23 წლის გოგონას ბიზნესი - თბილისური სალონი, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ემსახურება

23 წლის გოგონას ბიზნესი - თბილისური სალონი, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ემსახურება

23 წლის თეკლა ვეკუა უკვე წელიწადნახევარია საკუთარ ბიზნესს უძღვება. კარგი იდეა, სწორად დასახული მიზანი და ბევრი შრომა - ეს ყველაფერი წარმატების მისაღწევად, ალბათ, ნამდვილად საკმარისია. თეკლას ჩანაფიქრი, შეექმნა პირველი "ბარბერ შოპი" თბილისში, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს მოემსახურებოდა, რეალობად 2015 წლის დეკემბერში იქცა.

თეკლა ამბობს, რომ "ბარბერ შოპის" კონცეფცია სილამაზის სალონის ძირითად იდეას სცდება და ის უფრო მამაკაცების თავშეყრის ადგილი, გართობისა და დროის გატარების შესაძლებლობაა. აქ ყველაფერი მომხმარებელთა კომფორტისთვისაა შექმნილი. ახალ ვარცხნილობებთან და წვერის მოვლასთან ერთად მამაკაცებს სასიამოვნო გარემოსაც სთავაზობენ.

"თბილისში მანამდე არ არსებობდა მსგავსი თავშეყრის ადგილი და ასევე სიახლე იყო სალონური მომსახურება მხოლოდ მამაკაცებისთვის. ჩვენ შემოგვაქვს და ვნერგავთ ახალ, ტრენდულ სტილს, მსოფლიოში მიღებულს და ვცდილობთ, ეს ყველაფერი მოვარგოთ ქართულ რეალობას. მომხმარებელს ვთავაზობთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ეხება თმისა და მამაკაცის სახის მოვლას. იქნება ეს წვერის ფორმის თუ თმის ვარცხნილობის შერჩევა. ახალი ვარცხნილობები ასე თუ ისე შემოდის თბილისში, მაგრამ პროფესიონალურად იშვიათად თუ ჭრის ვინმე. "ბარბერ შოპში" მამაკაცების იმიჯზე ხუთი საუკეთესო სტილისტი ზრუნავს,"- ამბობს თეკლა ვეკუა.

"ბარბერ შოპის" ინტერიერი, დიზაინი, კონცეფცია, მთლიანად ახალგაზრდა ბიზნესმენის იდეით შეიქმნა და განხორციელდა. როგორც თეკლა ამბობს, მომხმარებელი პირველივე დღიდან აქტიურობდა და ინტერესი თავიდანვე დიდი იყო. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, ტენდენცია მზარდია და ყოველთვიურად სალონის მომსახურებით კიდევ უფრო ბევრი ადამიანი სარგებლობს.

სანამ იდეას სისრულეში მოიყვანდა, თეკლამ მთელი წელი ბაზრის კვლევას, სტილისტების შერჩევასა და პროდუქციის მოძიებას დაუთმო. სამართებლის სპეციალისტი ბაქოდან მოიწვია, რადგან აღმოაჩინა, რომ საქართველოში ეს საკმაოდ ძველი ხელობა ნაკლებადაა შესწავლილი.

"ბარბერ შოპის" დამფუძნებელი შეეცადა, რომ ფასები ყველა კატეგორიის, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და მისაღები ყოფილიყო. სალონში წვერის მოვლის ღირებულება 5 ლარიდან, ხოლო ვარცხნილობები 12 ლარიდან იწყება. "ბარბერ შოპს" ბევრი ცნობილი სახე სტუმრობს. მათ შორის არიან მორაგბეები, მსახიობები, ტელეწამყვანები და სხვა. მათ შორის მიშა მესხი, ოთო ლომთაძე, გიორგი ქორქია და სხვები.

იმისთვის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიიღოს ინფორმაცია თბილისში მსგავსი მომსახურების არსებობის შესახებ, "ბარბერ შოპის" სტილისტები მონაწილეობას მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალებში იღებენ. Open Air-სა და Gem Fest-ზე სალონური მომსახურება არაერთმა მომხმარებელმა მიიღო.

თეკლა ვეკუა ცოტა ხნის წინ ახალბედა ბიზნესმენების კონკურსში ჩაერთო. ამბობს, რომ "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტი ბიზნეს დაჯილდოება დამწყები ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია. ფიქრობს, რომ წარმატება გადამდებია, ამიტომ საკუთარი ბიზნეს-ისტორიით სხვებისთვის მოტივაციის შექმნა სურს. თეკლასთვის მთავარი ამ მასშტაბის კონკურსში მონაწილეობის მიღებაა. თუმცა, გამარჯვების სურვილი, კონკურსანტების მსგავსად, მასაც აქვს.

"ბიზნეს დაჯილდოების შესახებ სოციალური ქსელით გავიგე. ძალიან გამიხარდა, ახალგაზრდა დამწყები ბიზნესისთვის ასეთი კარგი შანსი იშვიათია. ამხელა კომპანიები მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ცდილობენ. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს გავეცნოთ, როგორც ჩამოყალიბებული ბიზნესი, რომელიც მზარდია და რომელსაც აქვს პრეტენზია ასეთი დონის დაჯილდოებაში იღებდეს მონაწილეობას," - ამბობს ახალგაზრდა ბიზნესმენი.

თეკლა ვეკუა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლის კურსდამთავრებულია. ამ ეტაპზე კი ბიზნესის კეთების პარალელურად, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის მუზეუმის პროექტზე მუშაობს. სწავლასთან ერთად პირველივე კურსიდან მუშაობდა, პროექტებშიც იყო ჩართული, თუმცა "ბარბერ შოპი" მისი პირველი ბიზნესწამოწყებაა, რომელიც უკვე ამართლებს ახალგაზრდა ბიზნესმენის იმედებს.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი