გაიცანით, მსოფლიოს თასის გამარჯვებული ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი

 გაიცანით, მსოფლიოს თასის გამარჯვებული ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი

ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა პოლონეთში დასრულებულ პირველობაზე, ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ირმასთვის ეს მესამე მსოფლიო თასია, თუმცა ამ გამარჯვებას მაინც სხვა ხიბლი ჰქონდა. ირმამ ფინალში მისთვის უხერხულ მეტოქეს, ბელორუს ანასტატია კასტუჩკოვას მოუგო, ვისთანაც წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა. საიდან დაიწყო ირმას კარიერა და რა მიზნები აქვს მომავალში, ამაზე თავად გვესაუბრა:

- ვმუშაობდი პარა-ოლიმპიურ კომიტეტში ოფის-მენეჯერად და შემომთავაზეს, რომ ფარიკაობაში მევარჯიშა მოყვარულის დონეზე. დავთანხმდი და პირველივე გაკვეთილიდან იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე უფრო სერიოზულად მივყოლოდი და პროფესიონალურ დონეზე შემესწავლა. მალევე მივიღე შეჯიბრებებში მონაწილეობა, რომელიც გერმანიაში ჩატარადა. იმდენად მომეწონა ეს განცდა და აზარტი, რომ ვეღარ დავანებე თავი და ასე ვთქვათ, ფარიკაობით მოვიწამლე.

- ყველაზე რთული ეტაპი რა იყო?

- ყველაზე რთული იყო საწყისი ეტაპი, რადგან ასეთ დროს გეჩვენება, რომ ძალიან ადვილია ფარიკაობა, გეჩვენება, რომ ეს სპორტის ის სახეობაა, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება დიდი ძალისხმევა, თუმცა მქონია პერიოდი, როცა სურვილი მქონდა, რომ საერთოდ დამენებებინა თავი, იმიტომ რომ რაღაცები არ გამომდიოდა, რაღაც მოძრაობებს ვერ ვითვისებდი და იმდენად წარმოუდგენლად რთული მეჩვენა, რომ სერიოზულად ვაპირებდი თავის დანებებას. თუმცა დიდი მადლობა ჩემს მწვრთნელებს, ადამიანებს, რომლებიც საოცრად მიდგანან გვერდში და დანებების საშუალება არ მომცეს. ძალიან მაგრად დამეხმარნენ, რომ ეს პერიოდი გადამელახა, ამიხსნეს და მითხრეს - შენ ძალიან ადრე გინდა ფარიკაობაში დაიმკვიდრო ადგილი, მაშინ, როცა ამას წლები სჭირდებაო. მართლაც, წლების მანძილზე რომც ვარჯიშობდე, ფარიკაობა ისეთი სპორტია, ყველა ვარჯიშზე ახალს სწავლობ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს პერიოდი უკან მოვიტოვე.

- ირმა, შენი ასეთი დიდი წარმატება არის თუ არა სტიმული სხვებისთვის, ვინც ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა?

- რა თქმა უნდა, როცა თავიდან დავიწყე ფარიკაობაზე ვარჯიში, ვიყავით ორნი, მე და ერთი ბიჭი. დღეს კი გაცილებით მეტი მსურველია. სპორტი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის რეალიზაციისათვის. თუ ადამიანს აქვს მონაცემები (ნიჭი, მონდომება...) უკვე თავდაჯერებულობაც ემატება და დიდ წარმატებას აღწევს. ადრე იყო წარმოუდგენელი, თუ როგორ შეიძლება ეტლით მოსარგებლემ იფარიკაოს, დღეს კი უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. სპორტით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. გადიხარ საზღვარგარეთ, სადაც შენი ქვეყნის სახელი გაგაქვს, შენი ქვეყნის დროშა და ჰიმნი.

- რას ნიშნავს შენთვის, როდესაც შენი წარმატების გამო უკრავენ ეროვნულ ჰიმნს?...

- ეს არის მომენტი, რომელიც უნდა განიცადო, ძალიან რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა. შემიძლია რაღაც არაამქვეყნიურს შევადარო, რადგან ეს საოცრად დიდი განცდაა, უზომოდ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ხარ და თითქოს ვერ იჯერებ, რომ მსოფლიოში პირველი ხარ. საოცრად პატრიოტი ხდება ადამიანი ასეთ დროს. ბოლო მსოფლიო თასზე რომ გავიმარჯვე (მანამდეც მქონდა მოგებული მსოფლიო თასი), ფინალში ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვან მოწინააღმდეგესთან გავიმარჯვე, რომ ეს ყველა გამარჯვებას უდრიდა და ამიტომ ეს წარმატება ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის. ეს იმდენად ემოციური იყო, რომ ჰიმნის დროს ინსტიქტურად გულზე დავიდე ხელი და მეც ავმღერდი. ბედნიერებაა, როდესაც შენი წარმატების გამო ყველა ფეხზე დგება უსმენს შენ ჰიმნს და უყურებს შენს დროშას, რომელიც ყველაზე მაღლაა.

- ოლიმპიური წელია, თუმცა შენი სახეობა არაა ოლიმპიადის პროგრამაში...

- სამწუხაროდ, ხმალი არაა ოლიმპიური სახეობა, თუმცა ტოკიოს 2020 წლის პროგრამაში უკვე იქნება. რაპირაში, რომელიც წელსაც არის პროგრამაში, 6 ქულა დაგვაკლდა ლიცენზიამდე, რაც ძალიან მცირეა და გულსატკენია, რომ ამის გამო ვერ მოვხვდით ამ უდიდეს ფორუმზე. თუმცა გპირდებით, რომ 4 წლის შემდეგ აუცილებლად აჟღერდება საქართველოს ჰიმნი.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"...დროა დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ

კლინიკაში მოთავსებული 2 ჩვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კი უკეთესი - ლალი ტურძელაძე პაციენტების მდგომარეობაზე

"ერთ-ერთმა მოქალაქემ იყიდა ქლოროქინის განსხვავებული ფორმა და დაიღუპა" - აშშ-ში მცხოვრები ექიმი კორონავირუსის მკურნალობის მითებსა და თვითმკურნალობის მავნებლობაზე