ლარის კურსი - ხელისუფლება სამარეს ითხრის

ლარის კურსი - ხელისუფლება სამარეს ითხრის

"ეროვნული ვალუტის დევალვაციამ და ამ საკითხზე მთავრობის წევრების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა, "ქართული ოცნების" რეიტინგზე ძალიან ცუდად იმოქმედოს. იმის გამო, რომ ლარის კურსი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი თემაა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ლარის ვარდნას საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების ნდობაც ფეხდაფეხ მიჰყვეს. იმ შემთხვევაში, თუ ლარმა გაუფასურება გააგრძელა, რასაც თავისთავად ინფლაცია მოჰყვება, ოქტომბრის არჩევნებს "ოცნება", სავარაუდოდ, ერთიორად შემცირებული მხარდამჭერით შეხვდება. ძლივს გამყარებული ლარი უკვე რამდენიმე დღეა ზედიზედ უფასურდება. თუ ათიოდე დღის წინ ერთი დოლარი 2,12 ლარი ღირდა, დღეს ლარი დოლარის მიმართ უკვე 2,36-ის ნიშნულზეა. გამყარებისას მთავრობაში ამბობდნენ, რომ პროცესი გაგრძელდება და დამაიმედელ პროგნოზსაც აკეთებდნენ. მას შემდეგ, რაც ლარის კურსმა ვარდნა დაიწყო, ხელისუფლების წევრებს განმარტება აღარ გაუკეთებიათ, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე კომენტარი მხოლოდ მაშინ გაკეთდა, როდესაც "ბრექსიტის" შედეგები გამოქვეყნდა და ბრიტანული ფუნტი გაუფასურდა. ამ დროს მთავრობამ ლარის გაუფასურების მიზეზად სწორედ ბრიტანეთის ამბები მოიყვანა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით ლარის კურსი - ხელისუფლება სამარეს ითხრის!/ "შეიქმნება ისეთი საზოგადოებრივი აზრი, როდესაც მთავრობა თავს ვეღარ გაიმართლებს."

"ხალხს კი ლარზე ბრიტანული გავლენის ნაკლებად სჯერა და პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. ნებისმიერ სტატიას, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე იწერება, სოციალურ ქსელსა თუ საინფორმაციო საშუალების ვებ-გვერდზე უამრავი შეფასება მოჰყვება. აბსოლუტური უმრავლესობა ლარის ვარდნაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მთავრობის საყვარელ ფრაზას - "გარე შოკებს" - ყურით მოთრეულს უწოდებს. "რა დროს გარე შოკია, ხელისუფლება ვერ აკეთებს საქმეს და სახლში უნდა წავიდეს", "მალე მოვა ოქტომბერი...", "ასეთი კურსით უნდა "ოცნებას" ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება?" - ამგვარ ფრაზებს ლართან დაკავშირებით დაწერილი სტატიების კომენტირებისას ხშირად წაიკითხავთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობისთვის ეროვნული ვალუტის კურსი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური საკითხია და ლარის არასტაბილურობაში დამნაშავედ ხელისუფლება მიაჩნიათ, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ ლარმა დაღმასვლა გააგრძელა, ეს "ქართული ოცნების" რეიტინგზე აუცილებლად აისახება. ამას ეკონომისტები და მარკეტელოგები პირდაპირ მიუთითებენ", - აღნიშნავს გამოცემა.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტის ელდარ პირმისაშვილის თქმით, ლარის თემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული. ეროვნული ვალუტის ხან გაუფასურება, ხან კი გამყარება საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდას ტოვებს. "ლარის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით ეკონომისტების და მთავრობის წევრების განმარტება ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. ხშირად ექსპერტები მიზეზად შიდა სიტუაციას ასახელებენ და გარე ფაქტორებს ნაკლებად მნიშვნელოვანს უწოდებენ. მთავრობის წევრები კი, პირიქით, შიდა ფაქტორებს უმნიშვნელოს უწოდებენ და გარე ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას. საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნეიტრალური მხარის, ანუ ექსპერტების შეფასებას. თუ ისინი იტყვიან, რომ ლარზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და საგარეო მოვლენები ნაკლებად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, შეიქმნება ისეთი საზოგადოებრივი აზრი, სადაც დამნაშავე მთავრობა იქნება. ეს კი იქონიებს გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზეც, არჩევნებზეც და ზოგადად საზოგადოებრივი აზრის მართვაზეც". თუკი დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომისტები ლარის კურსის ირგვლივ ხელისუფლების ბრალეულობაზე ისაუბრებენ, ჩამოყალიბდება ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენს ხელისუფლებასა და მათ რეიტინგზე: "იმ შემთხვევაში თუ არ შეიქმნა ასეთი აზრი და ხალხი იფიქრებს, რომ ყველაფერი გარე ფაქტორებს უკავშირდება, მაშინ რეიტინგზე გავლენას ეს ვერ მოახდენს. დღეს უამრავ ადამიანს აქვს სესხი დოლარში, მათთვის ძალიან მტკივნეულია ლარის კურსის ვარდნა და ისინი ხელისუფლების მიმართ უფრო კრიტიკულად არიან განწყობილნი. ასეთი ადამიანები ბევრი არიან", - განაცხადა პირმისაშვილმა, რომლის თქმით, თუ მათ პოზიციას ექსპერტების შეფასებაც დაემატა, ჩამოყალიბდება საზოგადოებრივი აზრი და მთავრობა თავს ვეღარ გაიმართლებს", - წერს სტატიის ავტორი.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი