რატომ მოგდით "სითი პარკის" ჯარიმები თვეების დაგვიანებით და რა შემთხვევაში თავისუფლდებით გადახდისგან

რატომ მოგდით "სითი პარკის" ჯარიმები თვეების დაგვიანებით და რა შემთხვევაში თავისუფლდებით გადახდისგან

კომპანია "სითი პარკს" ხშირად საყვედურობენ მოქალაქეები ქალაქში პარკირების ადგილის სიმცირის, ავტომობილების ევაკუაციის წესების დარღვევისა თუ დაჯარიმების გამო. მიუხედავად ამისა, უკვე წლებია თბილისში კომპანია პარკირების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.

ამჯერად, "სითი პარკის" წინააღმდეგ ახალი უკმაყოფილების ტალღა აგორდა. კერძოდ, მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე გადაუხდელი ჯარიმა, რომელიც თვეების განმავლობაში დაგროვდა, სახლში ერთიანად მისდით. ხშირ შემთხვევაში, ეს ჯარიმები ერთი წლის წინ არის გამოწერილი.

"სითი პარკის" 7 გადაუხდელი ჯარიმა მქონდა, თუმცა სახლში არცერთი მათგანი არ მომსვლია. ვიცი, რომ ჯარიმის არსებობის შემთხვევაში, შემიძლია არ გადავიხადო, თუ სახლში არ მომიტანს აღნიშნულ ქვითარს კომპანია. პირველი ჯარიმიდან გავიდა თითქმის ერთი წელი და დაახლოებით 1 კვირის წინ ყველა ჯარიმა ერთიანად მომიტანეს სახლში. მე ამდენი ჯარიმის გადამხდელი არ ვარ და რა გავაკეთო არ ვიცი" - ასეთი პრობლემით მომართა AMBEBI.GE-ს რედაქციას თბილისის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

წაიკითხეთ: რა შემთხვევაში ჩამოგართმევენ ავტომობილს, თუ "სითი პარკის" 10-ლარიან ჯარიმას დროულად არ გადაიხდით

იმის გასარკვევად, არის თუ არა ვალდებული კომპანია დროულად შეატყობინოს და მიუტანოს ჯარიმები სახლში მოქალაქეებს და ზოგადად აქვს თუ არა აღნიშნულ ჯარიმებს ხანდაზმულობის ვადა, "სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ტაბიძემ განგვიცხადა, ჯარიმას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, უბრალოდ, არსებობს 6-თვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული ჯარიმები თუ არ ჩაბარდა მოქალაქეს, მისი აღსრულების მექანიზმი სახელმწიფოს აღარ გააჩნია.

- რატომ მისდით მოქალაქეებს ჯარიმის ქვითრები სახლში რამდენიმე თვის, ხშირად 1 წლის შემდეგ, დამეთანხმებით, ბევრისთვის ძნელია დაგროვილი ჯარიმების ერთიანად გადახდა.

- როგორც წესი, ესეთი რაღაც არ ხდება. თუმცა, ჯარიმების გვიან მისვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მოქალაქეთა ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც გზავნილი უკან ბრუნდება, როდესაც სახლში არ არის მოქალაქე, ან თუ არის არასრული დამისამართება - მაგალითად, არის იტალიური ეზო, ან სხვა შემთხვევა. ამ შემთხვევებში მიტანის ვადები იწელება.

ამის შემდეგ ხდება დაგროვება, თუმცა ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიდის ჯარიმა დანიშნულების ადგილამდე. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს დაუგროვდა რამდენიმე ჯარიმა და ეს ჯარიმები ერთად მიუტანეს, მან უნდა გადაიხადოს ისინი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ გასულია ჯარიმის ჩაბარების 6 თვე, მაშინ მოქალაქე დაწერს განცხადებას და დეტალურად მიიღებს ახსნა-განმარტებას. მას შეუძლია ასევე მობრძანდეს კანდელაკის 47 ნომერში, სადაც დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.

- არსებობს თუ არა ხანდაზმულობის ვადა ჯარიმის გადახდის შემთხვევაში? ანუ თუ ერთი წლის წინ არის ჯარიმა დაწერილი და ჩაბარა მოქალაქეს დღეს, რა ხდება ამ შემთხვევაში?

- კომპანიას აქვს ვალდებულება, ჯარიმის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს მესაკუთრეს, რომ მას აქვს ჯარიმა. ეს ინფორმაცია მათ აუცილებლად მისდით. უკეთ რომ განვმარტო, არ არსებობს დაგვიანებული მიტანა ჯარიმის, ჯარიმა არანაირი პერიოდის გასვლის შემდეგ არ უქმედება. უბრალოდ, არსებობს აღსრულების ვადა 6 თვე. ანუ თუ ჯარიმა დარღვევიდან 6 თვის შემდეგ ჩაგბარდათ, არ იარსებებს აღსრულების მექანიზმი. მოქალაქეს ჯარიმა დარჩება, თუმცა მოთხოვნის მექანიზმი აღარ გვექნება.

ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი არსებული სიტუაციიდან გამოსავალს მხოლოდ ჯარიმის მოქალაქემდე ფოსტით მიტანის სერვისის თანამედროვე სისტემით ჩანაცვლებაში ხედავს: "პირადად მე არ მქონია მსგავსი შემთხვევა, თუმცა ბევრისგან გამიგია, რომ მსგავსი პრობლემები შექმნიათ. ეს სისტემა მოძველებულია არა მარტო "სითი პარკთან" მიმართებაში, არამედ ზოგადად. რაღაც თანამედროვე სისტემის დანერგვაა საჭირო, რადგან მუდმივად არის აპელირება, რომ მძღოლმა ან ვერ მიიღო ან საერთოდ არ ჩაიბარა ჯარიმა. ეს ძირითადად საბოლოოდ სასამართლოს განსჯის თემა ხდება ხოლმე. სამწუხაროდ სხვა ბერკეტი არ არსებობს".

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: როგორ ინაწილებენ "სითი პარკი" და მერია დაჯარიმებული მძღოლების ფულს - რა წერია ორმხრივი ხელშეკრულების გასაიდუმლოებულ პუნქტებში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი