"სად წაგვივა, ისევ მოვაკითხოთ და მოვკლათო..." - დღიურები ქალისა, რომელმაც სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა

"სად წაგვივა, ისევ მოვაკითხოთ და მოვკლათო..." - დღიურები ქალისა, რომელმაც სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა

ქსენია (ვერა) თოდუა ის ქალბატონია, რომელმაც ოჯახის წევრებთან ერთად, სოხუმის დატოვებაზე უარი თქვა. მათ დაცვას გარკვეული დროის განმავლობაში ნაცნობი აფხაზები ცდილობდნენ. მოგვიანებით, მას მეუღლე გარდაეცვალა და განსაცდელში შვილთან ერთად აღმოჩნდა. ამ ადამიანებმა არაერთხელ ჩახედეს სიკვდილს თვალებში. ვითარებას ართულებდა ისიც, რომ ქალბატონი ქსენიას ორივე ვაჟი და ორი შვილიშვილი აფხაზეთის ომში აქტიურად მონაწილეობდნენ... ჟურნალი "გზა" ქალბატონი ქსენიას დღიურებს აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

"1993 წლის ოქტომბერი.

ერთ დღეს, ისე მოულოდნელად დაგვადგნენ თავს, განძრევაც ვერ მოვასწარით. მარლენს, ჩემს შვილს დაავლეს ხელი და წინ გაიგდეს, გვჭირდებიო...

მე ვინ მეტყოდა, სად მიჰყავდათ ჩემი შვილი? შენი ხმა არ გავიგოო,- მითხრეს. მიწაზე დავემხე და ლოცვა დავიწყე: უფალო, შვილი დამიბრუნე-მეთქი. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ გავიგე სროლის ხმა, მაგრამ ეს ერთი და ორი გასროლა კი არა, ე.წ. პერესტრელკა იყო. აქ მყოფებს დახვრეტისა და ორმხრივი სროლების ხმა არასდროს აგვერევა ერთმანეთში... როგორც იქნა, სროლა შეწყდა. შუაღამეს შვილი ცოცხალ-მკვდარი დამიბრუნდა. მისთვის გზაში უთქვამთ,- იმ ქართველების სახლებში მიგვიყვანე, სადაც მანქანები ჰყავდათო. მარლენმა მიამბო: წინ გამიშვეს. მივხვდი, რომ ფარად ვჭირდებოდით, რადგან ეგონათ, ქართველების სახლებში შეიარაღებულები იმალებოდნენ. განგებ, ხმამაღლა ვსაუბრობდი, რომ მეზობლებს გაეგოთ და დამალვა მოესწროთ. მიმიხვდნენ და გაჩუმება მიბრძანეს... მერე მეზობლის სახელი მითხრეს, იმის სახლთან მიგვიყვანეო.

- იმას მანქანა არ ჰყავს-მეთქი,- როგორ არა, შენ მიგვიყვანეო. მართლაც, არ დახვედრიათ იმ სახლში მანქანა. ახლა სხვა გვარის კაცი დაუსახელებიათ,- ზუსტად ვიცით, რომ იმას ჰყავს, ლატარიაში მოიგო ომამდე და მის სახლში წაგვიყვანეო. (მართლაც, ომამდე, ჩვენს ქუჩაზე ერთდროულად სამმა ბიჭმა მოიგო ლატარეაში მანქანა...) აშკარად, ვიღაც ჰყავთ ინფორმატორი, ყველაზე ყველაფერი იცოდნენ...

იმ კაცს ჭიშკართან ახლოს ჰქონდა ავტოფარეხი, სადაც ორი მანქანა ეყენა. დაინახეს თუ არა, ბოქლომს ეცნენ.

ხმაურიც არ უნდოდათ, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთ დროს ნადავლის ხელში ჩაგდებას უფრო გავლენიანი ჯგუფი ცდილობდა... ჰოდა, დრო ვიხელთე და მეორე მეზობლის სახლში შევვარდიო...

ისინი ჯერ დაბნეულან, შემდეგ იარაღით გაჰკიდებიან. აიკლეს თურმე იქაურობა სროლით, ლამის ყველა ოთახი დაიარეს, მაგრამ შუქი ვერ აანთეს. ფანრებით ეძებდნენ, მარლენი კი ერთ-ერთ ოთახში, კარის უკან იმალებოდა... რომ ვერ იპოვეს, თურმე თქვეს,- სად წაგვივა, ისევ მოვაკითხოთ და მოვკლათო..."

წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 28 ივლისის ნომერში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი