ხალხს უკვე ლარში აღებული სესხის გასტუმრებაც უჭირს

ხალხს უკვე ლარში აღებული სესხის გასტუმრებაც უჭირს

საქართველოს მოსახლეობა სოციალურ დეფოლტს უახლოვდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობისა და გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი არა მარტო უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში აღებული საბანკო კრედიტების მომსახურებას უკვე ვეღარ აუდის. სებ-ის მონაცემებით, მარტო 2016 წლის პირველ 5 თვეში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 83 მლნ ლარით გაიზარდა. თუ ადრე ვადაგადაცილებულ სესხებში ეროვნულ ვალუტაზე გაცემული კრედიტების წილი უმნიშვნელო იყო, დღეს ის უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს ერთიორად აღემატება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვრიდან მაისის ჩათვლით, საბანკო დაწესებულებებში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 21,5%-ითაა გაზრდილი და 355,2 მლნ ლარს შეადგენს. სებ-ის მონაცემებით, 2016 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხი მთლიანად 292 124 000 ლარს შეადგენდა, მაისის მონაცემებით კი ეს რაოდენობა 355 254 000-მდე გაიზარდა.

წინა წლისგან განსხვავებით, წელს ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ლარში აღებულ კრედიტებზეც დაფიქსირდა. თუ 2015-ში მომხმარებელს უცხოურ ვალუტაში აღებული ვალდებულების გასტუმრება უჭირდა, წელს ეს პრობლემა უკვე ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზეც აისახა.

2014-15 წლებში კი ლარის გაცვლილით კურსის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება გაზარდა. თუკი მომხმარებელმა ბანკიდან უცხოურ ვალუტაში სესხი ლარის გაუფასურებამდე აიღო, მერე 35%-ით მეტი თანხის დაბრუნება უწევდა. შესაბამისად, ვადაგადაცილებულ სესხებშიც უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტების დავალიანება ლარში აღებულ სესხებს რამდენჯერმე აღემატებოდა.

წელს კი სიტუაცია პირუკუ შებრუნდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2016 წლის იანვარ-მაისში ვდაგადაცილებული სესხები მთლიანად 63 მლნ ლარით, დაახლოებით, 21,5%-ით გაიზარდა. მაისში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელი იანვართან შედარებით 30%-ით არის მომატებული მაშინ, როცა უცხოურ ვალუტაში ეს მაჩვენებელი 14,7%-ს შეადგენს. იანვარში ლარში გაცემული სესხების დავალიანება 126,2 მლნ ლარს უტოლდებდა, მაისში კი - 164,8 მლნ ლარს. იანვრის მონაცემებით, უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე ვადაგადაცილების მაჩვენებელი იყო 165,8 მლნ ლარი, მაისში კი - 190,3 მლნ.

ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის (ამ შემთხვევაში მსესხებლის) გარკვეულ ნაწილს საბანკო ვალდებულებების გასტუმრება უჭირს და მათი ნაწილიც სოციალური დეფოლტის ზღვარს უახლოვდება. იმ შემთხვევაში თუ სავალუტო ბაზარზე და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდა, ხალხს სესხების მომსახურება მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდება.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი