"პალიტრა მედიასა" და "თავისუფალ უნივერსიტეტს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

"პალიტრა მედიასა" და "თავისუფალ უნივერსიტეტს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

ჰოლდინგ "პალიტრა მედიასა" და "თავისუფალ უნივერსიტეტს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან და შემდგომში დასაქმდებიან "პალიტრა მედიას" სხვადასხვა კომპანიებში. ასევე, ჰოლდინგის მენეჯმენტი მათ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოცდილებას გაუზიარებს.

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში მდებარე მუზეუმში გაფორმებულ მემორანდუმებს ხელი მოაწერეს "პალიტრა მედიას" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ფეიქრიშვილმა, "აგრარული უნივერსიტეტის"რექტორმა ლაშა გოცირიძემ და "თავისუფალი უნივერსიტეტის" კანცლერმა ვატო ლეჟავამ.

როგორც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ნინო ფეიქრიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები "პალიტრა მედიაში" სტაჟირებას გაივლიან და დასაქმდებიან ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, პიარის, სამართლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

"პალიტრა მედია" საქართველოში ყველა წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, მათ შორის, რა თქმა უნდა, არის "თავისუფალი უნივერსიტეტი". აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარებასა და მათ დასაქმებას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჰოლდინგში. თავის მხრივ, იმედი გვაქვს, ჰოლდინგი შეიძენს თანამედროვე განათლების მქონე, პერსპექტიულ ახალგაზრდებს, რომლებიც კომპანიაში ინოვაციებს შეიტანენ", - აღნიშნა ნინო ფეიქრიშვილმა.

"თავისუფალი უნივერსიტეტის" კანცლერის, ვატო ლეჟავას ინფორმაციით, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში არსებული ყველა საგანი და პროგრამა, რომელსაც სტუდენტები გადიან მიმართულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე და შემდეგ მათ დასაქმებაზე.

"სწორედ ამ კონტექსტში, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ურთიერთობა გვქონდეს ბიზნესსამყაროსთან, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ნიჭიერ ახალგაზრდებს ეძებენ. მათთან ერთად ვცდილობთ უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროცესის ადაპტაცია გავაკეთოთ, რომ სრულ თანხვედრაში იყოს პრაქტიკულ ცხოვრებასთან, რეალურ სამყაროსთან და სტუდენტობის პერიოდიდანვე ეს კონტაქტები იყოს ძალიან მჭიდრო და ძლიერი", - აღნიშნა ვატო ლეჟავამ.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორის, ლაშა გოცირიძის თქმით, ნებისმიერ პროფესიონალს ორი ძირითადი რამ სჭირდება, - მას უნდა ჰქონდეს კარგი თეორიული ცოდნა და დახვეწილი პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

"დღეს გაფორმებული მემორანდუმი ჩვენს სტუდენტებს კიდევ ერთ დამატებით საშუალებას მისცემს, რომ ცოცხალ ბიზნესში, ცოცხალ მაგალითებზე, ცოცხალი ქეისები ნახონ, შეისწავლონ, გამოიმუშაონ უნარ-ჩვევები. ეს მომერანდუმი ორივე მხარისთვის მომგებიანია. "პალიტრა მედია " შეძლებს პერსპექტიული, პოტენციური თანამშრომლების დანახვას და შემდგომში დასაქმებას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტებს დამატებითი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების ბაზა ექნებათ", - აღნიშნა ლაშა გოცირიძემ.

ამასთან, "პალიტრა მედიას" უკვე გაფორმებული აქვს მემორანდუმები უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის არის: კავკასიის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი