მშენებლებმა ბოლო წლებში 20 ათასი ოჯახი "გადააგდეს"

მშენებლებმა ბოლო წლებში 20 ათასი ოჯახი "გადააგდეს"

სამშენებლო კომპანიების გამოისობით დაზარალებულთა რაოდენობა 20 ათას ოჯახს აღწევს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2008 წლის შემდგომ პერიოდში, როცა დეველოპერთა უმეტესობა გაკოტრდა, 15 ათასი ოჯახი დაზარალდა, მათ შორის თითქმის ნახევარი "ცენტრ პოინტის" მობინადრეებზე მოდის. ეს სტატისტიკა მხოლოდ თბილისს მოიცავს. უცნობია, რა მდგომარეობაა ამ მხრივ რეგიონებში, ბაზრის კვლევა ამ მიმართულებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

სამშენებლო სფეროს სპეციალისტები უძრავი ქონების ბაზარზე გამოწვეულ მარცხს ნაციონალური მოძრაობის პერიოდში სამშენებლო კომპანიების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირებენ, კერძოდ, ბიზნესის ტერორს, რომელსაც მშენებლები ვერაფრით გაუმკლავდნენ.

სხვადასხვა დროს თაღლითურ გარიგებებსა და მომხმარებელთა მოტყუებაში მხილებული კომპანიების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა საზოგადოებას რამდენიმე მათგანმა თავი ხმაურიანი საქმეებით დაამახსოვრა. ცხადია, პირველობას "ცენტრ პოინტი" არავის უთმობს, თუმცა მობინადრეების წინაშე არანაკლები ბრალი მიუძღვით დანარჩენებსაც - "ევორდს", "ოლიმპიურ ვარსკვლავს", "მოდულს", "ივერია სითის". ცხადია, გაცილებით მეტია თაღლითი მცირე კომპანიები თუ ამხანაგობები. თითოეულთა საქმიანობა, მინიმუმ ორ დაუმთავრებელ საცხოვრებელ კორპუსს და ასეულობით დაზარალებულს ითვლის.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამშენებლო ინსპექცია" რამდენიმე თვის წინ დაარსდა. მისი მიზანი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და დამზარალებულთა ბაზის შექმნაა. ორგანიზაციის წარმომადგენელი თამაზ ედიშერაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზარალებულთა აღნუსხვა და თითოეული შემოსული ინფორმაცია საფუძვლიანად მოწმდება.

"ზუსტი სტატისტიკა უძრავი ქონების ბაზრის დაზარალებულთა შესახებ არ არსებობს. აქამდე ამ მხრივ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ არსებობს არაოფიციალური მონაცემები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება ვთქვათ, რომ დაზარალებულთა რაოდენობა 20 000 ოჯახს აღწევს. მარტო "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულთა რიცხვი 6200-ია და ესეც ზუსტი რაოდენობა არ არის, სინამდვილეში შეიძლება, მეტი იყოს.

მსხვილ კომპანიებზე რომ არაფერი ვთქვათ, რამდენიმე ათეულს აღწევს იმ მშენებელთა რაოდენობა, რომლებიც მინიმუმ ერთ კორპუსს მაინც აშენებდნენ, არ გამოუვიდათ და თავი მიანებეს. ამასობაში კი მოქალაქეები დაზარალდნენ", - ამბობს ედიშერაშვილი.

მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზრის დამცავი მექანიზმი, როგორც ასეთი, ქვეყანას არ გააჩნია. შესაბამისად, დიდია რისკიც. თავისთავად მომხმარებელსაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.

"კონკრეტულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს მშენებლობის ხარისხი, ტექნოლოგია, კომპანიის ავტორიტეტი და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს. უამრავი კორპუსი დღეს თბილისში, ფაქტობრივად, წყალში დგას, მაგრამ ხალხი ცხოვრობს. წარმოდგენაც კი ჭირს, იმდენად დაუცველია დღეს უძრავი ქონების

ბაზრის მომხმარებელი.

საქმე არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ კომპანიას, საკმაოდ ბევრი შეუსრულებელი ვალდებულება დაგროვდა. ახლა თითქოს რაღაც ძვრა შეინიშნება, მაგრამ თუკი ეს საქმეები გამოძიების იმედად დარჩა და სახელმწიფო ზრუნვის საგნად ვერ იქცა, მაშინ პრობლემები გარდაუვალია", - აცხადებს ედიშერაშვილი.

როგორც აღვნიშნეთ, 2008 წლის ომის შემდეგ, დაზარალებულთა რიცხვმა 15 ათასი ოჯახი შეადგინა, ჯამში კი - 40 ათასი ადამიანი. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის ინფორმაციით, დაზარალებულთა ნაწილის მიმართ აღებული ვალდებულება სამშენებლო კომპანიებმა შეასრულეს, თუმცა რამდენიმე კომპანიის ათასობით მობინადრეს დღემდე აქვს პრობლემა.

უძრავი ქონების ბაზარზე რისკის დაზღვევის განსაკუთრებული მექანიზმი არ არის. ამიტომ ნებისმიერი მენაშენე ვალდებულია, მაქსიმალურად გაითვალისწინოს საფრთხე და ბინის ყიდვისას ნაუცბათევი გადაწყვეტილება არ მიიღოს.

"ბევრი ადამიანი მოტყუვდა, ზოგი "გადააგდეს", რადგან კომპანია გაკოტრდა. ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე დაცვის მექანიზმი რისკს უკავშირდება. ოჯახი ბინის შეძენას ახერხებს ცხოვრებაში ერთხელ, ამას სჭირდება დაფიქრება და გარანტიის მიღება. გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ. აუცილებელია, შეისწავლონ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმეები, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტები და სხვა. ნებისმიერი ასეთი ინფორმაციის მიღება დღეს მარტივია და ყველას შეუძლია.

წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი