კომპოზიტორი, რომელმაც საქართველოს პატრიარქს 20 სიმღერა მიუძღვნა

კომპოზიტორი, რომელმაც საქართველოს პატრიარქს 20 სიმღერა მიუძღვნა

"მოგეხსენებათ, საქართველოს პატრიარქი ჩვენი ყველაზე დიდი იმედია. უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მაქვს მის მიმართ და ამიტომაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში 20 სიმღერა მივუძღვენი, ალბომიც გამოვეცი", - კომპოზიტორი მაყვალა ხორბალაძე-ლაშქარაშვილი თავის საინტერესო ცხოვრების გზაზე გვიამბობს.

- ჩემი ბავშვობა მზიან დღეებს მაგონებს. ოთხი წლის ასაკიდან ვუკრავდი და ვმღეროდი... ერთნაირად გატაცებული ვიყავი როგორც კლასიკური, ასევე საესტრადო მუსიკით. კარგი პედაგოგის ხელში აღმოვჩნდი - ბატონ ნიკოლოზ ბახტაძის კლასში და გადავწყვიტე, მუსიკოსის პროფესიას გავყოლოდი. თუმცა, მშობლების დაჟინებული თხოვნა იყო, რომ ექიმი გავმხდარიყავი. კონცერტებს არ ვტოვებდი, ყველა შემოთავაზებულ ღონისძიებაში ვმონაწილეობდი და გორში ძალიან საინტერესო ხალხს დავუახლოვდი... იქ სტუმრად ჩამოდიოდნენ: სულხან ცინცაძე, პეტრე გრუზინსკი, თენგიზ მუშკუდიანი და სხვა მრავალი მუსიკოსი... სულხან ცინცაძეს ძალიან მოსწონდა ჩემ მიერ შესრულებული მისი სიმღერები. ფილმები: "აბეზარა" და "ჭრიჭინა" ახალი გამოსული იყო, როცა ამ ფილმებიდან სიმღერებს სმენით ვუკრავდი, რაც ძალიან სიამოვნებდა. მე მის ავტოგრაფს დღემდე ვინახავ... ბატონი თენგიზ მუშკუდიანი ხშირად სტუმრობდა გორს და ბედნიერება მქონდა, მისთვის დამეკრა "ღვინო კახურო". ჩემთვის დაუვიწყარია გორის თეატრში, ბატონ რევაზ ლაღიძესთან შეხვედრა. მახსოვს, საღამო რომ მოუწყვეს, თავად სცენაზე იჯდა. როცა გამოაცხადეს, რომ შესრულდებოდა "ლელას არია", გაუკვირდა, - ამას ვინ შეძლებსო? ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა ვოკალისტმა, დიანა როსტომაშვილმა ჩემი კონცერტმაისტერობით შესანიშნავად შეასრულა არია და ბატონი რევაზ ლაღიძის მადლობაც დავიმსახურეთ. ასევე, დაუვიწყარი იყო შეხვედრა: გიორგი ცაბაძესთან, ბათუ კრავეიშვილთან, პეტრე გრუზინსკისთან, ნანი ბრეგვაძესთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან... სამწუხაროდ, გიორგი ცაბაძესთან შეხვედრა დიდი ტრაგედიით დამთავრდა: იგი გორის სცენაზე გარდაიცვალა, მისივე სიმღერის შესრულების შემდეგ...

- სიმღერების წერა როდის დაიწყეთ?

- სიმღერის წერამ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შემახვედრა. განსაკუთრებული იყო მედეა ძიძიგური... პირველად რომ დავწერე სიმღერა, მერიდებოდა და ვერ ვბედავდი, ვინმესთვის მეთხოვა, მოისმინეთ-მეთქი. ბოლოს გადავწყვიტე, რუსუდან სეფისკვერაძეს მოესმინა. მან მითხრა, - ამ სიმღერაში მედიკოს ხმას ვხედავო. მერე თავის მანქანაში ჩამსვა და მედიკოს სახლში წამიყვანა... ძიძიგურს სიმღერა იმდენად მოეწონა, რომ დაუყოვნებლივ ჩაწერა ფონოგრამა და თუ ვინმე ნაცნობი ჰყავდა, ყველას ასმენინებდა. შემდეგ მეორე სიმღერაც დამაწერინა - "სიყვარულზე ღიღინი"... მედეა ძიძიგურის გარდა, ჩემი სიმღერა შეასრულა ტრიო "ჰანგმა", თემურ წიკლაურმა... 2000 წელს ნუნუ გაბუნიამ შემოქმედებითი საღამო მომიწყო. ამ საღამოს შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ღირსების ორდენით დამაჯილდოეს. დღემდე აქტიურად ვმონაწილეობ გორისა და თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. ვმეგობრობ იტალიელ ტენორთან, პაოლ ოლევანტილოსთან და მასთან ერთად ვმონაწილეობ საქველმოქმედო კონცერტში. ჩემს სიმღერებს უამრავი ცნობილი მომღერალი ასრულებს, როგორც საოპერო, ისე საესტრადო სფეროდან.

- როგორც ვიცი, ქართველ კომპოზიტორებს შორის, ყველაზე მეტი სიმღერა საქართველოს პატრიარქს თქვენ მიუძღვენით...

- უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მაქვს მის მიმართ. ამიტომაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში 20 სიმღერა მივუძღვენი და ალბომიც გამოვეცი. შარშან პატრიარქმა მიგვიღო, ჩემი სიმღერები შევუსრულეთ მე და ქართველმა საოპერო მომღერალმა მზია დავითაშვილმა... ჩემმა მოწაფემ, ზურიკო ხომასურიძემ პატრიარქზე დაწერილი სიმღერა მარმარისის კონკურსზე შეასრულა და გაიმარჯვა კიდეც. ამ ბავშვზე დიდი ამაგი მაქვს, მე ავამღერე! 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მას მამა მოუკლეს. სოციალურად დაუცველია და მეჯვრისხევში ცხოვრობს. მე "ქალთა საბჭოს" წევრი ვარ და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ბავშვს პიანინო ვუყიდეთ, მეჯვრისხევში ავუტანეთ. ჰოდა, შარშან პატარა ზურიკო მარმარისის კონკურსიდან დიდი წარმატებებით დაბრუნდა, მის სიგელს ათი ქვეყნის წარმომადგენელი მუსიკოსი აწერს ხელს! მეც, როგორც პედაგოგი, საერთაშორისო სერტიფიკატით დამაჯილდოეს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი