"პარტიზანმა მებაღეებმა" თბილისის მერიასთან კარავი გაშალეს

"პარტიზანმა მებაღეებმა" თბილისის მერიასთან კარავი გაშალეს

"პარტიზანმა მებაღეებმა" თბილისის მერიის შენობასთან კარავი გაშალეს. ადგილზე "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენელი ნატა ფერაძე და სხვა აქტივისტები იმყოფებიან. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც არიან, რომლებსაც მათთვის კარვის დადგმაში ხელი არ შეუშლიათ.

ნატა ფერაძე და სხვა "პარტიზანი მებაღეები" მერიასთან თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ მივიდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მერიასთან კარვის გაშლის უფლება მიეცათ. საქალაქო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მიმართა.

თბილისის მერიაში დაგეგმილ შეხვედრაში "პატიზანული მებაღეობის", "საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობენ.

როგორც თბილისის მერიასთან ჟურნალისტებს "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ განუცხადა, მათი მოთხოვნა იყო, შეხვედრაზე მათი ორგანიზაციის 5 წარმომადგენელი დაეშვათ. მისივე თქმით, ეს პირები სხვადასხვა პროფესიის არიან და შეხვედრაზე 5 სხვადასხვა მიმართულებაზე უნდა ესაუბრათ. კერძოდ, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციაზე, გამწვანების საკითხებზე და სხვ.

ფერაძის განმარტებით, ვინაიდან მათი ორგანიზაციის 5 წარმომადგენელზე საშვი არ დაუშვეს, შესაბამისად, ისინი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. "ისინი ისაუბრებენ გლობალურ დათბობასა და ყინულის დნობაზე, თუმცა თბილისისთვის ახლა სულ სხვა პრობლემებია. ისინი არაფრის მაქნისები არიან", - განაცხადა ფერაძემ, რის შემდეგაც თბილისის მერიის შენობა დატოვა და მერიის შენობის წინ ახლად გაშლილ კარავში დაბრუნდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენლის, ერეკლე ურუშაძის თქმით კი, მათი ორგანიზაცია არ დაესწრება დღევანდელ შეხვედრას, რადგან "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები არ დაუშვეს. როგორც "პარტიზანული მებაღეობა" აცხადებს, მერიაში შესაშვები საშვი არც ერთ მათგანზე, მათ შორის არც ნატა ფერაძეზეა დაშვებული.

მერიაში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შეხვედრა უკვე მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებიან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, სფეროს ექსპერტები და მეცნიერები, საკრებულოს წევრები, თბილისის მერი და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი