ოთხი მეგობრის დანაზოგით დაწყებული ბიზნესი - მყუდრო კაფე რუსთავში

ოთხი მეგობრის დანაზოგით დაწყებული ბიზნესი - მყუდრო კაფე რუსთავში

4 მეგობრის დანაზოგით, 23 წლის ასაკში დაწყებული ბიზნესი - ხელნაკეთი ინტერიერით თავმომწონე კაფე ქალაქ რუსთავში, ცოცხალი მუსიკა და მეგობრული გარემო - ეს კაფე "ასკილია" - მყუდრო სივრცე ყველასთვის, რომელიც მეგობრების ერთწლიანი დაუღალავი შრომით შეიქმნა.

"კაფე "ასკილის" მთავარი მახასიათებელი შინაურული გარემოა. კაფე კერძო სახლშია გაკეთებული და რომ შემოდიხართ, შეგრძნება გაქვთ, თითქოს მეგობართან მოხვედით სტუმრად. ვცდილობთ, მომსახურებაც შესაბამისი იყოს. არა ოფიციალური, არამედ - მეგობრული, რათა სტუმარმა თავი ისე იგრძნოს, როგორც მეგობართან ვიზიტისას", - ამბობს "ასკილის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ქოჩიაშვილი და AMBEBI.GE-ს "ასკილის" ისტორიას უყვება.

იდეის დაბადება და პირველი ნაბიჯები

"ჩვენ გასული წლის ოქტომბერში გავიხსენით. ერთი წელი ვემზადებოდით. ვარემონტებდით, მაგიდები, სკამები - თითქმის ყველაფერი ხელით არის შექმნილი. მე ძალიან მიყვარს ხატვა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დაინტერესებულია გაყვანილობებით და ელექტროენერგიით. გვინდოდა ჩვენ თვითონ გაგვეკეთებინა. გვინდოდა ორიგინალური გამოსულიყო. აქ ორი ერთნაირი მაგიდა არ დგას. ფინანსური თვალსაზრისითაც, ბევრად უფრო შეღავათიან ფასებში გაკეთდა.

საწყისი კაპიტალი 4 მეგობრის დანაზოგი იყო. ერთი წლის განმავლობაში ყველა ვმუშაობდით და ვდებდით გარკვეულ თანხას, შეძლებისდაგვარად. კაფე მეგობრის ბინაშია გაკეთებული. ბევრი სირთულე შეგვხვდა იმიტომ, რომ არცერთს გვქონდა გამოცდილება ამ საქმეში. ბიზნესის კუთხით განათლება გვაქვს, მაგრამ მხოლოდ განათლება საკმარისი არ არის. ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა საკუთარ თავშიც. იყო პერიოდი, როცა გადაწყვეტილებების მიღება გვიჭირდა. გავიარეთ კონსულტაციები და მივიღეთ რჩევები ამ სფეროში გამოცდილი ადამიანებისგან".

რატომ - "ასკილი"?

"ასეთი ტრადიცია გვქონდა, შემოდგომით ასკილის საკრეფად მივდიოდით ხოლმე, გომბორზე. გაგვიჩნდა სურვილი, გვქონოდა ჩვენი ბიზნესი. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა კაფე, სადაც იქნებოდა ასკილის ჩაი. შესაბამისად, კაფეს ეს სახელი დავარქვით".

გარემო და სამზარეულო

"როდესაც გავიხსენით, დაახლოებით 50 სტუმრის მიღება შეგვეძლო. ახლა 100 ადამიანს შეგვიძლია ვუმასპინძლოთ. სექტებერში კინოოთახის და გარეთა სივრცის დამატება გვინდა. ვფიქრობთ, რუსთავის რეალობისთვის საკმაოდ წარმატებული ადგილია. თუმცა, განვითარება კიდევ საჭიროა. ყველამ ბევრი უნდა ვიშრომოთ დამფუძნებლებმაც და თანამშრომლებმაც.

პარასკევს, შაბათს და კვირას ცოცხალი მუსიკა ჟღერს. გვაქვს აქტივობების ოთახი, სადაც მაგიდის თამაშებით სარგებლობაა შესაძლებელი. ასევე გვაქვს მწეველთა და არამწეველთა სივრცეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის გარემოსთვის - არსად არ არის ასე. კაფეში წიგნების თაროც არის. ასევე, ვთანამშრომლობთ გამომცემლობებთან. მათი ჟურნალების შეძენა მსურველს ჩვენთანაც შეუძლია.

სამზარეულო ქართულ-ევროპულია და ჩვეულებრივზე დიდი პორციებია, რათა სტუმარმა იგრძნოს, რომ მას ისევე გულუხვად მასპინძლობენ, როგორც მეგობარი უმასპინძლებდა. ვგეგმავთ სხვადასხვა სამზარეულოს კულინარიულ დღეებს. მაგალითად, გვქონდა იტალიური და მექსიკური ვახშმის დღე. სექტემბერში ქართული კერძების დღის ორგანიზებასაც ვაპირებთ".

ბიზნესი, როგორც შვილი და დამფუძნებლები - როგორც ოჯახი

"ჩვენ ჯგუფელები ვართ. ერთი რუსთავიდან არის, დანარჩენები - თბილისიდან. მაგრამ ორი მათგანი უკვე რუსთავში გადმოსახლდა ამ ბიზნესის გამო. ჩვენთვის ეს არის პირველი საქმე, რომელიც ერთად დავიწყეთ და გვიხარია, რომ მუშაობს. ფინანსურად ძალიან მომგებიანი არ არის, მაგრამ ეს არის ბიზნესი, რომელიც შედგა. ჩვენთვის ჩვენი საქმე შვილივით არის.

ძალიან მნიშვნელოვანია გუნდურობის პრინციპი. ეს ბიზნესი დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს და გუნდურობა გადამწყვეტია. ერთი და ორი ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა. თავიდან ჩვენ ვიყავით მოლარეებიც, მიმტანებიც, ბევრ რამეს ვაკეთებდით და მნიშვნელოვანი იყო, რომ ოთხნი ვიყავით".

#წარმატებაგადამდებია

"თიბისი ბანკის პროექტში ჩავერთეთ. ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდული და საინტერესო პროექტია. ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამარჯვება. გამარჯვების მოლოდინი არ გვაქვს. პროექტის მთავარი გზავნილია #გააზიარეწარმატება და #წარმატებაგადამდებია. ჩვენი წარმატების ფორმულა კი ასეთია: ბიზნესში წარმატების მისაღწევად მთავარია სურვილი. თუ რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა. არ აქვს მნიშვნელობა განათლებას, ფინანსურ შესაძლებლობას, აუცილებლად გამონახავ რაღაცას, მთავარია სურვილი".

"ასკილის" გახსნის დღე, როგორც სასიამოვნო მოგონება და სტუმრები - მოტივაციის მთავარი წყარო: "ძალიან დიდხანს ვემზადებოდით გახსნისთვის და არ გვჯეროდა არცერთს, რომ ეს თარიღი მართლა დადგა. პირველი დღე შოკისმომგვრელი იყო - როცა დავაანონსეთ გახსნა და ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. სავსე იყო აქაურობა და თავი სიზმარში გვეგონა. მაშინ ვიფიქრეთ, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა.

მთავარ სტიმულს სტუმრები გვაძლევენ. გვყავს მუდმივი სტუმრები, რომლებიც რეგულარულად დადიან ჩვენთან და ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. თუმცა მუდმივად წინსვლასა და განვითარებაზე ვართ ორიენტირებული".

ესტუმრეთ "ასკილის" ფეისბუქის გვერდს

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი