გემი როდესაც იძირება, პირველნი ვირთხები გარბიან ანუ სსრკ-დან გაქცეული კრემლის ჯაშუშები

გემი როდესაც იძირება, პირველნი ვირთხები გარბიან ანუ სსრკ-დან გაქცეული კრემლის ჯაშუშები

"კემბრიჯის ხუთეულის" შესახებ ბრიტანელებს კიდევ დიდი ხანი ემახსოვრებათ. საბჭოთა აგენტების მიერ გადმობირებულმა ჯგუფმა სსრკ-ს უძვირფასესი სადაზვერვო ინფორმაცია გადასცა. ერთ-ერთი მათგანი, კიმ ფილბი 1988 წელს მოსკოვში გარდაიცვალა. ჯორჯ ბლეიქს უფრო გაუმართლა - ადამიანმა, რომელმაც საბჭოთა სპეცსამსახურებს 1960-იანი წლების დასაწყისში 400-ზე მეტი ბრიტანელი აგენტი "ჩააბარა", დღესაც მოსკოვის შემოგარენში მშვიდად ცხოვრობს.

პერიოდული ფიასკო კრემლის დაზვერვასაც ახასიათებდა. ზოგიერთმა გადაბირებულმა და პოტენციური მოწინააღმდეგის ბანაკში გაქცეულმა მზვერავმა, საბჭოთა ძალოვან სტრუქტურებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. ყოველი მათგანი ჩადენილი ქმედების ახსნას პირადი იდეური და მორალური ასპექტებით ცდილობდა.

ვასილი მიტროხინი - მტრის მხარეზე გადასული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა აგენტია. 1950-იან წლებში მუშაობდა საზღვარგარეთ საგარეო დაზვერვაში. ხელმძღვანელობის მხრიდან დიდი ნდობით ალბათ არც მაშინ სარგებლობდა. რიგი უთანხმოებების გამო ის სამშობლოში დააბრუნეს და "კა-გე-ბე"-ს პირველი მთავარი სამმართველოს არქივში გაამწესეს. როგორც ჩანს, განაწყენებულმა მიტროხინმა ქვეყნისთვის, რომელიც მისი აზრით უსამართლოდ მოექცა, სამაგიეროს გადახდა განიზრახა.

1985 წლამდე, თადარიგში გასვლამდე ის საიდუმლო და ზესაიდუმლო მასალებს სისტემატიურად აკონსპექტებდა. პატარა ქაღალდებზე გაკეთებულ ჩანაწერებს წინდებში მალავდა და რეჟიმული სამსახურიდან ისე გამოქონდა. სასკოლო რვეულებში გადაწერის შემდეგ ჩემოდნებში აწყობდა და აგარაკის ტერიტორიაზე მარხავდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მიტროხინს საიდუმლო მასალებით სავსე 6 ჩემოდანი დაუგროვდა. ფასდაუდებელი დოკუმენტები, რომელბსაც "მიტროხინის არქივი" უწოდეს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ 1992 წელს ყოფილმა აგენტმა ქალაქ ტალინში ბრიტანულ დაზვერვას გადასცა. იმავე წელს მოსკოვიდან მალულად ლონდინში მისი ოჯახი გადააფრინეს.

საკუთარი ქმედება საბჭოთა რეჟიმში გულგატეხილმა მიტროხინმა იდეური მოსაზრებებით ახსნა. 2004 წელს ის ლონდონში გარდაიცვალა.

ვლადიმერ პეტროვი - სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შემდგომ კი უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის ოფიცერი. მუშაობდა საიდუმლო წერილების დაშიფრვაზე, შემდგომ ავსტრალიაში - საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტად (1951 წლიდან საელჩოს მესამე მდივნის ფიქტიურ პოსტზე). 1954 წელს, ბერიას პოლიტიკური კარიერის კრახის შემდეგ, შეშინებულმა პეტროვმა, რომელსაც ლავრენტი პავლოვიჩთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, ავსტრალიურ კონტრდაზვერვას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

ქმრის გაუჩინარების შემდეგ, 1954 წლის აპრილში ორი ოფიცრის თანხლებით პეტროვის მეუღლე სიდნეიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავზე დასვეს. ავსტრალიის სპეცსამსახურები გაცილებით გამჭრიახნი აღმოჩნდნენ. საწვავით გაწყობის საბაბით დასმულ თვითმფრინავში ასულმა "პოლიციელებმა" რუს ოფიცრებს ბორტზე იარაღის უკანონო შეტანაში დასდეს ბრალი, დააპატიმრეს და ევდოკია პეტროვაც "ჩამოართვეს".

ვლადიმერ პეტროვის მიერ მიცემულმა ინფორმაციამ, ავსტალიაში მოქმედი ყველა საბჭოთა აგენტი და მათი კავშირები გამოააშკარავა. საერთო ჯამში, დაზვერვის 600-მდე თანამშრომელი და გადაბირებული აგენტი. მოსკოვისთვის ეს მტკივნეული დარტყმა იყო.

ცოლ-ქმარი პეტროვები მელბურნის შემოგარენში, გამოგონილი სახელებით ცხოვრობდნენ. მათი ზუსტი მისამართი ოფიციალურად იყო შეტანილი პრესაში გამოსაქვეყნებელი აკრძალული ინფორმაციის სიაში.

ნიკოლაი ხოხლოვი - ომის დროს გერმანელების ზურგში დივერსიულ საქმიანობას ეწეოდა. შემდეგ მუშაობდა რუმინეთში. 1954 წელს ხოხლოვს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რუსი ემიგრანტების სახალხო-მშრომელთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერის, გეორგი ოკოლოვიჩის მოკვლა დაავალეს. მაგრამ მოვლენები სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა. ადგილზე ჩასული მკვლელი ხოხლოვი მსხვერპლთან პირდაპირ სახლში მივიდა და ყველაფერი ჩაუკაკლა. მიღებული დავალების შესახებ ხოხლოვმა მოწვეულ პრესკონფერენციაზეც განაცხადა.

1957 წელს ხოხლოვი მოწამვლის მცდელობას სასწაულებრივად გადაურჩა. 1968 წლიდან აშშ-ში მცხოვრები ყოფილი საბჭოთა აგენტი კალიფორნიის უნივერსისტეტში ფსიქოლოგიას კითხულობდა. რუსეთში მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების მოხსნის შემდეგ დაბრუნდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი