ვალუტის კურსი
09/09/2010
USD
1
USD
1.8510
EUR
1
EUR
2.3524
RUB
100
RUB
5.9928
რომელ რადიოს უსმენთ ყველაზე ხშირად?
მშობლებისა და შვილების...
 
რისი ბრალია სისხლში...
 
ფესვობრივი სინდრომი (ფს) ნევროლოგიური სინდრომია, იგი იმ...
 
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
09:18 / 07-03-2010
დათო მაღრაძის ბედისწერა და პაემანი წიგნთან
Ambebi.Ge"პოეზია ჩემი ბედისწერაა, სათქმელის გამოხატვის ფორმა, მიყვარს ის, რაზეც ვწერ და არა ის, რასაც ვწერ", - ამბობს პოეტი დათო მაღრაძე. კითხულობს პროზას, პოეზიას, ინტერვიუებს... მსოფლიო მწერლობის მწერვალად "ალუდა ქეთელაურს" მიიჩნევს. როგორც აღნიშნავს, "ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის, ბესიკის, აკაკი წერეთლის, ოთარ ჭილაძის, გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებები თავისთან ხშირად იხმობენ და ეძახიან". მათ წიგნებთან პაემანზე ხშირად მიდის და ისიც იცის, ბევრი ისეთი ნაწარმოები არსებობს, რომელთა წაკითხვის ბედნიერებაც წინ აქვს.


- ცხოვრებაში ყველას ჩვენ-ჩვენი მოვალეობა გვაკისრია. ხშირად ნაცრისფერი ერთფეროვნება ემოციებს "ჭამს", ასეთ დროს წიგნები გვეხმარება იმაში, რომ ამ "ნაცრისფერ სამყაროს" თავი დავაღწიოთ და მთავარზე ვიფიქროთ, რისთვისაც ღმერთმა გაგვაჩინა. წიგნს საოცარი განცდები მოაქვს. მახსოვს, როცა სტენდალის "წითელი და შავი" წავიკითხე, დიდხანს შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. პერსონაჟების ცხოვრებით ვცხოვრობდი, მათსავით მიყვარდა, მიხაროდა... დიდ ნაწარმოებებს ეპოქის სურნელი სდევს, მრავალფეროვანი ურთიერთობების წიაღიდან იქმნება. პრიმიტიულ გარემოში "ვეფხისტყაოსანი" ვერ შეიქმნებოდა, ის დიდი ქვეყნის პირმშოა.

- წიგნთან პაემანი ახსენეთ, თქვენ ფურცელთანაც ხშირად გაქვთ პაემანი...
- რა თქმა უნდა, გონებაში სათქმელი მანამდე მწიფდება, სანამ საწერ მაგიდასთან მიხვალ. ყოველთვის ვიცი, რა უნდა დავწერო, ისე, კალამს ხელში არ ვიღებ. არ ვიცი, ამას რამე მნიშვნელობა აქვს თუ არა, მაგრამ დღემდე მელნიანი კალმით ვწერ, ეს აქსესუარი ძალიან მიყვარს.

- საკუთარი თავი რომელიმე პერსონაჟისთვის თუ მიგიმსგავსებიათ?

- ამ კითხვაზე გულწრფელი პასუხი რომ გაგცეთ, ტრაბახი გამომივა...

- მაშინ მითხარით, რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდით?

- ალუდა ქეთელაურთან და დონ კიხოტთან. რა თქმა უნდა, ჩემთან მეგობრობის სურვილი თავადაც თუ ექნებოდათ.

- თქვენ საზოგადოებრივ საქმიანობაში ყოველთვის აქტიურად ხართ ჩართული. სანამ კითხვარზე გადავიდოდეთ, მინდა, ბოლო დროს ოპოზიციაში მომხდარ გადაჯგუფებაზეც გკითხოთ. როგორია თქვენი შეფასება?

- ბოლო დროს ქართული პოლიტიკური კულტურა უფრო მაღალ ხარისხში ავიდა. იმედი გამიჩნდა, რომ საერთო კანდიდატის გამოვლენაც მოხერხდება. მოხარული ვიქნები, თუ ეს კანდიდატი ირაკლი ალასანია იქნება. ამ ადამიანს პოლიტიკური პასუხისმგებლობა კარგად აქვს გააზრებული, მისი განცხადებების უკან მტკიცე ადამიანი ჩანს. მისი აზოვნება, ფრაზეოლოგია, პრობლემების ნიუანსებში წვდომა ჩემს ცნობიერებაში ხვალინდელი დღის პერსპექტივასთან ასოცირდება.

- ბატონო დათო, "გზის" წინა ნომერში ამ რუბრიკის სტუმარი გადაცემა "ყველაზე ჭკვიანის" ფინალისტი დემეტრე ხოფერია გახლდათ. მან თქვენ შემდეგი კითხვა დაგიტოვათ: დაასახელეთ კოლუმბიის დედაქალაქი.
- ბოგოტა. სწორად მახსოვს?

- დიახ. მითხარით, აკაკი წერეთლის შემოქმედებას ხშირად ვუბრუნდებიო, მასზე ერთ ცნობილ ამბავს გავიხსენებ: ერთხელ მწერალს თბილისიდან საჩხერეში მგზავრობის დროს, ერთ-ერთ მკვეთრ მოსახვევში, მატარებლის ფანჯრიდან ჩემოდანი გადავარდნია. გარს შემოხვეული მგზავრებისთვის უთქვამს: მასში დაუსრულებული ნაწარმოები მედო, რომელშიც ბედკრული საქართველოს ამბავს აღვწერდი, მინდოდა, სოფელში წყნარად დამესრულებინაო. მგზავრებს მატარებელი გაუჩერებიათ, ჩასულან და ძებნა დაუწყიათ. მალე ჩემოდანი საყვარელი მგოსნისთვის დაუბრუნებიათ. რომელი ნაწარმოების ხელნაწერი გადაურჩა დაკარგვას?
- ვფიქრობ, რომ "თორნიკე ერისთავის" ხელნაწერი იქნებოდა.

- ცდებით.
- მაშინ "ბაში-აჩუკის".

- დიახ. ვინ დაწერა მუსიკა ფილმისთვის "ვერის უბნის მელოდიები"?
- გოგი ცაბაძემ.

- რომელი ქართველი მწერლის ნაწარმოებები უდევს საფუძვლად თენგიზ აბულაძის ცნობილ მხატვრულ ფილმს "ვედრება"?

- "სტუმარ-მასპინძელი" და "გველისმჭამელი" უდევს საფუძვლად. ესე იგი, სწორი პასუხი ვიცი (იცინის).

- ვინ არის დავით აღმაშენებლის ეპიტაფიის ავტორი?
- არსენ იყალთოელი.

- ვიცით, რომ დავით აღმაშენებელმა საქართველოს სამეფოს საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე გააფართოვა. სად მდებარეობს ამჟამად დასახელებული გეოგრაფიული პუნქტები?
- როგორც ვიცი, ნიკოფსია - ეს არის ადგილი თანამედროვე სოჭსა და ტუაფსეს შორის. დარუბანდში იგულისხმება კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ძველი ქალაქი  (თანამედროვე ქალაქ დერბეტის ტერიტორიაზე). ოვსეთი - დღევანდელი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაა. ხოლო არეგაწი (იგივე არაგაწი) მწვერვალი სომხეთის ტერიტორიაზე.

- სად მდებარეობდა დაბა ცურტავი, სადაც ხდება იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამების" მოქმედება?

- ახლანდელი მარნეულის ტერიტორიაზე.

- დიახ. სოფლების - ყაჩაღანისა და კუშჩის ახლოს. "არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად საქართველოს შესახებ ამბობენ". რომელ ისტორიკოსს ეკუთვნის ეს სიტყვები?
- კასტელს?

- სტრაბონს ეკუთვნის.
- კასტელის სიტყვები მახსენდება, მას საქართველოში ყოფნის პერიოდში უწერია: ამ 20 წლის მანძილზე საქართველო ჩემი შეყვარეული იყოო.

- "მიხა", "არდადეგები", "ბებერი მეზურნეები", "დიდი მწვანე ველი", "ნუცას სკოლა", - რა აქვს საერთო ამ ფილმებს?

- ისინი ერთი რეჟისორის - მერაბ კოკოჩაშვილის გადაღებულია.

- რამდენი შვილი ჰყავდა ილია ჭავჭავაძეს?
- ეჰ, ნეტავ, ჰყოლოდა და...

- რომელ ქვეყანაში მდებარეობს ევროპის გეოგრაფიული ცენტრი?
- არ ვიცი.

- უკრაინაში. აზიის ბევრ სასტუმროში მასაჟისტებად ხშირად ბრმები აჰყავთ. რატომ?
- არ ვიცი (იცინის), ბრმა მასაჟისტებთან ურთიერთობის გამოცდილება არა მაქვს.

- ბრმები იმიტომ აჰყავთ, რომ კლიენტთა მორცხვობა გამოირიცხოს. 1992 წელს ურუგვაიში აიკრძალა ის, რაც ამ ქვეყანაში სხვებთან შედარებით დიდხანს შემორჩა, არადა იყო დრო, როცა ის ღირსების საქმედ მიიჩნეოდა. რაზეა ლაპარაკი?
- (ფიქრობს). ღირსების საქმედ დუელი მიიჩნეოდა. სწორი პასუხიც ალბათ ეს არის.

- ნამდვილად ასეა. "თქვენ ალბათ ფიქრობთ,/ კარგ ლექსს უკვე აღარავინ სწერს/ და რომ წუხილის ნავსადგურში ეშვება ღუზა./ მე ასე ვფიქრობ, ლექსის კითხვის ჟამს/ მკითხველსაც უნდა სწყალობდეს მუზა". - ვინ არის ამ ლექსის ავტორი?
- თუ შეიძლება გამიმეორეთ (გამეორების შემდეგ), ავტორი არ ვიცი, მაგრამ  ლექსი ძალიან მომეწონა.

- ავტორი მორის ფოცხიშვილი გახლავთ... რომელი სამი ქალაქია დედამიწის ზურგზე დღეს არსებულთაგან უძველეს დედაქალაქებად მიჩნეული?
- ერთი იქნება რომი, მეორე - ათენი და მესამე (ფიქრობს) დელი უნდა იყოს.

- ვინ მიიჩნევა ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლად?

- ვა! გვარს ვეღარ ვიხსენებ, ამ კითხვაზე მოგვიანებით გიპასუხებთ. აზარტში შევედი...

- კარგი. ამ კითხვას კვლავ გაგიმეორებთ. ახლა კი მიპასუხეთ, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, რა ერქვა აპოლონის, დიონისესა და მუზების სამყოფელს?
- პარნასი.

- ვინ შეასრულა ილიკოს როლი ფილმში - "მე, ბებია ილიკო და ილარიონი?"

- სანდრო ჟორჟოლიანმა.

- თეთრად აღინიშნებიან ისინი, რომელთა მდგომარეობაც დამაფიქრებელია, მწვანედ - რომელთა რაოდენობაც აღდგენილია. ისინი კი, რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან - წითლად. რაზეა ლაპარაკი?
- ვფიქრობ, "წითელ წიგნში" შეტანილ მცენარეებზე, არა?

- გამოიცანი. "ნუ იქნები მეტისმეტად გულახდილი, რადგან მეტი გულახდილობა სიტიტვლეს ჰგავს, სირცხვილია". რომელი ცნობილი პოეტი ამბობდა ამ სიტყვებს?

- ვერ ვიხსენებ.

- გალაკტიონი. ეთანხმებით?
- გალაკტიონს რომ არ ვედაო, საკამათოდ აქ ცოტა ადამიანის მონახვა შეიძლება?!

- რომელ ბრძოლაში დაიღუპა 9 ძმა ხერხეულიძე?
- მარაბდის ბრძოლაში.

- ფიროსმანის სიცოცხლეში მოეწყო თუ არა მისი ნახატების გამოფენა?
- მოეწყო, ოღონდ ეს საქართველოში არ მომხდარა.

- სად მოხდა?

- მოსკოვში.

- რომელ ფილმში განასახიერა იპოლიტე ხვიჩიამ თავისი მოსახელე გმირი?
- "მხიარულ რომანში".

- რომელ ქვეყანაში დაარსდა პირველი დისნეი-ლენდი?
- აშშ-ში.

- 1895 წელი კინემატოგრაფის დაბადების წელია, რომელ ქალაქში შედგა პირველი კინოსეანსი?
- ესეც შტატებში ხომ არ მოხდა?

- ცდებით. პირველი კინოსეანსი პარიზში შედგა დაპყრობილ ტერიტორიებზე რომელი მხედართმთავარი აარსებდა თავის მოსახელე ქალაქებს?

- ალექსანდრე მაკედონელი.

- ვისზე დაიწერა სტოუნის ბიოგრაფიული რომანი "წყურვილი სიცოცხლისა"?
- (ფიქრობს)

- მიგანიშნებთ, ერთ-ერთ მხატვარზე, ხშირად მის ნამუშევრებს სხვებისგან მკვეთრი ყვითელი ფერითაც გამოარჩევენ.
- ვან გოგის ცხოვრებაზე.

- რომელ ქალაქში დაიბადა ვერიკო ანჯაფარიძე?
- თბილისში არ დაბადებულა, ვიცოდი და უნდა გავიხსენო. (პაუზის შემდეგ) ქუთაისში.

- რა ერქვა ვახტანგ გორგასლის ვაჟს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ქართლში 502-515 წლებში მეფობდა?
- დაჩი.

- "ჩვენში ყველაფერს გაპატიებენ, ამას კი არასდროს" - რის შესახებ ამბობდა ამას შალვა ნუცუბიძე?
- ნიჭის შესახებ.

- რომელ ძვირფას ქვას აგდებდნენ ღვინოში ძველი ბერძნები თრობის თავიდან ასაცილებლად?

- ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ იმ ძვირფასი ქვის სახელს ვეღარ ვიხსენებ. სავარაუდო პასუხებს ვერ დამისახელებთ?

- ზურმუხტს, მარგალიტს, ამეთვისტოს თუ მალაქიტს?
- მგონი, ამეთვისტოს აგდებდნენ, არა?

- გამოიცანით. ეს ორი ქართველი მწერალი ერთსა და იმავე წელს გარდაიცვალა. დაასახელეთ ისინი.
- წელს ვერ მეტყვით?

- 1915 წელი იყო.
- ვაჟა-ფშაველა და აკაკი წერეთელი.

- რა ჰქვია ნავს, რომლითაც ვენეციის არხებში დაცურავენ?
- გონდოლა.

- სანამ ბოლო კითხვას დაგისვამდეთ, მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა დაგრჩათ.
- არ დამვიწყნია, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლად (პაუზის შემდეგ) მელიტონ ბალანჩივაძე ხომ არ მიიჩნევა?

- პასუხი ჩაგეთვალათ.

თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
12:46 / 09-09-2010  Image ვლადიკავკაზის ბაზარში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა
ვლადიკავკაზის ცენტრში, აგრარულ ბაზარში აფეთქება მოხდა. რუსეთის ფედერაციის პროკურატურის ინფორმაციით, 12 ადამიანია დაღუპული, დაშავებული კი "ძალიან ბევრია"
15:53 / 09-09-2010  Image ლარი კინგს პერს მორგანი შეცვლის
ტელეარხ CNN-ზე ცნობილ ტელეწამყვან ლარი კინგს საინფორმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორი პერს მორგანი შეცვლის
10:56 / 09-09-2010  Image ბრიტნი სპირსის ყოფილი მცველი ვარსკვლავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
ფლორესი ამტკიცებს, რომ 28 წლის სპირსი მას სექსუალურ თამაშებში ჩართვას აიძულებდა
13:30 / 09-09-2010  Image ბობ მარლის ქალიშვილს სახლში მარიხუანა მოჰყავდა
მარლიმ განაცხადა, რომ მამისგან მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გაანიავა და იძულებული გახდა, ფული მარიხუანის გაყიდვით ეშოვნა