"მე არასწორი არჩევანი გავაკეთე, 4-წლიან "ციხეში" ვარ..." - ქართველი სტუდენტის გასაჭირი

"მე არასწორი არჩევანი გავაკეთე, 4-წლიან "ციხეში" ვარ..." - ქართველი სტუდენტის გასაჭირი

ეს წერილი AMBEBI.GE-ს ფეისბუქის გვერდზე ერთ-ერთმა სტუდენტმა გამოგვიგზავნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის წუხილი, ალბათ, ბევრისთვის ნაცნობია, თუმცა სამწუხაროდ, დაგროვილი პრობლემების გადაჭრის გზებს ჯერ ვერც უნივერსიტეტი და ვერც განათლების არსებული სისტემა პოულობს:

"ჩემი წუწუნი ყოველთვის გამოცდებს ემთხვევა... იმიტომ კი არა, რომ ზარმაცი ვარ ან უსაქმური და სტატუსების წერით ვირთობ თავს. უბრალოდ დამღალა ამ უაზრობამ.... დავდივარ უნივერსიტეტში და ვსწავლობ... ვცდილობ გავაკეთო მაქსიმუმი და მივიღო კარგი შედეგი, მაგრამ ძალიან დავიღალე... იმიტომ რომ:

1. ვერ ვხედავ აქ სწავლის საბოლოო შედეგს და მიზანს, ვერ ვხვდები რაში უნდა გამოვიყენო უაზროდ დაზეპირებული თეორია მომავალ ცხოვრებაში ან რატომ არ მაძლევს უნივერსიტეტი არანაირ პრაქტიკულ უნარებს.

2. ის რაც აქ ხდება ეს სწავლა არ არის... ეს არის კომუნიზმის საცოდავი ნარჩენი

3. რატომ არის საჭირო უაზროდ უაზროდ ნათარგმნი წიგნიდან ულევი რაოდენობის გვერდების დაზეპირება, რომლის შინაარსიც ერთ გვერდზე შეიძლება დაეტიოს. (რა საჭიროა ამ შემთხვევაში მეწარმეობის ათი სხვადასხვა განმარტების დაზეპირება, როდესაც თითოეულში ერთი და იგივე წერია სხვადასხვა სიტყვებით... ხომ შეიძლება ამ კურსის განმავლობაში სტუდენტებს დააწერინო საწარმოზე იდეა და მთელი სემესტრი ამ იდეის განვითარებას დაუთმო? )

4. რატომ გვაზეპირებენ საკითხებს და გვაწერინებენ გამოცდებს ისე თითქოს საკონტროლოს ვწერთ. (ყველა საგანზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ 90%-ზე)

5. რატომ ამართლებენ ამ სისტემას "ბოლონიის" პროცესით, მაშინ როდესაც ამ ყველაფერს ევროპასთან და განვითარებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია?

6. რატომ გამოვყავართ ლექტორებს დაფასთან და რატომ გვაყოლებენ ყოველ კვირას "გაკვეთილებს"

7. რატომ უნდა დაიზეპიროს სტუდენტმა მარკეტინგი წიგნიდან ისე, რომ საბოლოოდ არანაირი პრაქტიკული უნარი არ მიიღოს აქედან? (მაგალითად: ლატვიაში გავდიოდი (საბედნიეროდ )მარკეტინგის კურსს და ყოველ კვირას სხვადასხვა კომპანიის მარკეტოლოგები მოჰყავდათ და ქეისებზე გვამუშავებდნენ

8. რატომ ვართ ასეთი საცოდავები?

ამ ყველაფერზე წლიდან წლამდე ვწუწუნებ და ვლაპარაკობ ლექტორებთანაც მათ შორის. მაგრამ არაფერი იცვლება და არც შეიცვლება კიდევ ძალიან დიდ ხანს...

ზოგი თავს იმართლებს, ზოგიც მეუბნება, თუ ესე არ მოგწონს აქ რატომ ჩერდებიო? იმიტომ ვჩერდები, რომ მესამე კურსზე ვარ და ერთი სული მაქვს როდის ავიღებ დიპლომს და უკან აღარ მოვიხედავ... არ მინდა ბოლომდე უშედეგოდ დამთავრდეს ეს უაზრო დროის ხარჯვა და ერთი საცოდავი ფურცელი მაინც შემრჩეს, რომელიც ფორმალურად მაინც მჭირდება...

ეხლა ვზივარ მიდევს წინ უაზროდ დიდი კონსპექტი და ვერ ვსწავლობ... იმიტომ არა, რომ დებილი ვარ... უბრალოდ იმიტომ რომ მეხსიერება ამდენ დაზეპირებულ უაზრო წინადადებას ვეღარ იტევს... უაზროს არა იმიტომ, რომ არაფერი მესმის, არამედ იმიტომ რომ ერთი და იგივე წერია ყოველ მესამე წინადადებაში და ასევე თუ არ დავწერ გამოცდაზე, შეფასებისას დამიწერენ თემას გაცდიო...

იმიტომ არა, რომ მთელი სემესტრი არ ვსწავლობდი და ეხლა 1 დღეში მინდა ვისწავლო...მთელი სემესტრი ვსწავლობდი და ვაბარებდი... მაქსიმალური ქულები მყავს სემინარებზე, მაგრამ სწორედ ეს არის მაგალითი იმისა, რომ დაფასთან გამოძახება-ჩაბარებით ნასწავლი ნასწავლი არ არის...

ამას ემატება სტრესი, რომ მივიღო მაღალი ქულები ისევ და ისევ იმიტომ რომ რამდენიმე წელიწადში ისევ აქ ყოფნა არ მომიწიოს...

აბიტურიენტებო და მომავალო სტუდენტებო ფრთხილად აარჩიეთ სად გინდათ სწავლა! გაიგეთ, გაიკითხეთ და გააკეთეთ სწორი არჩევანი. მე არასწორი არჩევანი გავაკეთე, 4-წლიან "ციხეში" ვარ, რომლიდანაც სტრესის, სკლეროზის ნიშნების და ჩამკვდარი თავისუფალი აზროვნების გარდა, ძალიან ცოტა რამ მივიღე...

ძნელია არ დავაფასო ის რომ სწორედ ამ უნივერსიტეტმა მომცა საშუალება, 6 თვე სხვა ქვეყანაში მესწავლა რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ, მაგრამ ამ 6 თვის გარდა კარგად გასახსენებელი ძალიან ცოტაა . იმედი მაქვს ამ წერილს რამდენიმე წელიწადში ამომიგდებს Facebook-ი, გამეღიმება და მშვიდად ვიქნები, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა.

იმედი მაქვს მომავალ თაობებს უკეთესად ასწავლით/ვასწავლით!"