ავტორი:

"წმინდა" სოფლები საქართველოში

"წმინდა" სოფლები საქართველოში

საქართველოში უამრავი სოფელია, მათ შორის არის ისეთები, რომლებსაც წმინდანების სახელები აქვთ, ან საეკლესიო სიტყვები ჰქვია. ეს იმის დასტურია, რომ ქვეყანა მართლმადიდებლურია. აღნიშნული დასახელების სოფლებსა თუ რაიონულ ცენტრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წააყდებით.

მაგალითად, ქვეყანაში არსებობს რამდენიმე ნინოწმინდა და გიორგიწმინდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ წმინდანებს ქვეყნის მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. თითოეულ სოფელს დიდი ხნის ისტორია აქვს და გთავაზობთ რამდენიმე მათგანზე მოკლე ისტორიულ ცნობებს:

ნინოწმინდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია და 1991 წლამდე ბოგდანოვკა ერქვა. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1940 მ-ზე. სახელი ამ ადმინისტრაციულ ერთეულს ცხადია, წმინდა ნინოს პატივსაცემად დაერქვა, რადგანაც სწორედ ამ ადგილიდან შემოვიდა ქვეყნის გამაქრისტიანებელი საქართველოში. ნინოწმინდაშია ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია და ასევე ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტერი.

არსებობს კიდევ ერთი ნინოწმინდა - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. განლაგებულია გომბორის ქედის სამხრეთით (ზღვის დონიდან 800 მ) და საგარეჯოდან 2 კილომეტრში. სოფელში შემორჩენილია გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი.

გიორგიწმინდა

სოფელია ახალციხის მუნიციპალიტეტში, რომელიც ფერსას თემში მდებარეობს. განლაგებულია მდინარეების - წინუბნისწყლისა და წვერუკნისღელის წყალგამყოფის სამხრეთ-აღმოსავლეთით (ზღვის დონიდან 940 მ), ახალციხიდან 12 კმ-ში. სოფელში დგას ეკლესია. სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ში მდებარეობს ახალციხის აქატის საბადოები.

არსებობს კიდევ ერთი გიორგიწმინდა, სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სახმრეთ მთისწინეთში, მდინარე წიფლისხევის მარცხენა მხარეს (ზღვის დონიდან 750 მ), საგარეჯოდან 3 კილომეტრში. სოფელში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია - ერთნავიანი ეკლესია. შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერიდან ჩანს, რომ ეკლესია მღვდელ ივანე კევლიშვილს 1800 წელს აუგია. შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები ორი მრგვალი კოშკიც (თითოეული XVIII საუკუნის დასასრულს განეკუთვნება). გიორგიწმინდა ასევე სოფელ თმოგვის მახლობლადაც (ასპინძის მუნიციპალიტეტი) ყოფილა, ახლა იქ ნასოფლარი გიორგიწმინდაა, სადაც ახლა VIII-IX საუკუნეების ერთნავიანი ეკლესიაა.

ამაღლება

სოფელი ამაღლება ვანის მუნიციპალიტეტშია. იმერეთის დაბლობზე მდინარე კვინწყალის ორივე ნაპირზეა განლაგებული. სოფელში შუა საუკუნეების ორი ეკლესია დგას, მათ შორის, ერთი 1619 წელს არის აშენებული. 1926 წლისთვის ამაღლების თემი სამ სოფელს მოიცავდა და თემის მოსახლეობა 4992 ადამიანს შეადგენდა. დღეისთვის სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 600 კომლია. მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია, იქ ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარებია: ხურციძეები, ხელაძეები... სოფელი წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტს, რისი მიზეზიც იქ არსებული თერმული წყლებია, რომლებითაც არაერთ დაავადებას მკურნალობენ.

ამაღლება (ყოფილი განახლება) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელიც არის. განლაგებულია გურიის ქედის სამხრეთით, ზღვის დონიდან 200 მ. (სოფელში დაიბადა ფირალი სიმონა დოლიძე და იქვე სოფელშივე დგას მისი ძეგლი).

ღვთისმშობელი

სოფელი ღვთისმშობელი ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. მდებარეობს თორის ქვაბულში, გვირგვინას ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს (ზღვის დონიდან 1560 მ), ღვთისმშობელი ბორჯომიდან 31 კილომეტრშია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, იქ 17 ადამიანი ცხოვრობდა.

მირონწმინდა

მირონწმინდა (ყოფილი წითელხევი) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელია. მდებარეობს მდინარე ყარნების (ჩხერიმელის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში (ზღვის დონიდან 560 მ), ხარაგაულიდან 6 კილომეტრით არის დაცილებული. ამ სოფელში დაიბადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით VI.

ციხისჯვარი

ციხისჯვარი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელია. თორის ქვაბულშია განლაგებული, მდინარე შავიწყლის ნაპირებზე (ზღვის დონიდან 1640 მ), ბორჯომიდან 41 კილომეტრში. ციხისჯვარი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. სოფელში დგას შუა საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსის: ციხესიმაგრე ციხისჯვარი, ნადარბაზევი და ეკლესია.

სამება

სოფელი სამება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშია, რომელიც ამაღლების თემში მდებარეობს. განლაგებულია მდინარე სუფსის ხეობაში, მის მარჯვნივ, გურიის სერის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 220 მ. სოფლის უმაღლესი წერტილია მთა სამება (522 მ). სამება ასევე სოფელია საქართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (ახალშენის თემში). მდებარეობს მდინარე ბარცხანის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 80 მეტრზე.

ილიაწმინდა

სოფელი ილიაწმინდა (ყოფილი ახალი ალექსანდროვკა, ულიანოვკა) სიღნაღის მუნიციპალიტეტშია, ივრის ზეგნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე (ზღვის დონიდან 630 მ). სიღნაღიდან 20 კილომეტრშია. ილიაწმინდა ბოდბის ეპარქიას ექვემდებარება. სოფელში ცხოვრობენ ფშავისა და ქიზიყის სოფლებიდან გადასახლებულები, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში მალაკნები და ბოშები სახლობდნენ.

აიაზმა

სოფელი აიაზმა (წმინდა წყალი) ყოფილი თეთრიწყაროა წალკის რაიონში, წალკის ქვაბულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, წალკიდან 18 კმ-ში, მდინარე ქციის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს (ზღვის დონიდან 1580 მ). სოფელში ღვთისმშობლის ეკლესიაა. აიაზმა ისტორიული თრიალეთის უძველესი სოფელია. ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე (XVIII ს.) თეთრიწყაროს სახელითაა აღნიშნული. აიაზმა XIX საუკუნის 20-იან წლებში შეაქვეს იქ ჩამოსახლებულმა ბერძნებმა. აიაზმაში VI-VII სს-ის მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დგას, ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია - აიაზმის ეკლესია. ეკლესიის კედელზე, კარის თავზე წარწერაში ნათქვამია, რომ ძეგლი 1045 წელს აღუდგენიათ. აქვე მოხსენიებულია კათალიკოსი ოქროპირი (მოღვაწეობდა ბაგრატ IV-ის დროს). საინტერესოა, რომ ეკლესიის იატაკზე დაგებული ქვის ფილების ქვეშ წყალუხვი წყარო მოედინება, რომელიც მილებით გორაკის ფერდობზე მოწყობილ აუზში ჩადის.

ოწამეთა

მოწამეთა - იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელია. მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე წყალწითელის მარჯვენა მხარეს (ზღვის დონიდან 450 მ), ტყიბულიდან 33 კილომეტრში. სოფლის მიდამოებშია მოწამეთას სამონასტრო ანსამბლი. სოფელში პერიოდულად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა.

კოკა ყანდიაშვილი მასთან დაკავშირებული ფეისბუქ-ანგარიშების წაშლას განცხადებით ეხმაურება

"დიდუბეში პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი "ლეჟანკაზე" უნდა დაწოლილიყო" - რეზი არველაძე ბავშვობაზე, ტყუპებსა და ფეხბურთზე

"როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს გაფრთხილებაა, ეს არის მოქცევა!" - პატრიარქი მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე