პირველი "სასწრაფო" მანქანა თუშეთში - ყველა სოფელთან არ მიდის სამანქანო გზა, ამიტომ ფეხით გვიწევს სირბილი

პირველი "სასწრაფო" მანქანა თუშეთში - ყველა სოფელთან არ მიდის სამანქანო გზა, ამიტომ ფეხით გვიწევს სირბილი

წლებია, ყველა მთავრობისგან თუშეთის განუზომელი ტურისტული პოტენციალის შესახებ გვესმის და წლებია, ეს პოტენციალი მიუღწეველი რჩება. მოუგვარებელია პრობლემები - გზა, ელექტროენერგია, "სასწრაფო დახმარება"... თუმცა, ამ უკანასკნელს სასიკეთო პირი უჩანს - თითქმის ერთი თვეა, თუშეთს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საკუთარი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა ჰყავს. ჩეხების ინიციატივაა "უსაფრთხო თუშეთი", ხოლო ვინ არიან ამ უპრეცედენტო პროექტის იდეის ავტორები და განმახორციელებლები, ამ და სხვა კითხვებით საქართველოში ჩეხეთის "კარიტასის" მისიის ხელმძღვანელს (კარიტასი ერთ-ერთი უდიდესი ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მძიმე სოციალური ფონის მქონე რეგიონებში მუშაობს), ეკატერინე მესხრიკაძეს მივმართეთ:

- ამ პროექტს საფუძვლად უდ­ევს მემორანდუმი, რომელიც გა­ფორმდა ჩეხეთის განვითარების სა­აგენტოს, საქართველოს თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის. სააგენტომ შეიძინა მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომელიც მოემსახურებოდა თუშეთს, რადგან მანამდე თუშეთს "სასწრაფო" არ ჰყავდა. მეორე ჩეხურმა ორგანიზაციამ, "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა" აღჭურვა სააგენტოს მიერ შეძენილი მანქანა ყველა იმ ინვენტარით, რაც "სასწრაფოს" მანქანისთვისაა საჭირო მაღალმთიან რეგიონში. ასევე, ტრენინგები ჩავუტარეთ ექიმებსა და ექთანებს, რომლებიც იქ როტაციის პრინციპით იმორიგევებენ.

- როდემდე გრძელდება ეს პრო­ექტი და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- რთული პირობების გამო, თუშეთში ზამთარში მანქანით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ როდესაც ტურისტული სეზონია და იქ მკვიდრი მოსახლეობის უმეტესობაც ადის, ამ პერიოდში ეს მანქანა ჩვეულებრივ იფუნქციონირებს.

- როგორ შეხვდა მოსახლეობა თქვენს პროექტს?

- "სასწრაფო დახმარება" თუშეთში ამ პროექტის მხოლოდ ერთი კომპონენტია. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ჩეხეთის სააგენტოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის თუშეთის განვითარებაში - უმეტეს სოფლებში დღემდე არაა ელექტროენერგია და სწორედ სააგენტოს დახმარებით დამონტაჟდა ოჯახებში მზის პანელები და ბატარეები (ცხელი წყლისთვის), რამაც დიდად შეუწყო ხელი საოჯახო სასტუმროების ბიზნესის განვითარებას. უნდა ვახსენო სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამაც, რომელშიც ადგილობრივი ფერმერები არიან ჩართული. გვაქვს მცირე გრანტების კონკურსიც - მოსახლეობას ვუფინანსებთ ბიზნესპროექტებს და ა.შ. რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ, რომ თუშეთი განვითარდეს და მოსახლოება მთას არ მოსწყდეს.

- სახელმწიფოს მხრიდან თუ გაქვთ დახმარება?

- ძალიან კარგი პარტნიორები გვყავდა და თამამად ვიტყვი, რომ მაგრად გაგვიმართლა. შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა მცირე ტექნიკური საოცრება მოახდინა, როდესაც ჩვეულებრივი მაღალი გამავლობის მანქანა სრულად აღჭურვეს სასწრაფოსათვის საჭირო ინვენტარით და აქციეს "სასწრაფოს" მანქანად. ისეთად, როგორიც შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს. დიდი მხარდაჭერა გაგვიწია ახმეტის მუნიციპალიტეტმა და ის ხარჯები დაფარა, რომელსაც ჩვენი პროექტი არ ითვალისწინებდა. დიდი მადლობა თავდაცვის სამინისტროს, ვინც უმაღლესი დონის სამხედრო ექიმები გამოყო ამ პროექტისათვის.

თუშეთში გატარებულ პირველ თვეზე "სასწრაფოს" ექიმს, მიშა პატარკაცაშვილსაც ვესაუბრეთ:

- პროექტში ჩართული ვართ თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ცალკეული ბატალიონის ექიმები და ექთანები. სამედიცინო პერსონალის (3 ექიმი და 3 ექთანი) გარდა, გვყავს მძღოლი, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებია. ჩვენ ვართ როტაციის პრინციპით, სამი კვირით. უახლოეს დღეებში ცვლას ველოდებით... კარგი იქნება, თუ აქ ჯანდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა იქნება. ეს ძალიან დიდი შვება იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

- ექიმობა რთული პროფესიაა. მით უფრო რთული იქნება იმ პირობებში, სადაც გიწევთ მუშაობა...

- კი, აქ ნამდვილი ექსტრიმია... ჩვენს საქმიანობას ძალიან ართულებს ცუდი რელიეფი. ყველა სოფელთან არ მიდის სამანქანო გზა, ამიტომ ძალიან ხშირად ფეხით გვიწევს სირბილ-სირბილი... შემდეგ უკვე სამაშველო სამსახურის დახმარებით ჩამოგვყავს პაციენტები იქამდე, სადაც მანქანის მისვლაა შესაძლებელი. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი