ეტევა თუ არა ახალი ორსართულიანი მატარებელი საქართველოს გვირაბებში? - პასუხი ინფორმაციაზე, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია

ეტევა თუ არა ახალი ორსართულიანი მატარებელი საქართველოს გვირაბებში? - პასუხი ინფორმაციაზე, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია

საქართველოში მალე ახალი, ორსართულიანი მატარებელი იმოძრავებს. ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მგზავრობის შესაძლებლობა მგზავრებს 2016 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონიდან მიეცემათ.

"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებს შეჩერების გარეშე და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში გაჩერდება, ესენია: ბათუმი, ქობულეთი და ურეკი. ცნობილია მგზავრობის ღირებულებაც - "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, ფასი არ შეიცვლება და დღეს არსებული ღირებულება დარჩება.

დღეს საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორსართულიანი მატარებელი შეუსაბამოა საქართველოს ლიანდაგებსა და გვირაბებში არსებული სტანდარტებისა. სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელის, გივი კუბლაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელის თანახმადაც, "საქართველოს რკინიგზის" მიერ შეძენილი Stadler-ის ფირმის მატარებლები ერთდროულად ვერ შეძლებენ გვირაბში გავლას ინტერნეტსაზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო

ერთ-ერთი ვინც არგუმენტებით ამყარებს მატარებლისა და ლიანდაგ-გვირაბების შეუსაბამობის თეორიას, არის "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე. ექსპერტის არგუმენტების მოსასმენად, მას თვად დავუკავშირდით:

"ჩვენ იმ დღიდან დავიწყეთ ამ საკითხის მონიტორინგი, როგორც კი საქართველოს რკინიგზამ დააანონსა, რომ შემოჰყავს "შტადლერის" ტიპის ორსართულიანი მატარებელი საქართველოში. მივწერეთ ოფიციალური წერილი რკინიგზას, სადაც ვითხოვდით ინფორმაციას, იყო თუ არა გამოცხადებული ტენდერი, იყო თუ არა დადებული უსაფრთხოების დასკვნა ექსპერტების მიერ, უშუალოდ ეს მატარებელი რამდენად მოდიოდა საქართველოს რკინიგზასთან თანხვედრაში, ვისგან ყიდულობდნენ მატარებელს, რადგან "შტადლერი" არის კომპანია, რომელიც მატარებლებს ამზადებს, როცა ეს შვეიცარული კომპანია ამზადებს მატარებელს, თავიანთ საიტზე დებენ ინფორმარაციას ამის შესახებ, რომ მაგალითად, საქართველომ შეუკვეთა ასეთი მატარებელი და იდება ესკიზი, როცა დამზადდება, ამაზეც ავრცელებენ ინფორმაციას. მსგავსი ინფორმაცია "შტადლერის" საიტზე არ იყო, სწორედ ეს გახდა ეჭვი.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რეალურად ერთი წლის წინ, რუსეთს "შტადლერისთვის" შეუკვეთავს მსგავსი 12 მატარებელი, რომელიც განკუთვნილი იყო მოკლე მანძილისთვის, მხოლოდ აეროპორტებსა და მოსკოვს შორის მანძილზე მოძრაობისთვის, 60 კილომეტრისთვის. რუსეთის მთავრობამ ვერ მოახერხა ფულის გადახდა შვეიცარიული კომპანიისთვის და შემდეგ მოხდა გადაყიდვა, ჟარგონულად რომ ვთქვათ, ე.წ. ჩაწოლილ ტავარს, რომელიც რუსეთმა ვერ გამოიყენა, ყიდულობს საქართველოს მთავრობა მაშინ, როცა არ არსებობს ინჟინრების დასკვნა თუ რამდენად იქნება მორგებული ეს მატარებელი ჩვენს რკინიგზაზე.

თუ ამ მატარებლებს შემოიყვანენ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა წიფის გვირაბი, სადაც ვერ გაეტევა ეს მატარებელი, იმიტომ რომ გვირაბი 1970 წელს აშენებულია და მორგებული საბჭოთა კავშირის რკინიგზის სისტემაზე და მისი სიმაღლე შედარებით დაბალია. ეს არის ულტრათანამედროვე მატარებლები, რომლებიც გათვლილია სხვა ექსპლუატაციის პირობებზე. რა თქმა უნდა, ამ პრობლემის მოგვარებაც შეიძლება, ლიანდაგები დაიწევა და პრობლემაც მოგვარდება, მაგრამ დაკავშირებული იქნება დამატებით თანხებთან. ასევე, პრობლემა აქვს ურეკის სადგურს, ლიანდაგი და ბაქანი არ ჯდება იმ სტანდარტებში და საჭიროა რეაბილიტაცია, ამ მატარებლების შემოყვანა კი დამატებითი ხარჯია" - ამბობს ურუშაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში.

"ახალი საქართველოს" გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ "საქართველოს რკინიგზაში". საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ინფორმაციას ტყუილს უწოდებს:

"როდესაც ეს მატარებელი შემოვა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაივლის გვირაბს, რადგან ეს მატარებელი სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ინდუსტრიაში არსებობს, ბატონმა ვაშაძემ პირადად მოუხადოს ბოდიში ყველა მოქალაქეს, რომელიც მისმა პარტიამ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანა და მოატყუა. ეს არის ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ტყუილის ტირაჟირების მცდელობა. ეს არის არასერიოზული, მოკლეფეხება ტყუილი", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

მისივე თქმით, ეს არის შვეიცარიული წარმოების, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი მატარებელი, რომელიც შვიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ბელგიაში მგზავრებს ემსახურება.

"როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ კომპანია Stadler-მა აწარმოოს ისეთი მატარებელი, რომელიც სარკინიგზო გვირაბებში არ ეტევა, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ჩვენ ვყიდულობთ მატარებელს, რომელიც გვირაბში არ ეტევა. რისთვის ვყიდულობთ, იმისთვის, რომ სახლში დავაყენოთ?! მე ძალიან მიხარია და ვულოცავ ყველას, ვისაც ამ ქვეყნის წარმატება ახარებს, რომ სულ მალე ჩვენს ქვეყანაში მგზავრებს მოემსახურებათ ზუსტად ისეთი უმაღლესი სტანდარტის მატარებელი, რომელიც ამ წუთებში შვიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ბელგიაში მგზავრებს ემსახურება”, - განაცხადა ცაგურიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი