს ზურგს აშშ-ს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ეკლესია უმაგრებს. კრების ჩაშლით კი კონსტანტინოპოლის პრესტიჟი ილახება, ხოლო რუსეთის პირიქით - იმატებს.

კრებაში სულ 14 ავტოკეფალიურ ეკლესიას უნდა მიეღო მონაწილეობა. ესენია: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის და ასევე ჩეხეთისა და სლოვაკეთის. მე-15 არის ამერიკის ეკლესია, რომელსაც ბევრი არ აღიარებს ავტოკეფალიურად და ამიტომაც მიწვეული არ ყოფილა.

ამათგან ნაწილი მეტნაკლებად ე. წ. კონსტანტინოპოლის ბანაკის წევრებად მიიჩნევიან, ნაწილი - რუსეთის და საუბარია იმაზე, რომ რუსეთი საკუთარი მომხრე ეკლესიების ხელით ცდილობდა მთელი ეს დრო ამ კრების ჩაშლას, რაც, დიდი ალბათობით, გამოსდის კიდეც. თუ ჩაშლა არა, მისი მნიშვნელობის გაუფასურება მაინც.

გამოიწვევს თუ არა ეს დაპირისპირება მართლმადიდებელ სამყაროში დიდ სქიზმას და, შესაძლოა, თუ არა რომ ურთიერთბრალდებებიც დაიწყოს იმაზე, ვინ უფრო ჭეშმარიტი მართლმდაიდებელია და ვინ - მწვალებელი?...

თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა მაინც არ ჰგონია, რომ კრების ირგვლივ ამტყდარ ამ ამბებს ეკლესიებს შორის კავშირის გაწყვეტა და ერთმანეთის მწვალებლობაში დადანაშაულება მოჰყვეს.

"შეიძლება ეს ყველაფერი დიდი თამაშის ნაწილია, სადაც რუსეთი და კონსტანტინოპოლი ერთმანეთს პირველობისთვის უპირისპირდება. გადაჭრით ვერაფერს დავაბრალებ, თუმცა შესაძლოა რუსეთს კრების ჩატარება არ აწყობდეს, რადგანაც კრების წარმატება მსოფლიო პატრიარქის ავტორიტეტის ცალსახად განმტკიცება იქნება", - ამბობს ლევან აბაშიძე.

"უფრო მგონია, რომ კრებას მაინც ჩაატარებენ. რაც უნდა ვთქვათ, რომ მართლმადიდებლებში ერთობა არ არის, ეს ერთობა მაინც არსებობს და მისი დარღვევა არავის აწყობს. თანაც ის სქიზმები, რომლებიც ადრეულ საუკუნეებში მწვალებლობის ნიადაგზე ხდებოდა, სერიოზული თეოლოგიური და სარწმუნოებრივი საკითხების გამო იწყებოდა. აქ კი სარწმუნოების საკითხებზე დაპირისპირება არ გვაქვს", - დასძენს აბაშიძე.

ეკატერინე ბასილაია

გაზეთი "რეზონანსი"

"ტურისტები ორჯერადი ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ" - ეკატერინე ტიკარაძე

"აუდიტის სამსახური სწვალობს სავარაუდო ხარვეზებს, რაც შესაძლოა იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში" - რა განაცხადა ტიკარაძემ ვაქცინების დანაკლისზე

"ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, როდის იქნება საქართველოში "ფაიზერი“ - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინების შემოტანის თარიღთან დაკავშირებით