"ბუკას ხასიათმა გადაგვატანინა ეს ტრაგედია..." - რა ურთიერთობა აქვთ ეკა მიშველაძის შვილებს და ყოფილ ქმარს ბუკა პეტრიაშვილთან

"ბუკას ხასიათმა გადაგვატანინა ეს ტრაგედია..." - რა ურთიერთობა აქვთ ეკა მიშველაძის შვილებს და ყოფილ ქმარს ბუკა პეტრიაშვილთან

23 წლის მაკო კვიტაიშვილი საზოგადოებამ კონკურსებიდან გაიცნო - ჯერ იყო "ჯეოსტარი", შემდეგ "ახალი ხმა". ის თავისი ორიგინალური ჩაცმულობითა და განსხვავებული სტილით აშკარად გამოირჩეოდა. დიდი ხანია, მაკო არსად გამოჩენილა. ახალგაზრდა მომღერალი ჯგუფთან ერთად კლუბებში მღერის, ასევე დაინტერესდა დიზაინით და მალე ფეხსაცმელების ბრენდის გაკეთებას გეგმავს. მაკო ჟურნალისტის და ამჟამად პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის ქალიშვილია. რა ურთიერთობა აქვს მას დედის ქმართან, ბუკა პეტრიაშვილთან, ამას "თბილისელებისთვის" მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როცა ეკა მიშველაძემ და ბუკა პეტრიაშვილმა გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება, ამის შესახებ შენ იცოდი?

- კი, როგორ არა. სხვათა შორის, ბუკას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ტელევიზიით რომ ვხედავდი და მის შესახებ მიყვებოდნენ, სიმპათიები მქონდა. რომ გავიგე, ჩვენი ოჯახის წევრი ხდებოდა, ძალიან გამიხარდა. დედას და ბუკას ძალიან უყვართ ერთმანეთი. ბუკამ ჩვენს ოჯახში სიხალისე შემოიტანა. სასწაული ადამიანია, ეკას და ბუკას ურთიერთობას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ასეთი სიყვარული მეც მინდა-მეთქი (იცინის).

ხშირად დედასთვის არ მითქვამს და ბუკასთვის გამინდია საიდუმლო. მართვის მოწმობა ავიღე და ეკას გამოვართვი მანქანა. მოკლედ, ეკამ დამირეკა, ბუკაა სახლში და მას დაუტოვე გასაღებიო. მივიყვანე მანქანა სახლში, დავაყენე და უკან რომ დავბრუნდი, გამახსენდა "რუჩნოი" ჩაწეული დამრჩა. ვიფიქრე, ეკა მომკლავს-მეთქი და სასწრაფოდ დავურეკე ბუკას. გაეცინა, რა პრობლემაა, რა მოხდა, მეც კი დამრჩენია "რუჩნოი" ჩაწეული, არ ინერვიულო, ახლავე ჩავალ და ამოვწევო. ბუკა ჩემი მეგობარია და ვამბობ ხოლმე, ეს ადამიანი რომ არ იყო ამდენ ხანს ჩვენ ოჯახში, ნეტავ როგორ ვცხოვრობდით-მეთქი (იცინის)... მიხარია, რომ მამაჩემსა და ეკას ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ, მამას ბუკასთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.

...გამიმართლა, რომ მაგარი ოჯახი მაქვს, ამას ადრე ვერ ვგრძნობდი. ბუკა რომ დაჭრეს, ეკამ პირველად მე დამირეკა და წარმოიდგინეთ, მე მივასწარი დედას საავადმყოფოში. დედა ასეთი უბედური არ მინახავს. ბუკას დაჭრის დროს ვიგრძენი, რა შიშია, როცა ოჯახის წევრს საფრთხე ემუქრება და უჭირს. ბუკას ხასიათმა გადაგვატანინა ეს ტრაგედია. ის გვამხნევებდა.

ნონა დათეშიძე

ჟურნალი "თბილისელები"