სიყვარულზე გაცვლილი სამშობლო - დახვრეტას გადარჩენილი მედდისა და დამარცხებული ქვეყნის ოფიცრის რომანი

სიყვარულზე გაცვლილი სამშობლო - დახვრეტას გადარჩენილი მედდისა და დამარცხებული ქვეყნის ოფიცრის რომანი

1921 წლის მარტში საქართველოს საგანგებო კომისიის ("ჩეკა") პრეზიდიუმის ბრძანებულებით, შეიქმნა სააღრიცხვო-საარქივო განყოფილება, რომელსაც კომისიის მიერ გამოვლენილი და გასამართლებული, "ქვეყნის მტრებისა" და "საშიში ელემენტების" შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალების თავმოყრა და შენახვა დაევალა. პირველი საქმე, რომელიც ამ განყოფილებაში რეგისტრაციაში გატარდა, იყო "სისხლის სამართლის საქმე რაჟდენ მირიანაშვილისა და სხვათა მიმართ". აღსანიშნავია, რომ "ხალხის მტრებად" შერაცხულ ამ ადამიანებს საკვები პროდუქტების დამალვა ედებოდათ ბრალად. 7 განსასჯელიდან 3-ს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა. განაჩენი მეორე დღესვე მოიყვანეს სისრულეში. ამ საქმის შესახებ ვრცლად შემდგომ მოგითხრობთ. ამჯერად კი მეორე მსოფლიო ომის დროს დაწყებული, საოცარი რომანის შესახებ მოგიყვებით, რომელმაც ქართველი მედდისა და გერმანელი ოფიცრის ბედი დაუკავშირა ერთმანეთს...

1921-დან 1990 წლამდე პერიოდში, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ი) მე-10 განყოფილების საცავებში 230 ათასი ერთეული, უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაგროვდა. ყველა ეს დოკუმენტი გრიფით - "სრულიად საიდუმლოდ" ინახებოდა. 1991-1992 წლებში თბილისში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს სუკის ადმინისტრაციულ შენობას ხანძარი გაუჩნდა და საარქივო ფონდის 80%-ზე მეტი განადგურდა. რაც გადარჩა, ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებული წყლის ჭავლით დაზიანდა...

საარქივო საცავის აღდგენა და გადარჩენილი დოკუმენტების რესტავრაცია მხოლოდ 2004-2005 წლებში დაიწყო. საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი წერილობითი დოკუმენტები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული. სწორედ ამ უწყების საარქივო სამმართველოს ხელშეწყობითა და დახმარებით გაგაცნობთ წარსულის ისეთ ფაქტებს, რომლებიც მანამდე გასაიდუმლოებული იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, საქმე #46 - ასეთია ტომებად შეკრული დოკუმენტების შიფრი, სადაც ქართველი მედდისა და გერმანელი ოფიცრის საბედისწერო სიყვარულის ამბავი იკითხება...

"შეჩერდით, ის ქართველია!" - გაისმა მკაცრი ბრძანება ავტომატმომარჯვებული გერმანელი ჯარისკაცების მისამართით, რომლებსაც ჰოსპიტლის ობმოკიდებული სარდაფის კედელთან ატუზული ებრაელებისთვის ის-ის იყო, სიცოცხლე უნდა მოესწრაფებინათ. სიკვდილმისჯილთა შორის, ქართველი მედდა თინა ბალანჩივაძე იმყოფებოდა. მისი სი¬ცოცხლე კი წითელი არმიის სამხედრო ტყვეთა ჰოსპიტლის კომენდანტმა, გერმანელმა ფელდფებელმა არტურ ციცკემ იხსნა. გერმანელი ოფიცრის ამ კეთილშობილურმა საქციელმა ქართველ ქალიშვილში სიყვარულის ნაპერწკალი გააჩინა და ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ პოლოგის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობა და გაუსაძლისი ყოფა ლამის ბედნიერებად უქცია. ყველაფერი კი ასე დაიწყო...

თინა ბალანჩივაძე 1920 წელს ქუთაისის მახლობლად, სოფელ ქვიტირში დაიბადა. დედისერთა და მამის გარეშე გაზრდილმა გოგონამ "წითელი ჯვრის" ქუთაისის მედიცინის დათა ორწლიანი სკოლა დაამთავრა. ქუთაისის ვენდისპანსერსა და პოლიკლინიკაში მედდად მუშაობდა. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 1941 წლის 28 ივნისს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში და მე-18 არმიის მე-4 მოტომსროლელი დივიზიის 55-ე სანიტარიულ ბატალიონში ჩარიცხეს. 3 თვის განმავლობაში პირველადი სამხედრო მომზადება ქუთაისში გაიარა, 6 სექტემბერს კი აღნიშნული არმიის მთელ შემადგენლობასთან ერთად, სამხრეთის ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა.

განაგრძეთ კითხვა

ხვალ თბილისში მცირე თოვლია მოსალოდნელი, 18 თებერვლიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს

დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია

მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"