"17 ტყვია მომხვდა, მათ შორის სნაიპერის ტყვია" - ომის სასტიკი განაჩენი

"17 ტყვია მომხვდა, მათ შორის სნაიპერის ტყვია" - ომის სასტიკი განაჩენი

ფოტო ძველია, რამდენგანმე შელახულიც, მასზე აღბეჭდილი პატარა ბიჭი ცხოვრების ასპარეზზე გასვლას ის ის იყო აპირებდა, წინ ბევრი გეგმა და იმედი იყო, მაგრამ...

დღეს უკვე აღარც ახსოვს, რამდენი ოპერაციის გაკეთება მოუწია აფხაზეთის ომის შემდეგ, - ოცამდე ან მეტი და ყველა ოპერაციისთვის, დედამისს სახელმწიფოს ერთი უწყებიდან მეორეში დაუსრულებლად უწევდა სიარული, რათა დაფინანსება მიეღო. ასეთია ომის განაჩენი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაჭრილ ლევან ბლუიშვილს ცხოვრებამ გამოუტანა. მას მოწინააღმდეგის 17 ტყვია მოხვდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ომის ვეტერანი აფხაზეთში 19 წლისა წავიდა და ერთ-ერთი შეტაკების დროს, სასიკვდილოდ დაიჭრა. მკვდარი ეგონათ და გაგრის მორგში გადაიყვანეს, თანამებრძოლებმა სწორედ მორგში მიაგნეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. მას შემდეგ, რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, ზოგი - საქართველოში, ზოგიც - საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთში. კიდევ ერთი სჭირდება, რომელიც ანკარის სამხედრო კლინიკა "გათაში" უნდა გაუკეთონ, ხარჯებს მთლიანად თურქული კლინიკა ფარავს, მაგრამ დაჭრილი მეომრის დედას, იმ საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის უწევს ბრძოლა, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს...

მარცხენა ხელი ამპუტირებული აქვს, თავისუფლად ვერც მარჯვენას ამოძრავებს, პერიოდულად ოპერაცია სჭირდება, რათა თითების ამოძრავება შეძლოს. თურქეთში სექტემბერში ელოდებიან, მაგრამ საქართველოში ტრადიციას არ ღალატობენ და ლევანის დედა უკვე მერამდენე თვეა კაბინეტიდან კაბინეტში დადის და იქიდან მხოლოდ ცარიელი დაპირებებით გამოდის.

დაზიანებული წვივების მიუხედავად, კოჭლობით, მაგრამ მაინც დამოუკიდებლად გადაადგილდება, მაგრამ თავმოყვარეობა არ აძლევს უფლებას საკუთარ პრობლემებზე ვინმეს დეტალურად მოუყვეს. თუმცა დედა არ ისვენებს - "მე ყოველთვის არ ვეყოლები ჩემს შვილს, ამიტომ ვიდრე ცოცხალი ვარ, მინდა, ის ერთი ხელი მაინც შეუნარჩუნდეს, რომ სამარეში არ ჩამყვეს იმის დარდი, რომ საკუთარი ხელით პურსაც ვერ დაიჭრის..." - გვითხრა ქალბატონმა ზაირა ბლუიშვილმა.

ლევან ბლუიშვილი:

- 19 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო. ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, წავსულიყავით და ქვეყნის დაცვაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. მაშინ სულ სხვანაირად განვიცდიდით სამშობლოს, ქვეყნის სიყვარულით ალალად, ყველანაირი ქვენა გრძნობის გარეშე ვიყავით განმსჭვალულნი და მიგვაჩნდა, რომ ვისაც მკლავში ძალა ჰქონდა, უნდა წასულიყო, მერე ერთმანეთისთვის თვალებში თამამად რომ შეგვეხედა.

ასე ბევრი წავიდა აფხაზეთში, მაგრამ ომის სისასტიკემ რეალობა სხვაგვარად დაგვანახვა. ომში, "შავნაბადას" ბატალიონის შემადგენლობაში წავედი... მახსოვს, გამთენიისას გემით განთიადში უნდა შევსულიყავით. 3 საათი ვცდილობდით შესვლას. იქ აფხაზური მხარის დიდი ძალები დაგვხვდნენ. გაგვიჭირდა, მაგრამ გაგრის ბატალიონი და "ლესელიძის საძმო" (თუ არ ვცდები, ასე ერქვა ლესელიძელების ერთ-ერთ შენაერთს) შემოგვეშველა, თან აფხაზებს ჩვენზე უარესი შეიარაღება ჰქონდათ. ომის დაწყებიდან პირველ დღეებში იარაღისა და ტყვიის ნაკლებობა არ გვიგრძნია, მაგრამ შემდეგ, როცა ბრძოლები აქტიურ ფაზაში შევიდა, პრობლემებიც დაიწყო. როცა ინტენსიური შეტაკებები იწყებოდა,

მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად, ტყვია-წამალი არ გვყოფნიდა...

სტრატეგიული ადგილების დათმობა ყველაზე დიდი უბედურება იყო. ერთხელ მახსოვს, იყო შემთხვევა, როცა კოლხიდაში სტრატეგიული სიმაღლე ავიღეთ, რამდენიმესაათიანი უმძიმესი, ორმხრივი სროლების შემდეგ პოზიცია დავიკავეთ ისე, რომ ერთი კაცი არ დაგვიკარგავს, თუმცა რამდენჯერმე უკან დახევამ მოგვიწია, ამ დროს კი მსხვერპლი ყოველთვის დიდია... უჭმელობა, უძილობა და ფსიქოლოგიური სტრესი თავისას შვრებოდა, მაგრამ სულიერად მაინც არ დავცემულვართ. ყოველდღე ვაწყდებოდით ხელმძღვანელთა შეცდომებსა და გაუაზრებელ ნაბიჯებს, რომლებსაც ჩვენი თანამებრძოლების სიცოცხლე ეწირებოდა.

გაგრძელება

დუშეთში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა, მამამისი მერიის თანამშრომელია - რას ამბობს ადგილობრივი მერი

რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა

"ქობულეთის „წითელ ზონად“ გამოცხადების საშიშროება არ არის, ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება" - ამირან გამყრელიძე უახლესი ცნობებით