ღირსების ორდენი და სელფი პრეზიდენტისგან - ოლიმპიელების საზეიმო მიღება სასახლეში

ღირსების ორდენი და სელფი პრეზიდენტისგან - ოლიმპიელების საზეიმო მიღება სასახლეში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ რიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი ოლიმპიელები სასახლეში მიიღეს.

პრეზიდენტის ინიციატივით, "რიო 2016-ის" ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი -ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ლაშა ტალახაძე - ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ვარლამ ლიპარტელიანი - ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში, ლაშა შავდათუაშვილი - ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში, შმაგი ბოლქვაძე - ოლიმპიური პრიზიორი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში,, ირაკლი თურმანიძე - ოლიმპიური პრიზიორი ძალოსნობაში, გენო პეტრიაშვილი - ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

პრეზიდენტმა ოლიმპიელებს დასახული მიზნების მიღწევა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

"მინდა მადლობა გითხრათ ქართველი ხალხის სახელით. საქართველოს ჰიმნი, თითოეული ნოტი ამ ჰიმნისა, იყო ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქის აღტაცებული გულისცემა. ეს თქვენ გააკეთეთ და მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის.

მადლობა მინდა ვუთხრა ასევე პარაოლიმპიელებს იმ დიდი გამარჯვებისთვის, რომლითაც მათ პარაოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დიდი წარმატებები ექნებათ.

თქვენთან ერთად ვარ, თქვენთან ერთად მიხარია, თქვენთან ერთად განვიცდი წაგებას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთად ყოფნა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება იმ გამარჯვებებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აღაფრთოვანებს.

გმადლობთ თქვენი სამსახურისთვის! "- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებისადმი მიმართვაში.

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა კი, საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის ოლიმპიადაში მონაწილეობის სერთიფიკატები გადასცა.

საზეიმო მიღებას ქართველ ოლიმპიელებთან ერთად, პარაოლიმპიელებიც დაესწრნენ, რომლებიც სექტემბერში დაგეგმილ პარაოლიმპიადაზე 5 სპორტსმენით იქნებიან წარმოდგენილნი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი