რამდენად უსაფრთხოა თურქეთსა და ეგვიპტეში მოგზაურობა - შეფერხებული ტურიზმი და რეკომენდაციები ტურისტებს

რამდენად უსაფრთხოა თურქეთსა და ეგვიპტეში მოგზაურობა - შეფერხებული ტურიზმი და რეკომენდაციები ტურისტებს

ბოლო 6 თვის განმავლობაში თურქეთში სხვადასხვა მასშტაბის 40-მდე ტერაქტი მოხდა. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული იყო 29 ივნისს სტამბოლის ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერაქტი, რომელსაც ბოლო მონაცემებით 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 239.

თურქეთში მომრავლებულმა ტერაქტებმა სერიოზული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სფეროს. როგორც ტურისტული კომპანიები აცხადებენ, თურქეთში დასასვენელად წასვლის მსურველთა რაოდენობამ სწორედ გახშირებული ტერაქტების ფონზე იკლო. გამგზავრების მსურველთა რაოდენობა შემცირდა ქართველების ერთ-ერთ საყვარელ ტურისტულ  მარშრუტზე - ეგვიპტეშიც.

სალომე გორგოძე, ტურისტული კომპანიის მენეჯერი: "ზოგადად თურქეთსა და ეგვიპტეში წასვლის მსურველთა რაოდენობამ იკლო, თუმცა ტურისტების ნაკადი გაჩერებული რა თქმა უნდა არ არის. არსებობს გარკვეული შიშის მომენტი. ბოლო პერიოდში იმატა ევროპაში წასვლის მსურველთა რაოდენობამ, რადგან ევროპის ქვეყნების ტურები აღარ ღირს ისეთი ძვირი, როგორც ადრე იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში ევროპის მიმართაც ინტერესი შეჩერებულია იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის ყველა ფრენა სტამბოლის გავლითაა.

თიკო მარგალიტაშვილი, ტურისტული კომპანიის მენეჯერი: "ტერაქების ფონზე თურქეთსა და ეგვიპტეში წასვლის მსურველთა რაოდენობა ჩვენთან არ შემცირებულა, მთელ მსოფლიოში ხდება ტერაქტები, ამას სამწუხაროდ ვერ გავექცევით და მაინცდამაინც თურქეთს რატომ უნდა ემოქმედა? ჩვენ ტურები გვაქვს ანტალიის რეგიონში, რომელსაც საბედნიეროდ არ შეხებია ტერაქტები, ამიტომაც წასვლის მსურველთა რაოდენობა არ შემცირებულა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სტამბოლში წასვლას მაინც ერიდებიან".

ტურისტული კომპანიების განწყობას არ იზიარებს "ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის" დირექტორი ბადრი ნაჭყებია, რომელიც ამბობს რომ ამ ეტაპზე თურქეთსა და ეგვიპტეში მოგზაურობა სერიოზული საფრთხის შემცველია.

"მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ თურქეთში არ იმოგზაურონ. მინდა მივმართო ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც ეგვიპტის ტურებს ჰყიდიან და ხალხს არ აფრთხილებენ როგორ საშიშ ზონაში უშვებენ, გონს მოდით და ხალხი გააფრთხილეთ! სერიოზული საშიშროებაა და ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს განცხადებას, ხალხს არ მოუწოდებს არ წავიდნენ თურქეთსა და ეგვიპტეში", - ამბობს ბადრი ნაჭყებია AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, როგორც უწყებაშის პრესსამსახურში განგვიმარტეს, თურქეთში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, რამდენიმე გაფრთხილება გაავრცელეს, სადაც მოუწოდეს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთში თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ინსტრუქციებს, რაც თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ გაცემული თურქეთში მყოფი მოქალაქეებისთვის.

"სტამბოლში ისევე როგორც თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დონე უმაღლეს დონეზეა აყვანილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში (+90 312) 690-30-40), ასევე საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში (+90 541) 818 44 00 და საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში (+90 541) 326-22-26" - ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე სტამბოლის ტერაქტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი