ვინ არის საქართველოს პრეზიდენტის 28 წლის მრჩეველი და რა ქონებას ფლობს ის

ვინ არის საქართველოს პრეზიდენტის 28 წლის მრჩეველი და რა ქონებას ფლობს ის

ელენე აბაშიძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია ხელოვნებისა და კულტურის საკითხებში. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აბაშიძე 1987 წლის 30 ივნისს დაიბადა. მან 2008 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი. 2012-2014 წლებში სწავლობდა გოლდსმიტში, ლონდონის უნივერსიტეტში.

2014 წლიდან ეწეოდა ხელოვნების დამოუკიდებელი კურატორის საქმიანობას, ხოლო 2015 წლიდან მუშაობდა გალერეა "ფროჯექთ ართ-ბითის" ინტერნაციონალური ბაზრობების პროექტების კურატორად. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა სიმპოზიუმში, მათ შორის 2013 წელს ლონდონში - "ხელოვნება და მისი ორგანიზება" და ბერლინის ჰაკევეს (HKW) კონფერენციაში "ფორმერ უესთი".

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდიდან ვარკვევთ, რომ 28 წლის აბაშიძე არის ხელოვნების დარგში პუბლიკაციების: "დანართი: მეხსიერება" (თანამედროვე ხელოვნების ცენტრი); "დანართი: დადა" (ციურიხი, შვეიცარია) და გიგო გაბაშვილის კატალოგის (კულტურის სამინისტრო) რედაქტორი და თანარედაქტორი.

იყო სხვადასხვა პროექტის კურატორი, მათ შორის, პროექტ "მეხსიერების" ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამართული გამოფენისა "დროის ჩაუწერელი მონაკვეთი" და სიმპოზიუმისა "თანამედროვე ხელოვნების კურირება ამიერკავკასიაში"; საჯარო სივრცეში გამართული გამოფენისა "გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები"; საფრანგეთში, პარიზში გამართული გამოფენებისა "ქართული თანამედროვე ფოტოგრაფია" და აგრეთვე "ფოტო ოფფი", რომელიც დაჯილდოვდა ჟიურის სპეციალური პრიზით; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული გამოფენისა "ფოლადის ძაფივით".

ელენე აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ხელოვნებისა და კულტურის საკითხებში 2016 წლის 12 აპრილს დაინიშნა. მრჩევლის პოზიციაზე დანიშვნიდან მალევე, 2016 წლის 4 ივლისს მან მისი პირველი დეკლარაცია შეავსო. როგორც მასშია მითითებული, პრეზიდენტის მრჩეველს ბებია და დედა ჰყავს. აბაშიძის დედა, ნინო ნიჟარაძე ხელოვანია.

ოჯახის უძრავი ქონება საცხოვრებელი სახლია თბილისში, ვირსალაძის ქუჩაზე, რომელიც 121 კვ.მ ფართობისაა და ელენესა და მისი ბებიის, მანანა ხიდაშელის საკუთრებაა. რაც შეეხება ფულად დანაზოგს, მარგველაშვილის მრჩეველი "თი-ბი-სი" ბანკის დეპოზიტზე 144 000 აშშ დოლარს ინახავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის დედა ნინო ნიჟარაძე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და თბილისში მაღაზია "აზიას" ფლობს, რომელმაც 2015 წელს 60 000 ლარის შემოსავალი მოუტანა.

რაც შეეხება ელენე აბაშიძის შემოსავალს წინა სამსახურებიდან, 2015 წელს, "ფროჯექთ ართ-ბითში" კურატორად მუშაობის დროს მან 8 000 ლარი აიღო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი