ადგილები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება

ადგილები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება

ბოლო ერთი წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 6 432 ავარია მოხდა, რომელთა შედეგად 9 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და 602 გარდაიცვალა.

მხოლოდ თბილისში, 2015 წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს სამხარეო მთ. სამმართველოების მიერ რეგისტრირებულია 2995 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა. AMBEBI.GE დაინტერესდა, რომელ ადგილებზე ხდება თბილისში ყველაზე ხშირად ავარიები და რა არის ამის გამომწვევი მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 127 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაფიქსირდა 2015 წელს. მას მოსდევს მარცხენა სანაპირო, სადაც 107 ავტოავარია მოხდა. მესამე ადგილზე დავით აღმაშენებლის ხეივანია, სადაც 98 ავტოავარია დაფიქსირდა. მარჯვენა სანაპიროზე - 87 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2015 წელს და ბოლოს წერეთლის გამზირი, სადაც 83 ავარიაა აღრიცხული.

შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 2016 წლის პირველი 6 თვის სტატისტიკა ასეთია: ყველაზე მეტი ავარია მოხდა მარჯვენა სანაპიროზე - 60 შემთხვევა, მას მოსდევს მარცხენა სანაპირო - 56 შემთხვევა, კახეთის გზატკეცილი, დავით აღმაშენებლის ხეივანი და გორგასლის ქუჩა.

"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის თქმით, სანამ ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევის მიზეზების დადგენა სრულად არ დაიწყება, მანამდე ამ პრობლემის მოგვარება კიდევ უფრო გაძნელდება.

"უკვე 2 წელია არასამთავრობოები მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიწყოს ავტოსაგზაო შემთხვევების შესწავლა. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ავარიების გამომწვევი მიზეზი სულ რამდენიმეა - სიჩქარის გადაჭარბება, არაფხიზელ მდგომარეობაში საჭის მართვა, არასწორი მანევრირება, დანარჩენი კი დაუდგენელი მიზეზია, ავტოსაგზაო შემთხვევების ნახევარზე მეტის გამომწვევი მიზეზი რა იყო, არ ვიცით...

არადა ავტოავარიების გამომწვევი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა, გზის საფარი, არასწორად დაყენებული საგზაო ნიშანი, შუქნიშანი და ა.შ. თუ ჩვენ არ დავადგინეთ, რატომ ხდება ავარიები და მხოლოდ მძღოლს დავაბრალებთ, ასე პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. რა თქმა უნდა, მძღოლის პასუხისმგებლობა დიდია, მაგრამ სტატისტიკაში არაფერია ნახსენები გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე, რაც სერიოზული პრობლემაა", - ამბობს ვასო ურუშაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი